ფეხბურთი

1:59 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ - ჩემპიონების რისხვა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ელ კლასიკოს“ კვლავ ვერ ვიხილავთ. ამის მიზეზი „იუვენტუსია“, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ დაღალა და ის შედეგი დააფიქსირა, რომელმაც ტურინულ გუნდს ბერლინში თამაშის უფლება მოუტანა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული მატჩი მასპინძელი გუნდის უპირატესობით დაიწყო. „იუვენტუსის“ კართან პირველი ხიფათი გარეთ ბეილის შორეული დარტყმით შეიქმნა, მაგრამ ჯიჯი ბუფონი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა. რონალდუმ, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს, ბოლომდე იბრძოლა და ბურთი ხამეს როდრიგესს გადააწოდა, რომელიც კიელინიმ საპენალტედ წააქცია. რონალდუმ თერთმეტმეტრიანი ცენტრში დაარტყა, ბუფონი მარჯვნივ გადახტა და 2 მატჩის ჯამში უპირატესობა „რეალმა“ მოიპოვა.

კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც, ჩემპიონთა ლიგაზე, მონაწილეობა 100 გოლში მიიღო. პორტუგალიელს 77 გოლი (რეკორდი ლეო მესის შედეგთან ერთად) და 23 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

„რეალის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, ჩემპიონთა ლიგაზე, მე-9 თერთმეტმეტრიანი გაიტანა. ის რეკორდსმენებს, ფიგუსა და ვან ნისტელროის თითო პენალტით ჩამორჩება.

ეს გოლი მე-10 იყო, რომელიც რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიტანა. არცერთ სხვა ფეხბურთელს, ამ ეტაპზე, 5 ბურთზე მეტი გატანილი არ აქვს. გარდა ამისა, კრიშტიანუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 10 გოლი ლიგის ოთხ სხვადასხვა გათამაშებაში გაიტანა.

პორტუგალიელს, „რეალის“ მაისურით, სულ 307 გოლი დაუგროვდა და ის ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა. მათზე მეტი, 323 ბურთი მხოლოდ რაულს გაუტანია.

მიმდინარე გათამაშების გათვალისწინებით, მე-2 ტაიმში განვითარებული მოვლენები მოსალოდნელი იყო. საქმე ისაა, რომ „რეალსა“ და მის პორტუგალიელ ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს, შესვენების შემდეგ თამაში უჭირთ. „იუვენტუსი“ მე-2 ნახევარში გოლს იშვიათად უშვებს, თავად კი, ბოლო დროს, მეტოქის კარის 57-ე წუთზე აღებას ახერხებს.

მასიმილიანო ალეგრის გუნდის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ბოლო 4 გოლიდან სამი 57-ე წუთზე გავიდა. ერთ-ერთი მათგანის ავტორი „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი ალვარო მორატაა, რომელმაც თავი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამოიჩინა. დღევანდელი თამაშის მე-2 ტაიმის დაწყებიდან 12 წუთში, მადრიდელთა მიერ მოგერიებული ბურთი ვიდალმა საჯარიმოში ჩააბრუნა, სადაც პოგბამ თავით კარგად ითამაშა და მორატას უპასა. ესპანელ შემტევს ყოფილმა თანაგუნდელებმა ბურთის დამუშავებისა და დარტყმის საშუალება მისცეს, რაც მათ ფინალს მიღმა დარჩენად დაუჯდათ.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, „იუვენტუსს“ მე-2 ტაიმში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გაშვებული. „რეალის“ საუკეთესო ბომბარდირს, კრიშტიანუ რონალდუს კი, შესვენების შემდეგ, მეტოქეთა კარი აღებული არ ჰქონდა. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ ყოფილა, რომ პორტუგალიელი ბუფონის კარს ვეღარ ემუქრებოდა. რონალდუმ, მე-2 ტაიმში, მეტოქის კარში ერთხელაც ვერ დაარტყა.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, უფრო ხშირად „რეალი“ უტევდა, მაგრამ გარეთ ბეილის სახიფათო თავურებმა შედეგი ვერ მოიტანა. „იუვენტუსმა“ 2 მომენტი შექმნა და მართალია, კასილიასმა მარკიზიოსაც აუღო და პოგბასაც, მაგრამ ამან „რეალს“ ვერ უშველა.

მადრიდელ ფეხბურთელებს, თამაშის მიწურულს, დაღლა დაეტყოთ და მათ მეტოქის კართან შტურმი ვერ მოაწყვეს. შედეგად, ისინი ჩემპიონთა ლიგიდან იტალიურმა გუნდმა კიდევ ერთხელ გამოაგდო. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „სამეფო კლუბმა“, ევროტურნირის ფლეი ოფში, იტალიის წარმომადგენელს აჯობა. მას შემდეგ, იტალიელებმა „რეალი“ გათამაშებიდან ზედიზედ 8-ჯერ გამოთიშეს.

1983 წლის შემდეგ, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა თასის მოქმედ მფლობელს მეხუთედ დაუპირისპირდა და ტურინელებმა ამჯერადაც გამარჯვება იზეიმეს. „ბებერმა სინიორამ“ ასპარეზობას „ასტონ ვილა“, „ლივერპული“, „აიაქსი“ და 2-ჯერ „რეალი“ გამოთიშა.

უნიკალური შედეგი აქვს „იუვენტუსის“ მარცხენა მცველს, პატრის ევრას. ფრანგმა ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მეთერთმეტედ ითამაშა და მას ჯერ წაგება არ აქვს. ეს კი რეკორდული სერიაა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, 6 ივნისს, ბერლინში გაიმართება.

რეალი-იუვენტუსი 1:1 (პირველი მატჩი 1:2)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კროოსი, ისკო, როდრიგესი, ბეილი, ბენზემა (ერნანდესი 67), რონალდუ

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, პირლო (ბარძალი 79), მარკიზიო, პოგბა (პერეირა 89), ვიდალი, ტევესი, მორატა (ლიორენტე 84)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 რონალდუ (23), 1:1 მორატა (57)

გაფრთხილებები: ისკო 32, როდრიგესი 44 – ტევესი 70, ლიხტშტაინერი 76

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 22 (5)-8 (4), კუთხური: 8-6, თამაშგარე: 0-5, სეივი: 3-4, ჯარიმა: 11-7.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114816