საფეხბურთო ჩემპიონატები

23:13 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მერანი” და ჩემპიონი დაზავდნენ

მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს მარტვილის “მერანი” და გორის “დილა” დაუპირისპირნენ. გორელებმა ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაიფორმეს ჩემპიონობა და მატჩი მხოლოდ პრესტიჟისთვის იყო, როგორც სტუმრებისთვის ისევე მასპინძლებისთვისაც, რადგანაც “მერანმა” უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი ადრინდელ ტურებში მოისტუმრა.

მიუხედავად ამისა, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა საკმაოდ საინტერესო, სახიფათო ეპიზოდებით სავსე მატჩი იხილა

პირველ ნახევარში მასპინძლების უპირატესობა აშკარა იყო და ეს შედეგზეც აისახა. პირველი ხიფათი კი გორელებმა შექმნეს, როცა ჯაფარიძის ჩაწოდების შემდეგ ბაგაევი დაემუქრა ბეგაშვილის კარს თავური დარტყმით. “მერანელებმა” სტუმრებს პაპუნა ფონიავას შორეული დარტყმით უპასუხეს, რომელიც არაზუსტი გამოდგა, ცოტა ხანში იგივე ფონიავას პასით წყაროზია ცდილობდა ანგარიშს გახსნას, მაგრამ არც ეს გამოდგა შედეგიანი.

22-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა ითამაშა ფლანგზე ჩინებულად, მან მეურვე სისწრაფეში ჩამოიტოვა და საჯარიმოშიც გამჭოლი გადაცემა გააკეთა, მაგრამ ქიქავამ უხერხულად დაარტყა და ხიფათიც განიმუხტა.

27-ე წუთზე “მერანი” ახლოს იყო გოლის გატანასთან. გოგი ფიფიამ მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და მოჭრილი დაურტყა მიგინეიშვილს, ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა გორელთა კარის მარცხენა გვერდითა ძელს.

“მერანი” ზეწოლას აძლიერებდა და გოლიც მომწიფებული იყო. გოლი კი პაპუნა ფონიავას აქტიურობას მოჰყვა. ფონიავა ფლანგიდან კარგად შევიდა “დილას” საჯარიმოს მისადგომებთან და უძლიერესი დაურტყა გორელთა კიპერს, მიგინეიშვილმა პირველი დარტყმა მოიგერია, მომდევნო ეპიზოდში ჯაფარიძემ იხსნა საკუთარი კარი, თუმცა საბოლოოდ დათა ციცხავიამ შესძლო შეტევის დაგვირგვინება და ახლო მანძილიდან 1-0 გახადა ანგარიში.

38-ე წუთზე სტუმრებმა საკმაოდ სახიფათო კონტრიერიში წამოიწყეს თექთურმანიძე-ახალკაცის მეშვეობით, მაგრამ კიჭი მელიავამ ვარდნაში აართვა ბურთი მოწინააღმდეგეს და ხიფათი განიმუხტა.

მეორე ნახევარში “დილამ” უფრო მოუმატა თამაშს, უჩა სოსიაშვილმა გამოცდილი ფეხბურთელები: ძარია, გორელიშვილი და კვეკვესკვირი შემოიყვანა მოედანზე და ამან შედეგიც გამოიღო. სწორედ კვეკვესკირის კარგ თამაშს მოჰყვა “მერანის” კარში გოლი. მართალია კვეკვესკირის დარტყმა კი მოიგერია ბეგაშვილმა, თუმცა დამატებაზე რომან ახალკაცმა ითამაშა ზუსტად და ანგარიშიც გათანაბრდა 1-1.

მანამდე კი მარცხენა ფლანგიდან მელიავა-გეგეჭკორის ტანდემი საკმაოდ აქტიურად უტევდა “დილას” კარს და ერთ-ერთ ეპიზოდში მელიავას მიერ წამოწყებული შეტევის დაგვირგვინებას გეგეჭკორი ცდილობდა, თუმცა საჯარიმოში შესულს მიგინეიშვილმა დაასწრო.

69-ე წუთზე კვეკვესკირი დაემუქრა “მერანის” კარს უძლიერესი დარტყმით, გიორგი ბეგაშვილმა ნახტომში შესძლო ბურთის კუთხურზე ემოგერიება. 75-ე წუთზე კი ისევ ბეგაშვილმა ითამაშა ჩინებულად, როცა ერისთავს არ გაატანინა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვების მომტანი გოლი გაეტანა, მაგრამ ზოგ ეპიზოდებში მეკარეები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, სხვა შემთხვევაში კი საფეხბურთო ფორტუნა არ წყალობდათ ფეხბურთელებს. “მერანმა” გოლის გაიტანა კი შესძლო, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობიდან. არადა, გოლი საკმაოდ ეფექტური იყო - შეტევა შეცვლაზე შემოსულმა ლაშა ჯღამაიამ წამოიწყო, მან ორ მეურვესთან ჭიდილს კარგად გაართვა თავი და საჯარიმოს მისადგომებიდან ფლანგზე დათა ციცხვაიას გაუკეთა იდეალური გადაცემა, ციცხვაიამ კი “დილას” კარში გადააგზავნა ბურთი, მაგრამ მთავარმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ბოლოს უკვე მასპინძლები გადარჩნენ გაშვებულს გოლს, ჯერ გიორგი ბეგაშვილმა ითამაშა კარგად და ძარიას მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია, მომდევნო ეპიზოდში კი გეგიამ შესძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა და ხიფათიც განიმუხტა.

საბოლოოდ დაძაბული, საინტერესო შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

17 მაისი. 17:00. მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალური სტადიონი

“მერანი” (მარტვილი) – “დილა” (გორი) 1-1 (1-0)

“მერანი”: ბეგაშვილი, მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, გეგია, ფონიავა, წყაროზია, ქიქავა (შულაია, 70), გეგეჭკორი, ფიფია (ჯღამაია, 65), დ. ციცხვაია (წურწუმია, 85).

მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე

“დილა”: მიგინეიშვილი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, მარიჩი, რაზმაძე, სეთურიძე (ძარია, 48), წიქარიძე, თექთურმანიძე (კვეკვესკირი, 50), ახალკაცი, ერისთავი (გორელიშვილი, 85).

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი:

გოლები: დ. ციცხვაია (33), ახალკაცი (68)

გაფრთხილება: ბაგაევი (24), გეგეჭკორი (33), ერისთავი (56), ბეგაშვილი (65), ჯღამაია 80), წიქარიძე (83), მელიავა (83).

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

0.146328