ფეხბურთი

23:34 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეგრული დერბი ფოთის “კოლხეთმა” მოიგო

დღეს ლანჩხუთში მეგრული დერბი გაიმართა. ფოთის “კოლხეთმა” მარტვილის “მერანს” ლანჩხუთში “უმასპინძლა.” ფოთელებს და მარტვილელებს უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე აღარ ემუქრებათ და განსაკუთრებული მოტივაციის გარეშე შეხვდა ორივე გუნდი აღნიშნულ შეხვედრას. “კოლხეთს” სხვადასხვა მიზეზის გამო სამი წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა, ლევან შენგელია ფრანგულ “ლილშია” სინჯებზე, თევზაძე და გოგონაია კი დისკვალიფიცირებულნი იყვნენ.

მატჩი არცთუ ისე მაღალ ტემპში დაიწყო, მიუხედავად ამისა, ორივე გუნდს შეეძლო პირველ ტაიმში დაწინაურება. პირველი ხიფათი ნომინალურმა მასპინძლებმა შექმნეს, გიგაურის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ჩაკვეტაძე გზავნიდა თავით ბურთს “მერანის” კარში, მისი დარტყმა მცირედ არაზუსტი გამოდგა. მცირე ხანში თავად გიგაური ცდილობდა ჟიშკარიანის აქტიურობის შემდეგ სიტუაციის გამწვავებას, თუმცა არც მისმა დარტყმამ მიაღწია მიზანს.

“მერანის” საპასუხო იერიში საკმაოდ სახიფათო გამოდგა და საფეხბურთო ფორტუნას, რომ გაეღიმა მარტვილელთათვის, ანგარიში გაიხსნებოდა, ერთ წუთიან მონაკვეთში ორჯე იხსნა “კოლხეთის” კარის ხარიხამ გუნდი, ჯერ დათა ციხვაიას დარტყმული ბურთი მოხვდა კარის ზედა ძელს, მეორე ეპიზოდში კი ლევან გეგეჭკორს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძელმა მოიგერია ბურთი.

მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებით უფრო სანახაობრივი გამოდგა და ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მეტი საგოლე მომენტი შექმნეს მეტოქე გუნდის კართან. 47-ე წუთზე ლევან კაკულიას კარგი პასის შემდეგ გიგაური ცდილობდა ანგარიშის გახსნას, თუმცა მამალაძე დაეუფლა ბურთს. მომდევნო ეპიზოდში გეგეჭკორის პასით დათა ციცხვავია გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ დასწრებაზე კარგად ითამაშა ფოთელთა კიპერმა. ორ წუთში ისევ ლევან გეგეჭკორი მოექცა ყურადღების ცენტრში, შეტევა კიჭი მელიავამ წამოიწყო ფლანგიდან და კარგი პასიც გაუკეთა თანაგუნდელს, თუმცა მისი დარტყმა ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა.

ზაზა ინაშვილმა მეორე ნახევარში შედარებით ინერტულად მოთამაშე ნიკა სიჭინავას ნაცვლად, შოთა ჯიქია შემოიყვანა და ამ ცვლილებამ გაამართლა. მატჩის 81-ე წუთზე სწორე ჯიქიამ გაიტანა მარტვილელთა კარში ბურთი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეპიზოდში არადამაჯერებლად ითამაშა მამალაძემ და უხერხულად მოგიერიებული ბურთი შეგორდა კარში.

მატჩის მიწურულს გაშვებულმა გოლმა, ერთგვარი არეულობა გამოიწვია სტუმართა გუნდში და ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი მიიღეს მარტვილელებმა. მატჩის ბოლო წუთი იყო, როცა თედო კაკულიამ 2:0 გახადა ანგარიში. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ჟიშკარიანმა ითამაშა კარგად ფლანგზე, საბოლოოდ გიგაურს მიუვიდა ბურთი და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

13 მაისი. 17:00. ლანჩხუთი

“კოლხეთი” (ფოთი) – “მერანი” (მარტვილი) 3:0 (0:0)

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, ამბროლაძე (თ. კაკულია, 64), გურეშიძე, გიგაური, ლ. კაკულია (ქორჩილავა, 79), ჟიშკარიანი, სიჭინავა (ჯიქია, 46).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

“მერანი”: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე (შულაია, 70), ფონიავა, წყაროზია, ქიქავა, გეგეჭკორი, ფიფია (ჯღამაია, 85), დ. ციცხვაია (ლომია, 63).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

გოლები: ჯიქია (81), ლ. კაკულია (90), გიგაური (90+2)

გაფრთხილება: კილასონია (36), ფიფია (55), თ. კაკულია (70)

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112016