ფეხბურთი

1:58 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,ზუგდიდმა“ დასახულ მიზანს მიაღწია

27-ე ტურის ყველაზე ნაკლებ დამაინტრიგებელი შეხვედრა ,,ბაიას” საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,ზუგდიდმა” საჩხერის ,,ჩიხურას” უმასპინძლა. ზემოიმერელთათვის სეზონი ფაქტობრივად დასრულებულია. საჩხერელებმა უპირველესი მიზანი - ევროსარბიელზე გასვლა ვერ განახორციელეს. რაც შეეხებათ ოდიშელებს, გუნდმა რომელმაც პირველი წრე სატურნირო ცხრილის ფსკერზე დაასრულა, ჩემპიონატის მეორე ნახევარში სრული მობილიზება მოახერხა და სახიფათო ზონას გვარიანად დასცილდა.

მატჩი მასპინძელთა მწვავე შეტევით დაიწყო. შეხვედრის დებიუტშივე ზუგდიდლებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. კუტალიამ მოედნის ცენტრიდან ბურთი მარცხენა ფლანგზე წურწუმიას გადაუმისამართა, მან კი თავის მხრივ შეტევაში შოთა ლომია ჩართო. ზუგდიდელთა კაპიტანმა გამოზომილი პასით გუგუჩია ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის ძლიერი დარტყმა ქვილითაიამ ნახტომით კუთხურზე მოიგერია.

ამ მომენტიდან ათ წუთში აშკარა გოლს უკვე მასპინძლები გადაურჩნენ. კორიფაძის გადაცემის შემდეგ დეკანოიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და გამიზნული დარტყმით მეტოქის დამწუხრება სცადა, თუმცა კარის ჩარჩოს ოდნავ ააცილა.

ამის შემდეგ უპირატესობას ისევ ზუგდიდლები დაეუფლნენ. ტაიმის შუაწელს მათ ზედიზედ ორჯერ სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა ორივეჯერ ქვილითაიამ იმარჯვა და სიტუაცია განმუხტა.

ნახევარი საათის მიწურულს ოდიშელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ. მასპინძლებმა შეტევა მარჯვენა ფრთიდან განავითარეს და გუგუჩიამ გამჭოლი გადაცემით წურწუმია ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა უკანასკნელ წამს მას ერთ-ერთი მცველი გადაეღობა და კარებში დარტყმის საშუალება არ მისცა.

მეგრელებს მონდომება 34-ე წუთზე დაუფასდათ. გოლი მასპინძელთა განაპირა მცველების აქტიურობას მოჰყვა. რიგვავამ მარჯვენა ფრთაზე გაილაღა, მან რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და შორეულ ძელთან ჩასაფრებულ მეგრელიშვილს ჩინებული გადაცემა გაუკეთა. შეტევაში ჩართულმა მეგრელიშვილმა თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და ზუსტი თავური დარტყმით ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში მოათავსა -1:0.

ხუთ წუთში ზემოიმერლებმა თანაფარდობა აღადგინეს. სტუმართა გოლიც პრაქტიკულად იდენტური გამოდგა. კორიფაძის ჩაწოდებულზე ყველას ჩიკვაიძემ დაასწრო და თავური დარტყმით ბობღიაშვილს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა - 1:1.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე ზუგდიდელებს დაწინაურება შეეძლოთ. დუბლის გაკეთება მართებდა მეგრელიშვილს. გუგუჩია - ლომია - მეგრელიშვილის სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ოდნავ უზუსტო გამოდგა.

შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო დაძაბული, თუმცა სახიფათო მომენტების მხრივ ერთობ მწირი აღმოჩნდა. პირველად ლომიამ შეუტია და საჯარიმოს მიახლოვებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთმა ქვილითაიას დასაცავ ობიექტს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. შემდეგ გუგუჩია ცდილობდა საჯარიმო დარტყმიდან თავის გამოჩენას. მანაც მცირედით ააცილა. ტაიმის შუაწელს გუგუჩიამ კიდევ ერთხელ აანერვიულა სტუმრები, როცა საჯარიმოს ხაზთან ახლოს დანიშნული სტანდარტული შეასრულა. ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო.

73-ე წუთზე მასპინძლებს დაწინაურება შეეძლოთ. ხუთიოდე წუთის წინ შეცვლაზე შესული კუკავა დრიბლინგით რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტდა და ხელსაყრელ პოზიციაზე გადიოდა, როცა იგი ლუბჩაკმა აკრძალული ილეთით შეაჩერა. არბიტრმა სტუმრები დააჯარიმა, ხოლო უკრაინელი ლეგიონერი გააფრთხილა. სტანდარტული დარტყმა ისევ გუგუჩიამ შეასრულა, მაგრამ მიზანში ვერც ამჯერად მოახვედრა.

ამის შემდეგ სტუმართა დამრიგებელმა სოსო ფრუიძემ ვეტერან ოდიკაძის ნაცვლად მინდორზე კუჭუხიძე შეუშვა, რომელმაც ორთაბრძოლებს მეტი სიმწვავე შემატა და თავისიანებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

შეხვედრის უკანასკნელი აკორდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და დოგრაშვილის საფინალო სასტვენმა მეტოქეები მშვიდობიანად გაჰყარა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ბესიკ შეროზია (,,ზუგდიდი’’): ,,ჩვენი ჩემპიონატის პირობაზე ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. შეხვედრა საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა. ვფიქრობ მოგებაც შეგვეძლო, თუმცა უკმაყოფილო არც ამ შედეგით ვარ.”

სოსო ფრუიძე (,,ჩიხურა“): ,,ორივე გუნდს სტრესი მოხსნილი გვქონდა, ამიტომ ძალიან კარგი და სანახაობითი თამაში გამოვიდა. ვფიქრობ ფრე სამართლიანი შედეგია.”

,,ზუგდიდი” (ზუგდიდი) - ,,ჩიხურა” (საჩხერე) 1:1 (1:1)
9 მაისი. 17.00. ზუგდიდი. ,,ბაიას” საწვრთნელი ბაზა. 1000 მაყურებელი.

,,ზუგდიდი”: ბობღიაშვილი, პაჭკორია, ლ. აკობია, რიგვავა, მეგრელიშვილი, კობერიძე, წურწუმია (ფარჯიკია 89), შ. ლომია (კ), კუტალია, გუგუჩია (სამუშია 81), ენდელაძე (კუკავა 67);

მთ. მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

,,ჩიხურა”: ქვილითაია, ბაჯელიძე, ლუბჩაკი, განუგრავა, კაკაშვილი, კორიფაძე, დეკანოიძე, სარდალიშვილი (ტროიანოვსკი 81), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, ოდიკაძე (კ) (კუჭუხიძე 76);

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 მეგრელიშვილი (34), 1:1 ჩიკვაიძე (39);

გაფრთხილება: გუგუჩია (18), წურწუმია (32), ლუბჩაკი (73), კობერიძე (86), ბაჯელიძე (86);

არბიტრი: გიორგი დოგრაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162379