ფეხბურთი

4:00 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკოს“ ერთწლიანი ჩემპიონობა, მანეს რეკორდები და „ბაიერნის“ შეწყვეტილი სერია

ესპანეთი

მადრიდის „ატლეტიკოს“ ჩემპიონობამ ზუსტად ერთ წელს გასტანა. 2014 წლის 17 მაისს, დიეგო სიმეონეს გუნდი „კამპ ნოუს“ ეწვია და შინ ჩემპიონის სტატუსით დაბრუნდა. 2015 წლის 17 მაისს, ეს გუნდები ერთმანეთს უკვე მადრიდში დაუპირისპირდნენ, სადაც „ბარსელონამ“ მოიგო და ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.

17 მაისი „ბარსელონასთვის“ სიმბოლური თარიღი კიდევ ერთი ფაქტის გამოა. ამ კლუბის ლეგენდამ, პეპ გვარდიოლამ, სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული 2009 წლის 17 მაისს მოიგო, როდესაც კატალონიური კლუბი ესპანეთში საუკეთესო გახადა. ზუსტად 6 წლის შემდეგ, იგივე ლუის ენრიკემ გაიმეორა.

„ბარსამ“ „ვისენტე კალდერონზე“ ლეო მესის გოლით მოიგო. არგენტინელმა, „როხობლანკოს“ 23-ედ გაუტანა და მადრიდული გუნდი მის საყვარელ მეტოქედ იქცა. მესის 22-ჯერ „სევილიას“, ხოლო 21-ჯერ „რეალის“ კარში გაუტანია.

საკლუბო ტიტულების რაოდენობით ფრანცისკო ხენტოს გაუთანაბრდა ჩავი ერნანდესი, რომელმაც „ბარსელონასთან“ ერთად 23-ე ტიტული მოიგო. ესპანურ ფეხბურთში მოთამაშე არცერთ ფეხბურთელს ამაზე უკეთესი შედეგი არ აქვს.

„ბარსელონას“ გაჩემპიონებამ კრიშტიანუ რონალდუს მორიგი გაბრწყინება გადაფარა. „რეალის“ მე-7 ნომერმა, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მე-7 ჰეთ თრიქი გაიფორმა. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მოთამაშე არცერთ სხვა ფეხბურთელს ასეთი შედეგი არ აქვს.

„ესპანიოლთან“ მატჩში რონალდუს მიერ შესრულებული ჰეთ თრიქი „სრულყოფილი ჰეთ თრიქის“ კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ერთი გოლის მარცხენა ფეხით, ერთის მარჯვენათი და ერთის თავით გატანას გულისხმობს. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ასეთი ჰეთ თრიქი კარიერაში მეოთხედ შეასრულა.

რონალდუმ მე-3 გოლი თავური დარტყმით გაიტანა. პრიმერას მიმდინარე გათმაშებაში მას თავით გატანილი უკვე 11 გოლი დაუგროვდა, რაც ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

საფრანგეთი

ესპანეთის მსგავსად, ჩემპიონი გამოვლინდა საფრანგეთშიც. „პარი სენ ჟერმენმა“ ლიგა ერთის ზედიზედ მე-8 თამაში მოიგო და კლუბის რეკორდი გაიმეორება.

„მონპელიესთან“ მოგების შემდეგ, პსჟ მე-4 გუნდი გახდა, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონობა ზედიზედ 3-ჯერ იზეიმა. აქამდე ასეთი შედეგი „სენტ ეტიენს“, „მარსელსა“ და „ლიონს“ ჰქონდათ.

ლორან ბლანმა „პარი სენ ჟერმენს“ მე-6 ტიტული მოაგებინა (2-2 ქვეყნის ჩემპიონატი, ქვეყნის ლიგის თასი და ქვეყნის სუპერთასი) და ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა.

პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონატი სულ 5-ჯერ მოუგია. საინტერესოა, რომ გუნდის ლიდერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ჩემპიონატებში 10-ჯერ გაუმარჯვია. ამას ემატება იტალიის 2 ჩემპიონობაც, რომელიც იბრას ყოფილ გუნდს, „იუვენტუსს“ ჩამოართვეს.

ინგლისი

„საუთჰემპტონის“ სენეგალელმა შემტევმა, სადიო მანემ პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. ის, ამ ტურნირის ისტორიაში, ყველაზე სწრაფი და ყველაზე ნაადრევი ჰეთ თრიქის ავტორი გახდა. „ასტონ ვილასთან“ გამართულ შეხვედრაში, 23 წლის ფეხბურთელს 3 გოლი უკვე მე-16 წუთზე ჰქონდა გატანილი. პრემიერლიგის რეკორდი, აქამდე, დუაიტ იორკს ეკუთვნოდა, რომელსაც ჰეთ თრიქის შესასრულებად 21 წუთი დასჭირდა.

მანემ 3 გოლი მეცამეტედან მე-16 წუთამდე, 2 წუთისა და 56 წამის მონაკვეთში გაიტანა. მან რობი ფაულერის რეკორდი გააუმჯობესა. „ლივერპულის“ ლეგენდას 3 გოლის გასატანად 4 წუთი და 32 წამი დასჭირდა.

„ასტონ ვილასთან“ გამართული მატჩი შედეგიანი გამოდგა „წმინდანების“ კიდევ ერთი შემტევისთვის, შეინ ლონგისთვის, რომელმაც აქტივში 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ირლანდიელი ფეხბურთელი პირველია 2013 წლის დეკემბრის შემდეგ, რომელსაც პრემიერლიგის ერთ მატჩში ასეთი შედეგი აქვს. მსგავსი რამ უკანასკნელად ლუის სუარესს ჰქონდა გაკეთებული.

„საუთჰემპტონსა“ და „ასტონ ვილას“ შორის გამართული შეხვედრის 38-ე წუთზე მასპინძლები უკვე 5:0 იგებდნენ. პრემიერლიგის ისტორიაში სულ 2-ჯერ მომხდარა, რომ ანგარიში 5:0 ამაზე მცირე მონაკვეთში დაფიქსირებულა და ორივე შემთხვევაში განადგურებული გუნდი „საუთჰემპტონი“ იყო.

შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, „ასტონ ვილას“, ინგლისის ჩემპიონატში, 6000 გაშვებული გოლი დაუგროვდა. ბირმინგემული გუნდი მეორეა, რომელმაც ამ ნიშნულს გადააბიჯა. უფრო მეტი (6050) გოლი მხოლოდ „ევერტონს“ გაუშვია.

„ლივერპულის“ ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა, „ენფილდზე“, ბოლო თამაში ჩაატარა. 34 წლის ნახევარმცველს, საშინაო არენაზე ჩატარებული 254 საპრემიერლიგო მატჩი დაუგროვდა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რაიან გიგზსა (308) და ჯეიმი კარაგერს (256) აქვთ.

ჯერარდს შანსი ჰქონდა „ენფილდზე“ 157-ე თამაში მოეგო და ამ მაჩვენებლით კლუბის აბსოლუტური რეკორდსმენი გამხდარიყო, მაგრამ მისმა გუნდმა „კრისტალ პალასთან“ წააგო და ისიც რეკორდის კარაგერთან გაზიარებას დასჯერდა.

„კრისტალ პალასმა“, პრემიერლიგაში, „ენფილდზე“ ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველად ეს 1991 წელს მოხდა და საინტერესოა, რომ იმ მატჩში ლონდონელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელ, ალან პარდიუ სტუმართა რიგებში თამაშობდა.

„ლივერპულის“ კარში ერთი გოლი, საჯარიმო დარტყმით, ჯეისონ პანჩენმა გაიტანა. 28 წლის შემტევს საინტერესო შედეგი აქვს - პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მან ჯარიმა სულ 4-ჯერ შეასრულა და აქედან 3-ჯერ გაიტანა.

2004 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „არსენალმა“, პრემიერლიგის მატჩის პირველ ტაიმში, მეტოქის კარის მიმართულებით არაზუსტად დარტყმაც კი ვერ მოახერხა. 11 წლის წინათ ასეთი შემთხვევა „ლივერპულთან“ დაპირისპირებაში დაფიქსირდა, გასულ უქმეებზე კი - „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში.

„ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ გახსნა, რომელიც შესაშური სიზუსტით გამოირჩევა. ესპანელმა ფეხბურთელმა, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ზუსტად დარტყმა სულ 7-ჯერ მოახერხა და მის აქტივში 6 გატანილი გოლია.

„მანჩესტერისა“ და „არსენალის“ დაპირისპირებიდან გამოსარჩევი ისიც იყო, რომ ლონდონურმა გუნდმა ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობით ზედიზედ მე-6 მატჩი ჩაატარა, რაც არსენ ვენგერის გუნდში მისვლის შემდეგ პირველად მოხდა.

უკვე გაჩემპიონებული „ჩელსი“ „ვესტ ბრომვიჩთან“ ანგარიშით 0:3 განადგურდა. ჟოზე მოურინიომ, პრემიერლიგაში, სამბურთიანი სხვაობით მეორედ წააგო. პირველად ეს 2006 წელს, „მიდლსბროსთან“ მატჩში მოხდა. საინტერესოა, რომ როგორც 9 წლის წინათ, ასევე გუშინდელ მატჩში, „ჩელსის“ წინააღმდეგ შოტლანდიელი ნახევარმცველი, ჯეიმს მორისონი თამაშობდა.

პრემიერლიგის 37-ე ტურის ბოლო მატჩში მასპინძელთა მოგება, 2 სტატისტიკური მონაცემის გათვალისწინებით, მოულოდნელი იყო. საქმე ისაა, რომ „ვესტ ბრომვიჩს“, ორშაბათ დღეს ჩატარებული ბოლო 20 შეხვედრიდან მხოლოდ 2 ჰქონდა მოგებული, „ჩელსის“ კი, ამ დღეს გამართულ უკანასკნელ ოც თამაშში მხოლოდ ერთხელ წაეგო.

გერმანია

„დორტმუნდი“ პირველ წუთზე გოლების გაშვებას არ იშლის. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, საწყის წუთზე 5 გოლი გავიდა და აქედან 4 სწორედ „დორტმუნდის“ კარში. ბოლო მათგანის ავტორი კალიგიური გახდა, რომელსაც ასისტენტობა დე ბრუინემ გაუწია. ბელგიელ ნახევარმცველს, მიმდინარე გათამაშებაში, 10 გოლი და 20 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ის პირველი ფეხბურთელია შტეფან კისლინგის (2012/13 წლების სეზონი) შემდეგ, რომელმაც ერთ გათამაშებაში მონაწილეობა 30 გოლში მიიღო.

ბუნდესლიგაში მოთამაშე ერთადერთი გუნდი, რომელმაც ბოლო 3 თამაში წააგო, ჩემპიონი „ბაიერნია“. მიუნხენელებს შიდა ასპარეზზე ასეთი ცუდი სერია 1998 წლის შემდეგ პირველად აქვთ. „ბაიერნის“ დამრიგებელს, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა, რომ მისმა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატის ზედიზედ 3 შეხვედრა დათმო.

„ფრაიბურგთან“ გამართულ შეხვედრაში „ბაიერნმა“ ანგარიშის გახსნა მოახერხა, მაგრამ „რეკორდმაისტერი“ მაინც უქულოდ დარჩა. 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ის მატჩი წააგო, რომელშიც მიუნხენელებმა წინ გასვლა მოახერხეს. გვარდიოლას გუნდმა 122-მატჩანი სერია შეწყვიტეს.

ბოლო დროს ცუდი მაჩვენებელი აქვს „ბაიერნის“ მეკარეს, მანუელ ნოიერს. გერმანელმა კიპერმა, ბუნდესლიგის მატჩებში, მის კარში ზუსტად დარტყმული ბოლო 8 ბურთიდან 5 გაუშვა.

იტალია

ბოლო წლებში, „მილანის“ საქმეები ისედაც ცუდად მისდის, მაგრამ „როსონერის“ განსაკუთრებით მაშინ უჭირს, როდესაც ამ გუნდის წინააღმდეგ დომენიკო ბერარდი თამაშობს. „სასუოლოს“ 20 წლის თავდამსხმელმა, გასულ სეზონში, „მილანთან“ გამართულ ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა. ამჯერად კი, ის სამ ბურთს დასჯერდა.

ბერარდი სერია A-ს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ თრიქი „მილანთან“ გამართულ ორ შეხვედრაში გაიფორმა.

კვირას გამართული თამაშის შემდეგ, „მილანი“ ერთადერთი გუნდია, რომელიც „სასუოლოს“, სერია A-ში, 3-ჯერ დაუმარცხებია.

მიმდინარე სეზონში „მილანის“ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი დისციპლინის ნაკლებობაა. „სასუოლოსთან“ მატჩში მოედნიდან სტუმართა 2 ფეხბურთელი გააძევეს. შედეგად, მიმდინარე გათამაშებაში, „მილანს“ 12 წითელი ბარათი დაუგროვდა, რაც ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

წარუმატებელი ტური ჰქონდა მე-2 მილანურ გუნდსაც. „ინტერი“, „იუვენტუსთან“ გამართულ შეხვედრაში, მაურო იკარდიმ დააწინაურა, რომელმაც „ბებერ სინიორას“ მე-5 მატჩში მე-6 გოლი გაუტანა. „ნერაძურის“ უპირატესობა ბურთის ფლობაშიც ჰქონდა - მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ „იუვენტუსს“ ამ სტატისტიკურ მონაცემში მხოლოდ 34% ეწერა. ამის მიუხედავად, 3 ქულა მაინც ჩემპიონებმა აიღეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11272