ფეხბურთი

22:15 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იაშკას” მატჩი

ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა, 6 გოლი, გაძევება, თერთმეტმეტრიანი და რაც მთავარია, სანახაობრივი თამაში იხილა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ალექსანდრე იაშვილი. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა, ორი საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა და მთლიანობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

26-ე ჩემპიონატის ბოლო ტურის აღნიშნული შეხვედრა “სამტრედიასა” და “მერანს” შორის, ორივე გუნდისთვის პრესტიჟის მატარებელი იყო და ორივე გუნდი სახეცვლილი შემადგენლობით წარსდგა მაყურებლის წინაშე. სამტრედიელებს 26 მაისს თასის ფინალი აქვთ სათამაშო და მათი მთავარი მიზანი და საფიქრალი ეს მატჩია, მარტვილელებს კი უმაღლესი ლიგიდან გავარდნა არ ემუქრებოდათ და ვლადიმერ ლობასმა ახალგაზრდა ფეხბრთელებსაც მისცა თავის გამოჩენის შანსი. მათ შორის დებიუტი ჰქონდა მიხეილ რუხაიას.

შეხვედრა კი საკმაოდ დაბალ ტემპში დაიწყო და 13-ე წუთზე ალექსანდრე გურულის შორეულ დარტყმას თუ არ ჩავთლით, საწყისი წუთები არცერთი გუნდის კართან შექმნილა სახიფათო ეპიზოდი. პირველი გოლიც გურულის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა, ბურთი პირდაპირ კარისკენ წავიდა, გვერდითა ძელს მოხვდა და “მერანის” კარის ხაზი გადაკვეთა 1:0.

მომდევნო იერიში სტუმრებმა განახორციელეს, საბა ლომია მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და ფიფიას გადააწოდა ბურთი, ფიფიას დარტყმის შემდეგ სამტრედიელთა მცველს მოხვდა ბურთი და კუთხურზე გადავიდა. 36-ე წუთზე ფონიავას უძლიერესი დარტყმა მუჯრიშვილმა მუშტებით კუთხურზე მოიგერია.

ტაიმის მიწურულს მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ ბეგაშვილმა ითამაშა ჩინებულად და მასთან პირისპირ გასულ გურულს არ გაატანინა.

მეორე ნახევარში ზაზა ზამთარაძემ იაშვილს უხმო. ალექსანდრე იაშვილმა დარჩენილ 45 წუთში არაერთხელ დაიმსახურა გულშემატივრების ოვაცია და მისი ფეხბურთში დაბრუნება, რომ კარგი ნაბიჯი იყო, თუნდაც დღევანდელ მატჩში დაამტკიცა უბერებელმა ფეხბურთელმა. სწორედ იაშვილის იდეალური პასის შემდეგ 48-ე წუთზე გიორგი გაბედავამ ანგარიში სოლიდური 2:0 გახადა. მცირე ხანში იაშვილის კარგი გადაცემის შედეგად ამჯერად გორგიაშვილი გავიდა პირისპირ ბეგაშვილთან, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

საპასუხო იერიშის დროს ქიქავას გადაცემით დათა ციცხვაიას შეეძლო ანგარიში მინიმუმადე შემცირება, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ერთ-ერთ ეპიზოდში პენალტსაც ითხოვდნენ მარტვილელები, როცა შეცვლაზე შემოსული მიხეილ რუხაია წაიქცა საეჭვოდ სამტრედიელთა საჯარიმოში, მაგრამ მსაჯის აზრით წესის დარღვევა არ ყოფილა.

62-ე წუთზე ისევ იაშვილი მოექცა ყურადღების ცენტრში. მისი იდეალური პასის შემდეგ გურული გავიდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა უნდა ითქვას რომ უშეცდომო იყო ბეგაშვილი ამ ეპიზოდშიც და საკუთარი გუნდი იხსნა მორიგი გაშვებული გოლისგან. 73-ე წუთზე სამტრედიელებმა კურიოზული გოლი გაუშვეს. მათი კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ფიფიამ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და კარში დაარტყა ბურთი, მეკარემ რეაქცია ვერ მოასწრო და ანგარიში 1:2 გახდა.

გატანილმა გოლმა “მერანს” იმედი დაუბრუნა - მეტი აქტიურობით შეუტიეს სტუმრებმა მეტოქეს და ორ წუთში ანგარიშიც გაათანაბრეს, გოგი ფიფიას დარტყმის შემდეგ მუჯრიშვილი არადამაჯერებლად დაეუფლა ბურთს და დამატებაზე ყველას წყაროზიამ დაასწრო 2:2. წყაროზიას გატანილი გოლის აღნიშვნა კი ცუდად გამოუვიდა, გოლის გატანის შემდეგ მის მიერ უმისამართოდ დარტყმული ბურთი გულშემატკივრებისკენ წავიდა და ამან ადგილობრივი ქომაგების რისხვა გამოიწვია. წყაროზია მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

მატჩის მიწურულს შეხვედრის საბოლოო შედეგის გადაწყვეტაზე ალექსანდრე იაშვილმა იზრუნა, სამტრედიელთა 9 ნომერმა ჯერ უცხოელ ლეგიონერს, ლეონარდო რამოსს გაატანინა, ცოტა ხანში კი მის მიერ გამომუშავებული პენალტი თავადვე შეასრულა უზადოდ და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:2.

ალექსანდრე იაშვილი: “კარგი თამაში გამოვიდა. მთლიანად გუნდმა ითამაშა სანახაობრივი ფეხბურთი და შედეგიც სახეზეა. წინა თამაშებზე სახიფათო ეპიზოდების გამოუყენებლობის გამო ბევრი ქულები დავკარგეთ და კარგია, რომ დღეს გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა Mმთავარი მიზანი თასის ფინალში გამარჯვებაა და აქტიურად ვემზადებით”.

ზაზა ზამთარაძე: “2:0 ვიგებდით და მეორე ნახევარში საქმე გავირთულეთ. მიუხედავად ამისა, უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გამარჯვება. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი თასის ფინალია. გუნდი შემართებითაა და ყველაფერს გავაკეთებთ ფინალის მოსაგებად”.

შალვა ღონღაძე: “საკმაოდ საინტერესო თამაში გამოვიდა. იყო შეცდომები, რის გამოც ვერ მოხერხდა თამაშის გადარჩენა, თან 2:2-ზე 10 კაცით დავრჩით და ამანაც თავისი როლი ითამაშა. “სამტრედიას” თასის ფინალში წარმატებას ვუსურვებთ”.

22 მაისი. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე.

“სამტრედია” (სამტრედია) – “მერანი” (მარტვილი) 4:2 (1:0)

“სამტრედია”: მუჯრიშვილი, ხიზანიშვილი (კაკუბავა, 46), შალიკაშვილი, ბეჭვაია, ბაკურაძე, ბოლქვაძე, დათუნაიშვილი (იაშვილი, 46), გორგიაშვილი, გურული, ლეონარდო, გაბედავა (თ. გრიგალაშვილი, 67).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

“მერანი”: ბეგაშვილი, მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, გეგია, წყაროზია, ფონიავა (რუხაია, 56), ლომია (წურწუმია, 56), ქიქავა, ფიფია, დ. ციცხვაია (კიკნაველიძე, 67).

მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე

გოლები: გურული (31), გაბედავა (48), ფიფია (73), წყაროზია (75), ლეონარდო (82), იაშვილი (86)

გაფრთხილება: გეგია (38), წყაროზია (53)

გაძევება: წყაროზია (79)

მთავარი მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე

დილა 30 19 7 4 50 21 29 64
დინამო ბთ 30 18 4 8 40 24 16 58
დინამო თბ 30 17 7 6 56 28 28 58
ცხინვალი 30 16 5 9 47 37 10 53
ჩიხურა 30 13 7 10 39 36 3 46
სამტრედია 30 13 6 11 40 31 9 45
ტორპედო 30 10 11 9 39 33 6 41
შუქურა 30 11 8 11 36 38 -2 41
გურია 30 10 9 11 38 43 -5 39
კოლხეთი ფ 30 9 10 11 31 31 0 37
მერანი 30 9 9 12 29 33 -4 36
ზუგდიდი 30 8 9 13 24 45 -21 33
სიონი 30 9 5

16

32 46 -14 32
მეტალურგი 30 6 8 16 25 46 -21 26
ვიტ-ჯორჯია 30 7 5 18 27 40 -13 26
ზესტაფონი 30 6 8 16 40 61 -21 26

მეგოლეები:

16 – ირაკლი მოდებაძე (დილა)

14 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

12 – ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

11 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

10 –ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

9 – შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), გიორგი ჩირგაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.1357