ფეხბურთი

14:32 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

უჩა სოსიაშვილი: “ახალწვეულები მთელი სეზონი დაგვეხმარებიან”

საფეხბურთო კლუბმა გორის “დილამ” ახალი სეზონისთვის მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველები ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, დავით კვირკველია, ფორვარდები გიორგი ილურიძე და ისლამ მაშუკოვი დაიმატა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა განუცხადა.

უჩა სოსიაშვილი: “კვირკველია, მარცვალაძე, ილურიძე და მაშუკოვი გუნდთან ერთად ვარჯიშს 11 ივნისს შეუდგებიან. რევიშვილი, ნავალოვსკი და ამისულაშვილი ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ შემოგვიერთდებიან”.

- ჩამოთვლილ ფეხბურთელებს ევროთასებისთვის იმატებთ თუ მთელი მომავალი სეზონის განმავლობაში დაგეხმარებიან?

- ისინი მომავალი სეზონის განმავლობაში ჩვენთან იქნებიან.

- გაძლიერებას კიდევ თუ აპირებთ?

- 2 ფეხბურთელის დამატება გვსურს. ამ ეტაპზე გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შემტევები არიან.

- “დილადან” ვინ წავიდა?

- სლავკო მარიჩი წავიდა. უახლოეს ორ-სამ დღეში გაირკვევა გუნდიდან კიდევ ვინ წავა. ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ, კონკურენცია გაიზარდა და ზოგიერთის მოთამაშის დონემ შესაძლოა აღარ დაგვაკმაყოფილოს.

- სამწვრთნელო შტაბში ცვლილება ხომ არ იგეგმება?

- ერთი ასისტენტი დამატების სურვილი მაქვს. თუმცა, ამჟამად, ის სხვა კლუბში მუშაობს და სიტუაციას ეს ართულებს. დღესდღეობით, კვლავ მილოვან მატიასევიჩი, ვახტანგ აკოფიანი, გიორგი ბალაშვილი და მეკარეების მწვრთნელი რამაზ სოღოლაშვილი მეხმარებიან.

- გორში როდემდე დარჩებით და უცხოეთში შეკრებას თუ გეგმავთ?

- გორში 24 ივნისამდე ვივარჯიშებთ და ერთ ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ. ჯერ მეტოქე უცნობია. შემდეგ უცხოეთში შეკრებაზე გავემგზავრებით. ორი ვარიანტი გვაქვს და ჯერ სად წავალთ, არ გარკვეულა. შეკრებაზე 4 ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ.

Loading...
სტატისტიკა
0.243633