ფეხბურთი

9:05 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადირობა ბურთზე

„ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ დღევანდელ დაპირისპირებას თან არაერთი ინტრიგა ახლავს. ერთ-ერთი მათგანი პეპ გვარდიოლაა. 44 წლის ესპანელმა სპეციალისტმა თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი „ბარსელონაში“ გაატარა და დღეს ის, კატალონიურ გუნდს, ოფიციალურ მატჩში, პირველად დაუპირისპირდება.

პეპ გვარდიოლამ, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელმა, არამედ როგორც მწვრთნელმაც, ფეხი „ბარსელონაში“ აიდგა. კატალონიელთა პირველ გუნდში მწვრთნელობის დროს, მან გუნდს 14 ტიტული მოაგებინა და „ბარსას“ ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან არაერთი კარიერულ წინსვლას სწორედ მას უნდა უმადლოდეს.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც დღევანდელ თამაშს თან ახლავს - ვის ექნება ბურთის ფლობაში უპირატესობა? იმ 4 წლის განმავლობაში, როდესაც გვარდიოლა „ბარსელონას“ წვრთნიდა, კატალონიელები აბსოლუტურად ყველა მატჩში ბურთზე კონტროლს აწესებდნენ. სიტუაცია დიდად არც გვარდიოლას წასვლის შემდეგ შეიცვალა. მას შემდეგ მე-3 სეზონი იწურება და „ბარსამ“ ბურთის ფლობაში უპირატესობა მეტოქეს მხოლოდ 2-ჯერ დაუთმო - 2013/14 წლების სეზონისთვის მზადებისას, „ბაიერნთან“ ამხანაგურ მატჩში (იმ შეხვედრაში მიუნხენელებს სწორედ გვარდიოლა წვრთნიდა) და იმავე სეზონში, უკვე ოფიციალურ შეხვედრაში, „რაიოს“ წინააღმდეგ.

„ბაიერნში“ მისულმა გვარდიოლამ ბურთზე კონტროლის დაწესება მიუნხენელ ფეხბურთელებსაც დაავალა და მიმდინარე სეზონში, „ბაიერნს“, ამ მხრივ, „ბარსელონაზე“ უკეთესი შედეგებიც აქვს. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, „ბაიერნი“ ბურთს, საშუალოდ, 65.9%-ის განმავლობაში ფლობს. „ბარსელონას“ შედეგი 63.6% არის. რა თქმა უნდა, ეს გუნდები პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ. „ბარსა“ და „ბაიერნი“ შიდა ასპარეზზეც ლიდერები არიან. ლა ლიგაში, „ბარსელონას“ ბურთის ფლობის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 69.4 არის. „ბაიერნი“ აქაც უკეთესია - 69.8%.

როდესაც „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ შეხვედრაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ამ გუნდებს შორის 2 წლის წინათ გამართული დაპირისპირება არ გავიხსენოთ. ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში, მიუნხენელებმა მეტოქე შინ 4:0, ხოლო სტუმრად 3:0 გაანადგურეს. დღეს, სიტუაცია შეცვლილია. „ბარსელონა“ მოძლიერდა, ხოლო „ბაიერნი“ საკადრო პრობლემებმა დაასუსტა და ბუნებრივია, კატალონიელები რევანშის აღებას აპირებენ.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში გერმანულ გუნდს დიდი უპირატესობა აქვს. სულ გამართული 8 ოფიციალური მატჩიდან „ბარსელონამ“ მხოლოდ 1 მოიგო, ისიც მაშინ, როდესაც ამ გუნდს „ბაიერნის“ ამჟამინდელი დამრიგებელი წვრთნიდა. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, პეპ გვარდიოლას „ბარსელონამ“ „ბაიერნი“ 4:0 გაანადგურა. დანარჩენი 7 შეხვედრიდან 5 მიუნხენელებმა მოიგეს და 2 ფრედ დასრულდა. „რეკორდმაისტერს“, ბუნებრივია, უპირატესობა აქვს ბურთების შეფარდებაშიც - 15:9.

„ბაიერნი“ „ბარსელონას“ „კამპ ნოუზე“ გამართულ შეხვედრებშიც ჯობნის. ამ სტადიონზე ჩატარებული 4 დაპირისპირებიდან მასპინძლებმა მხოლოდ 1 მოიგეს, დანარჩენი 3 კი - სტუმრებმა.

„ბარსელონას“ გერმანულ გუნდებთან სულ 53-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 29 მოგება, 11 ფრე და 13 მარცხი დაუგროვდათ. საკუთარ კედლებში გამართული 23 შეხვედრიდან „ბარსამ“ 16 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 6 დათმო.

„ბაიერნი“ ესპანეთის წარმომადგენლებს 48-ედ შეხვდება. წინა 47 მატჩიდან მიუნხენელებმა 22 მოიგეს, 12 ფრედ ითამაშეს და 12 წააგეს. ესპანეთში გამართულ 22 თამაშში „რეკორდმაისტერს“ 6 მოგება, 5 ფრე და 11 მარცხი აქვს.

შიდა ასპარეზზე ორივე გუნდი წარმატებით გამოდის. „ბარსელონამ“, ლა ლიგის ბოლო 4 თამაში მშრალად მოიგო. ლუის ენრიკეს გუნდმა, ამ ოთხ შეხვედრაში, 18 გოლი გაიტანა. „ბარსელონა“ გათამაშებას 2-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, რაც კატალონიელებს მოდუნების უფლებას არ აძლევს.

ბუნდესლიგის ბოლო ტურში წაგების მიუხედავად, „ბაიერნს“ გერმანიის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს. ეს გვარდიოლას ფეხბურთელების დასვენების საშუალებას აძლევს, რაც მიუნხენელთათვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მათ არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ.

დღევანდელ მატჩს იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის. მას, „ბარსელონას“ მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში, 3-ჯერ უმსაჯია. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიელებმა „პანათინაიკოსი“ 5:1 დაამარცხეს. 2011 წელს, იმავე ტურნირის 1/8-ფინალში, „ბარსა“ „არსენალთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში, კვლავ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიურმა გუნდმა „პარი სენ ჟერმენთან“ 2:3 წააგო.

რიცოლი „ბაიერნის“ შეხვედრაში მონაწილეობას მეხუთედ მიიღებს. მიუნხენელებს, წინა ოთხ შეხვედრაში, 2-2 მოგება და წაგება აქვთ. 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, „ბაიერნი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა, ანგარიშით 2:3. 2012 წელს, უკვე 1/8-ფინალში, მიუნხენელებმა „ბაზელთან“ 0:1 წააგეს. 2013 წელს, რიცოლიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმსაჯა, რომელშიც „ბაიერნმა“ „დორტმუნდი“ 2:1 დაამარცხა. 2014 წელს კი, 1/8-ფინალში, „რეკორდმაისტერმა“ „არსენალს“ ლონდონში ანგარიშით 2:0 მოუგო.

დღევანდელ მატჩს „ბარსელონა“ ერთადერთი დანაკლისით ხვდება. ლუის ენრიკეს ტრავმირებული ჟერემი მატიე არ ეყოლება. „ბაიერნის“ დანაკლისი გაცილებით სერიოზულია. მიუნხენელებს, ტრავმების გამო, დავიდ ალაბა, არიენ რობენი, ჰოლგერ ბადშტუბერი და ფრანკ რიბერი არ ეყოლებათ. ბოლო დღეებში ტრავმა აწუხებს რობერტ ლევანდოვსკისაც, მაგრამ ივარაუდება, რომ ის მოედანზე დამცავი ნიღბით გამოვა.

  • “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა, რაც კლუბის რეკორდია;
  • “ბარსელონამ”, “ბაიერნთან” გამართული წინა 8 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • “ბაიერნმა”, “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართული 4 თამაშიდან 3 მოიგო;
  • “ბარსელონამ”, 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ, საკუთარ კედლებში გამართული ევროტურნირის მატჩი ერთადერთხელ, “ბაიერნთან” წააგო. მას შემდეგ, “კამპ ნოუზე” გამართული 32 საჩემპიონთალიგო თამაშიდან კატალონიელებმა 25 მოიგეს და 7 ფრედ დაასრულეს;
  • “ბარსელონა” და “ბაიერნი” ევროტურნირის 1/2-ფინალში ერთმანეთს მესამედ ხვდებიან. წინა ორ შემთხვევაში მიუნხენელებმა ფინალში გასვლა და ტურნირის მოგება მოახერხეს (1996 წელს უეფას თასი და 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა);
  • “ბაიერნს” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან 2-ჯერ გამოაგდებს;
  • 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, 2 მატჩის ჯამში, “ბაიერნმა” “ბარსელონა” 7:0 გაანადგურა, რაც ამ ეტაპის რეკორდია;
  • “ბარსელონას”, ჩემპიონთა ლიგაზე, მოგებათა 8-მატჩიანი სერია აქვს, რაც 2002/03 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა;
  • “ბაიერნმა”, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გამართული ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო;
  • “ბაიერნმა”, მიმდინარე სეზონში, 30 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია;
  • “ბაიერნის” ამჟამინდელმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, “ბარსელონაში” 23 წელი გაატარა. აქედან 11 წელი ის პირველ გუნდში თამაშობდა, ხოლო 4 წელი პირველ გუნდს წვრთნიდა. გვარდიოლამ, მწვრთნელობის დროს, კატალონიელებს 14 ტიტული მოაგებინა;
  • “ბაიერნის” ესპანელი ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველ გუნდში ის 2009-2013 წლებში თამაშობდა;
  • “ბარსელონამ”, მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ კედლებში ჩატარებული ოთხივე თამაში მოიგო;
  • “ბარსელონამ”, გერმანულ გუნდებთან გამართული 18 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან 13 მოიგო;
  • “ბაიერნმა”, ესპანურ გუნდებთან გამართული 18 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან 9 მოიგო. ესპანეთის წარმომადგენლებთან გამართულ შვიდ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში 5-ჯერ გამარჯვება მიუნხენელებს დარჩათ;
  • “ბარსელონამ”, ბოლო 40 ოფიციალური თამაშიდან 36, ხოლო ბოლო 16-დან 15 მოიგო;
  • “ბარსელონას” შემტევმა ტრიომ (მესი-ნეიმარი-სუარესი), მიმდინარე სეზონში, 108 გოლი გაიტანა და მესი-ეტოო-ანრის მიერ დამყარებული კლუბის რეკორდი (100 გოლი) გააუმჯობესა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, სუარესი, ნეიმარი.

ბაიერნი (4-1-3-2): ნოიერი, რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი, ლამი, ალონსო, ტიაგო, შვაინშტაიგერი, მიულერი, ლევანდოვსკი.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142966