ფეხბურთი

23:51 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გურიამ” რევანში აიღო

საინტერესო უხვგოლიანი შეხვედრა შედგა ლანჩხუთში ადგილობრივ “გურიასა” და “სამტრედიას” შორის. ამ გუნდებს შორის ჩატარებული პირველი მატჩი, სამტრედიაში სამტრედიელთა გამარჯვებით 3:1 დამთავრდა და დღევანდელ შეხვედრაში გურულებმა რევანში აიღეს. რაც შეეხებათ სტუმრებს, ფოთის “კოლხეთთან” ჩატარებული უფერული შეხვედრის შემდეგ, უკეთესი თამაშის მოლოდინში იყო სამტრედიელი გულშემატკივარი, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ჟინით და მეტი მოძრაობით აჯობეს მასპინძლებმა მეტოქეს და ეს შედეგზეც აისახა.

აღნიშნულ მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, “სამტრედიას” ლევან კაკუბავა და ზურაბ ხიზანიშვილი ვერ დაეხმარნენ, მასპინძელთა რიგებში კი დისკვალიფიკაციის გამო ერეკლე კილაძე და კობა შალამბერიძე არ იყვნენ.

შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა, გახსნილი, სახიფათო ეპიზოდებით დატვირთული, ლაღი ფეხბურთი იხილა.

პირველი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს, იაშვილის კარგი პასის შემდეგ თევზაძემ ფლანგიდან გამოზომილი გადაცემა გაუკეთა გურულს, რომლის დარტყმაც მეკარემ მოიგერია.

საპასუხო იერიში კი გოლად აქციეს გურულებმა. კოშკაძემ “სამტრედიელთა” საჯარიმოში ვილი ისიანი მოძებნა, ისიანის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთის მოგერიება სტუმართა კიპერმა შესძლო, მაგრამ დამატებაზე ვერაფერს გახდა და ისიანის გოლით “გურია” დაწინაურდა.

გოლის გატანიდან 20 წუთში ბენაშვილი დაემუქრა თევდორაძის კარს შორეული უძლიერესი დარტყმით, მეკარემ მუშტებით მოიგერია ბურთი.

30-ე წუთზე ისევ გურული მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა მეკარესთან პირისპირ ცდილობდა გასვლას, თუმცა თებიძის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მან სწრაფად დატოვა კარი და დაასწრო გურულს საკუთარ საჯარიმოში.

ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე მეორე ბურთი მიიღო “სამტრედიამ”. გოლი სტანდარტულიდან გაიტანეს გურულებმა. საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა გამოცდილმა კოშკაძემ, საჯარიმოში კი ყველას უკრაინელმა ლეგიონერმა ზოზულიამ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში უფრო სოლიდური გახადა 2:0.

მეორე ნახევარში ზაზა ზამთარაძემ ცვლილებებს მიმართა და თევზაძის და გურულის ნაცვლად დოლიძე და გეწაძე შეიყვანა მოედანზე. უნდა ითქვას, რომ ამ ცვლილებების შემდეგ შედარებით უკეთ ათამაშდნენ სამტრედიელები და სწორედ გეწაძის აქტიურობას მოჰყვა მათი ერთადერთი გოლი. 53-ე წუთზე გეწაძემ მარცხენა ფლანგზე სისწრაფეში დაჯაბნა მეურვე და გამჭოლი გადაცემა გააკეთა გურულთა საჯარიმოში, სადაც ზოზულიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

62-ე წუთზე სამტრედიელებმა საჯარიმოდან ბურთის გამოტანას დიდი დრო მოანდომეს, საბოლოოდ საჯარიმოს მისადგომებთან ინგოროყვას მიუვიდა ბურთი და შორიდან უძლიერესი დარტყმით სტუმრების კარის ხარიხა შეაზანზარა.

მიუხედავად ასაკისა, როგორც სხვა თამაშებში სტუმრების მხრიდან გამორჩეული იყო ალექსანდრე იაშვილი, მისი კარგი პასებით რამდენჯერმე შეეძლოთ სტუმრებს სიტუაციის გამწვავება, მაგრამ საბოლოო დაგვირგვინება არ გამოსდიოდათ სამტრედიელებს. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს იაშვილის ტექნიკური პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა კაპანაძემ დაბალ კუთხეში დაურტყა თებიძეს და თითქოსდა გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა კარის გვერდითა ძელმა მოიგერია ბურთი.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მთელი გუნდით წინ წავიდა “სამტრედია” და “გურიამ” საკმაოდ სახიფათო კონტრიერიში გოლით დააგვირგვინა, შეცვლაზე შემოსულმა უკრაინელმა ლეგიონერმა შეველმა გამოიჩინა თავი 3:1.

9 მაისი. 17:00. ლანჩხუთი. “ე. შევარდნაძე”.

“გურია” (ლანჩხუთი) – “სამტრედია” (სამტრედია) 3:1 (2:0)

“გურია”: თებიძე, ზოზულია, გოგიაშვილი (ღაღანიძე, 84), ჭეიშვილი, მჭედლიშვილი, ბენაშვილი, ინგოროყვა, მოსიაშვილი (შეველი, 82), კოშკაძე, წილოსანი (კონოვალოვი, 89), ისიანი.

მთავარი მწვრთნელი: გელა იმნაძე

“სამტრედია”: თევდორაძე, თედორე გრიგალაშვილი, შალიკაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, კვირკველია, შარიქაძე, გორგიაშვილი (დოლიძე, 46), იაშვილი, თევზაძე (გეწაძე, 46), გურული გაბედავა.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გოლები: ისიანი (18), ზოზულია (44), ზოზულია (ს.კარ. 53), შეველი (90+4)

გაფრთხილება: მჭედლიშვილი (49), ბენაშვილი (57), შალიკაშვილი (66), თორნიკე გრიგალაშვილი (76)

მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა

0.122666