ფეხბურთი

16:52 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა - ნახევარფინალების შემდეგ

უეფას ევროპის ლიგაზე ჩემპიონთა ლიგის მსგავსად პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, რომლის შემდგომაც რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი დაფიქსირდა.

"სევილიასთვის" ფლორენციის "ფიორენტინასთან" მოგებული მატჩი ევროპის ლიგაზე ზედიზედ მეცხრე გამოდგა. რეკორდი ამ მხრივ "ატლეტიკოსა" და "ბენფიკას" ეკუთვნით, რომლებსაც მიჯრით ათჯერ უმარჯვიათ.

"ფიორენტინამ" სტუმრად 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ჯამში კი ეს მათი მესამე მარცხია - აქამდე "იებს" ფლორენციაში "იუვენტუსთან" (0:1) და მინსკის "დინამოსთან" (1:2) წაეგოთ.

"სევილიამ" ნახევარფინალებში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო პორტუგალიური "პორტუს" შემდეგ. "დრაკონებმა" 2011 წელს "ვილიარეალს" ამავე ეტაპზე 5:1 აჯობეს.

სევილიელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ევროპის ლიგაზე 48-ე შეხვედრაში უთავკაცა გუნდს. ფინალში გასვლის შემთხვევაში კი მას იუბილე ექნება. ვარშავაში გასამართი თამაში ემერის 50-ე მატჩს ემთხვევა.

აქამდე 0:3 წაგების შემდეგ პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზე გაღწევა მხოლოდ ერთ გუნდს მოუხერხებია. ეს გასული სეზონის მეოთხედფინალში მოხდა. ესპანურმა "ვალენსიამ" სტუმრად 0:3 მარცხის მერე, "მესტალიაზე" შვეიცარიულ "ბაზელს" 5:0 მოუგო (დამატებით დროში).

"ნაპოლისა" და "დნიპროს" მატჩი გამოდგა ნახევარფინალების ისტორიაში პირველი, რომელიც შედეგიანი ფრით დასრულდა. აქამდე ორჯერ იყო დაფიქსირებული ნულოვანი ფრე - 2009-2010 წლების სეზონში, "ფულჰემი" - "ჰამბურგი" და ერთი წლის წინ, "იუვენტუსი" - "ბენფიკა".

1:1 ევროპის ლიგის ყველაზე პოპულარული ანგარიშია. "ნაპოლი" - "დნიპროს" თამაში ამ მხრივ 138-ე გამოდგა. მეორე ადგილზე 1:0-ია, 137 მატჩით.

"ნაპოლის" და "ფიორენტინას" რომის "ლაციოსთან" ერთად ევროპის ლიგაზე იტალიურ კლუბებში ყველაზე მეტი გამარჯვება აქვთ მოპოვებული - 13. იტალიურ გუნდებს ფინალურ მატჩამდე აქამდე არ მიუღწევიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110445