კალათბურთი

20:21 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში რიონისპირელები დაწინაურდნენ

სუპერლიგის პლეი ოფის მეოთხედფინალში ხელმოცარული გუნდები ერთმანეთს V-VIII ადგილებისთვის ბრძოლაში შეხვდნენ. დაპირისპირება 2 მოგებამდე გრძელდება. პირველ მატჩში ქუთაისის სპორტის სასახლეში ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ ,,სოხუმს“ უმასპინძლა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ქუთათურები მე-3 ადგილზე, ხოლო სოხუმელები მეშვიდეზე გავიდნენ, ფავორიტებად რიონისპირელები ითვლებოდნენ.

არადა, შეხვედრის დასაწყისი მასპინძლებს კარგს არაფერს უქადდა. სოხუმელთა უპირატესობა მატჩის დებიუტშივე გამოიკვეთა. ჩლაიძისა და ჯგერენაიას ზედიზედ ორჯერ ზუსტი ტყორცნების შემდეგ ზღვისპირელები დაწინაურდნენ - 0:6. ნელ-ნელა ქუთათურებმა თამაშის გათანაბრება მოახერხეს და მეოთხედის მიწურულს ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს - 11:13.

მატჩის გარდამტეხი მომენტი მეორე პერიოდში დადგა. მართალია, შეხვედრის განახლებისთანავე სტუმრებმა ორი საჯარიმოდან ერთის გამოყენებით ანგარიში -11:14 გახადეს, მაგრამ ფაშაევისა და ახალგაზრდა გრძელიძის ზუსტი სამქულიანი ტყორცნების შემდეგ ქუთათურებმა მეტოქეს (12:0) გაქცევა მოუწყვეს და - 23:14 დაწინაურდნენ, ხოლო პირველი ტაიმი 7 ქულიანი უპირატესობით ჩაამთავრეს -33:26.

შეხვედრის მეორე ნახევარში რიონისპირელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. მეტ-ნაკლებად თანაბარი მესამე პერიოდის შემდეგ მასპინძლებმა დასკვნით მეოთხედში მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა მასპინძელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ზაურ ფაშაევმა დააგროვა. მან ასევე 8 ზუსტი პასი მიითვალა. ორმაგი დუბლის ავტორი 11 ქულით და 12 მოხსნით ზღვისპირელი გიორგი ჯგერენაია გახდა. ქუთაისელმა ანატოლი ბოისამ და სოხუმელმა ბექა ბექაურმა შესაბამისად 12 და 16 მოხსნა დააგროვეს და ორივეს თითო-თითო ქულა დააკლდათ ორმაგ დუბლამდე.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

მედეა მხეიძე (,,ქუთაისი-2010’’-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): ,,პლეი ოფის მეოთხედფინალში მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ. დამარცხების შემდეგ ბიჭები ფსიქოლოგიურად დათრგუნვილები იყვნენ, მაგრამ საკუთარ თავში ძალა გამონახეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.“

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 17 მაისს თბილისში ჩატარდება.

,,ქუთაისი-2010’’ - ,,სოხუმი’’ 79:54 (11:13, 22:13, 18:14, 28:14)

სერიის ანგარიში 1:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124056