ფეხბურთი

22:02 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ძალამიძე: “ვარშავაში ფრე კარგი შედეგი იქნება”

ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევი ნახევარმცველის ნიკა ძალამიძის აზრით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა სათამაშო სტილი შეიცვალა და თბილისური მატჩისგან განსხვავებით, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში ვარშავაში 0:4 არ წააგებს.

“საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჩვენი გუნდის სტილი შეცვალა. მას სურს, რომ გუნდმა უფრო თამამად შეუტიოს, ვიდრე ადრე. შარშან ნოემბერში საქართველომ თბილისში პოლონეთთან 0:4 წააგო, მაგრამ ახლა არა მგონი, რომ ასეთი ცუდი შედეგი აჩვენოს”, - განაცხადა ძალამიძემ ინტერნეტპორტალ sport.interia.pl-სთან.

“მალტასთან ვითამაშე, ხოლო გერმანიასთან მატჩში სათადარიგო ვიყავი. ამჯერად, ნაკრებში რატომ არ მიმიწვიეს ვერ გეტყვით. პოლონეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბიალისტოკში დავრჩი და სამშობლოში არ ჩავსულვარ, რადგან მომავალ კვირაში ახალი სეზონისთვის მზადებას ვიწყებთ. სამწუხაროდ, ნაკრებში არ დამიძახეს, მაგრამ იმედია, ეს მალე შეიცვლება, რადგან საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში მსურს”,- თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.

“ცხადაძემ, რომელმაც ქეცბაია შეცვალა, ეროვნულ ნაკრებში თავისი იდეები მოიტანა. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჯგუფიდან ჩვენი გასვლის შანსი ილუზორულია, ამიტომ თამამად შეიძლება ახალი გუნდის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. პოლონეთთან საქართველოს ნაკრებმა ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე უნდა ითამაშოს და შესაძლოა, მეტოქე უხერხულ მდგომარეობაშიც ჩააგდოს. ვარშავაში ფრე კარგი შედეგი იქნება”, - აღნიშნა “იაგიელონიას” ერთ-ერთმა ლიდერმა.

ძალამიძის აზრით, პოლონეთთან მატჩმა საქართველოს ნაკრების მიმართ გულშემატკივრების ნდობის დაბრუნებას ხელი უნდა შეუწყოს:

“მესმის, რომ ჩვენი თაობა უფრო სუსტია, ვიდრე კახა კალაძის, ძმები შოთა და არჩილ არველაძეების ან ქეცბაიასი. ამ თაობებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელ ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში ნიჭიერი ფეხბურთელები საკმაოდაა, რომლებიც რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში სტაბილურად თამაშობენ. ფეხბურთი საქართველოში ნომერ პირველი სპორტია და გულშემატკივრები არა მხოლოდ წაგებას, არამედ, კარგ შედეგებს ელიან”.

“პოლონეთთან საქართველოს ნაკრებს ყვითელი ბარათების გამო ჯაბა კანკავა დააკლდება, რომელმაც ცოტა ხნის წინ “დნიპროს” რიგებში ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი შაბათის შეხვედრისთვის ოპტიმალურ შემადგენლობას მოძებნის”.

ძალამიძემ პოლონეთის ნაკრებში თავისი თანაგუნდელების მცველ მიხალ პაზდანისა და თავდამსხმელ პატრიკ ტუჩინსკის მიწვევაზეც ისაუბრა:

“ალბათ, მიხალმა კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და როგორც ჩემთვის ცნობილია, კამილ გლიკის არყოფნაში ნაკრებში თამაშის შანსი აქვს. თავის მხრივ, პატრიკიც ნაკრებში მიწვევას იმსახურებს, მაგრამ პოლონეთს შეტევაში რობერტ ლევანდოვსკი და არკადიუშ მილიკი ჰყავს. შესაძლოა, ტუჩინსკის დებიუტის შანსი მეორე ტაიმში ან რამდენიმე დღეში საბერძნეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდეს”.

ძალამიძეს “იაგიელონიასთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს. ის ბიალისტოკში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ თამაში წამყვან ევროპულ კლუბებში სურს:

“იაგიელონიაში” თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ წამყვან ევროპულ ლიგებში თამაშზე ვოცნებობ, ისეთზე როგორიც ინგლისი ან გერმანიაა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115339