ფეხბურთი

22:50 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძემ "ფიორეს" გაუტანა, ჭანტურიამ - "ბოტოშანს"

იტალიის სერია ა-ს 35-ე ტურში “ფიორენტინამ” სტუმრად 3:2 დაამარცხა “ემპოლი.” ლევან მჭედლიძე 76-ე წუთზე გამოვიდა მინდორზე, რამდენიმე წამში კი ფლორენციელთა საჯარიმოში საპონარასგან მიიღო ბურთი, შემდეგ კარგად მოატყუა ბასანტა და მარჯვენა ფეხით მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში გაიტანა. ნეტო გადახტა, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა. ქართველი ფორვარდის გოლი მატჩში უკანასკნელი გამოდგა და “ემპოლიმ” ქულის მოპოვება ვერ მოახერხა. 83-ე წუთზე მჭედლიძემ ყვითელი ბარათი მიიღო. ლევანმა მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე კი მხოლოდ 2 გოლია, იტალიის სერია ა-ს 20 გუნდიან ჩემპიონატში “ემპოლი” 41 ქულით მე-13 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ფლორენციელთა კარში გოლი ირაკლი შეყილაძესაც გაუტანია. მან 2011 წელს “ემპოლის” მაისურით იტალიის თასის შეხვედრაში გაუტანა “ფიორენტინას” და იმ მატჩშიც მეტოქის კარს ნეტო იცავდა.

https://www.youtube.com/watch?v=sPgX9A5SFeM

იტალიის რანგით მესამე ლიგის ა ჯგუფში სეზონი დასრულდა. “სუდტიროლიმ” სტუმრად 3:1 დაამარცხა “არეცო.” გამარჯვებულთა შემადგენლობაში ირაკლი შეყილაძეს არ უთამაშია. 20 გუნდიან ჩემპიონატში “სუდტიროლიმ” 47 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.

რუმინეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში “კლუჟმა” შინ 4:0 დაამარცხა “ბოტოშანი.” 75-ე წუთზე თამაშში ჩაერთო გიორგი ჭანტურია, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველმა შემტევმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, ბურთი თანაგუნდელთან გაითამაშა და მეკარისაგან მარცხენა კუთხეში გაიტანა. მიმდინარე სეზონის რუმინეთის ჩემპიონატში ჭანტურიამ მეოთხე გოლი გაიტანა, მას გოლი 15 მარტის შემდეგ არ ქონდა გატანილი. რუმინეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “კლუჟი” 27 ქულით მე-16 ადგილზეა.

https://www.youtube.com/watch?v=tMAUdohCsrk

გერმანიის მესამე ლიგის 36-ე ტურში ზონენჰოფის “გროსაშპახმა” შინ 2:1 დაამარცხა “ჰალეშერი.” “ჰალეშერის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა აკაკი გოგია, რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს. გერმანიის მესამე ლიგაში 20 გუნდი მონაწილეობს. “ჰალეშერი” 53 ქულით მე-7 ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში “დიორმა” შინ 3:2 დაამარცხა “ჰალადაში.” “დიორის” განაცხადში მოხვდა გიორგი ქვილითაია, თუმცა არ უთამაშია. უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “დიორი” 35 ქულით მე-9 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” შინ 2:0 დაამარცხა “მარიუპოლი.” “მეტალურგის” ფეხბურთელმა ვალერიან გვილიამ სრულად ითამაშა. უკრაინის 14 გუნდიან პრემიერლიგაში “მეტალურგი” 24 ქულით მე-9 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში ლვოვის “კარპატიმ” შინ 2:0 დაამარცხა ოდესის “ჩერნომორეცი.” ლვოველთა შემადგენლობაში ბუბა დაუშვილმა სრულად ითამაშა, ამბროსი ჩაჩუა კი სათადარიგო იყო. “ჩერნომორეცის” მაისურით გიორგი გადრანმა მთელი მატჩი ჩაატარა. “ჩერნომორეცი” 18 ქულით მე-11 ადგილზეა, “კარპატი” კი 13 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

უკრაინის ჩემპიონატში ლუგანსკის “ზორიამ” სტუმრად 2:0 დაამარცხა “დნიპრო.” “დნიპროს” შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ სრულად ითამაშა, ლუგანსკელთა სასტარტო შემადგენლობაში კი ჯაბა ლიპარტიამ ითამაშა, რომელიც 58-ე წუთზე შეცვალეს. პირველი გოლისას თანაგუნელს ასისტენტობა სწორედ ჯაბა ლიპარტიამ გაუწია. “დნიპრო” 50 ქულით მესამე ადგილზეა, მას ერთი საფეხურითა და 10 ქულით ჩამორჩება “ზორია.”

დანიის სუპერლიგის 28-ე ტურში “ოდენსემ” შინ 3:1 დაამარცხა “მიდტიულანდი.” “ოდენსეს” განაცხადში ვერ ვიხილეთ ლადო დვალიშვილი. დანიის 12 გუნდიან ჩემპიონატში “ოდენსე” 35 ქულით მე-8 ადგილზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულში “ნეა სალამინამ” შინ 1:0 დაამარცხა “ოთელოსი.” “ნეა სალამინას” განაცხადში მოხვდა გიორგი პაპავა, რომელიც მოედანზე მე-15 წუთზე გამოჩნდა, შოთა გრიგალაშვილი კი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. რაც შეეხება სტუმრებს, “ოთელოსის” მაისურით ელგუჯა გრიგალაშვილმა სრულად ითამაშა, როინ კვასხვაძე სათადარიგო იყო, ლევან ხმალაძე კი განაცხადში არ იმყოფებოდა. პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულში “ნეა სალამინა” 33 ქულით მესამე ადგილზეა, “ოთელოსი” კი 21 ქულით ბოლო ადგილზეა და შემდეგ სეზონს კვიპროსის მეორე დივიზიონში გაატარებს.

საბერძნეთის სუპერლიგის 34-ე ტურში “ასტერასმა” შინ 2:0 დაამარცხა “კერკირა.” “კერკირას” განაცხადში კვლავ ვერ ვიხილეთ აკაკი ხუბუტია. საბერძნეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “კერკირა” 44 ქულით მე-10 ადგილზეა.

სერბეთის სუპერლიგის 27-ე ტურში “ვოივოდინამ” სტუმრად 2:1 დაამარცხა “დონი სრემი.” “ვოივოდინას” რიგებში დავით კოხიას კვლავ არ უთამაშია. სერბეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ვოივოდინა” 43 ქულით მე-4 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასის 31-ე ტურში “პოდბესკიძიე” შინ “ზავიშას” დაუზავდა (2:2). “ზავიშას” განაცხადში ვერ ვიხილეთ გიორგი ალავერდაშვილი. პოლონეთის რანგით პირველ ლიგაში დარჩენისთვის რვა გუნდი ცალკე აგრძელებს ბრძოლას. “ზავიშა” 16 ქულით ბოლო, მერვე ადგილზეა.

პოლონეთის პირველი ლიგის 29-ე ტურში “ბიტოვიამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “არკა.” “არკას” განაცხადში ოთარ ჯავაშვილი არ იმყოფებოდა. პოლონეთის 18 გუნდიან პირველ ლიგაში “არკა” 40 ქულით მეცხრე ადგილზეა.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიონის 29-ე ტურში “დაჩიამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ზიმბრუ.” დაჩიას შემადგენლობაში ჯაბა დვალს არ უთამაშია, დავით სირაძე კი 79-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. მოლდოვის 11 გუნდიან ჩემპიონატს “დაჩია” 52 ქულით ლიდერობს.

მოლდოვის ჩემპიონატში “საქსანი” შინ “შერიფთან” დამარცხდა (0:1). “საქსანის” შემადგენლობაში გოგინაშვილმა 65-ე წუთამდე ითამაშა. “საქსანი” 27 ქულით მე-6 ადგილზეა.

პორტუგალიის პრიმეირალიგის 32-ე ტურში “პორტუმ” შინ 2:0 დაამარცხა “ჟილ ვისენტე.” სტუმართა განაცხადში ავთანდილ ებრალიძე არ იმყოფებოდა. პორტუგალიის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ჟილ ვისენტე” 23 ქულით მე-17 ადგილზეა.

სამხრეთ აფრიკის პრემიერლიგაში სეზონი დასრულდა. დასკვნით 30-ე ტურში “ბიდვესტ ვითსმა” შინ 1:0 დაამარცხა “პლატინუმი.” მასპინძელთა განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა გიორგი ნერგაძე. ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობდა. “ბიდვესტ ვითსი” 52 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119541