ფეხბურთი

1:22 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურინში ვერაფერი გაირკვა, ბერლინის გზა მადრიდზე გადის

„იუვენტუსსა“ და „რეალს“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გამართულმა პირველმა დაპირისპირებამ ვერაფერი გაარკვია. „იუვენტუს სთედიუმზე“ დაფიქსირებული შედეგი, განმეორებითი შეხვედრის წინ, ორივე გუნდს მეტნაკლებად თანაბარ შანსს აძლევს.

ტურინში გამართული შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. საწყის წუთებში, მადრიდელი ცენტრალური მცველები შეცდომებს ხშირად უშვებდნენ და „იუვენტუსის“ შემტევებს მომენტების შექმნის საშუალებას აძლევდნენ. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში, მე-9 წუთზე, კარლოს ტევესის სახიფათო დარტყმა კასილიასმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე „რეალის“ სკოლის აღზრდილმა, ალვარო მორატამ ივარგა და ანგარიში გახსნა. „ბებერი სინიორას“ ეს საგოლე კომბინაცია 27 პასისგან შედგებოდა, რაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების რეკორდია.

„იუვენტუსმა“, ანგარიშის გახსნის შემდეგ, თამაშის სადავეები დათმო და უპირატესობა ხელთ „რეალმა“ იგდო. მადრიდელები, თითქმის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, ჯიუტად მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, რასაც მხოლოდ ერთი სახიფათო მომენტის შექმნა მოჰყვა - ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა რონალდუმ არაზუსტად დაარტყა.

ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში, „რეალმა“ უკვე მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, რამაც შედეგიც მოიტანა. ხამეს როდრიგესის ჩაწოდების შემდეგ, ტურინელ მცველებს კრიშტიანუ რონალდუ დაავიწყდათ და კარის წინ მდგარმა პორტუგალიელმა თავით იოლი ბურთი გაიტანა.

ამ გოლის წყალობით, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა. მას, ამ ტურნირზე, 76 გოლი დაუგროვდა. „რეალის“ მე-7 ნომერმა ლიონელ მესის გადაასწრო.

აღსანიშნავია, რომ რონალდუმ, ბოლო დროს, თავით გოლის გატანას განსაკუთრებით უხშირა. მისი უკანასკნელი 21 გოლიდა 12 სწორედ თავურ დარტყმას მოჰყვა. პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის რეკორდთან ახლოსაა. მას, ამ ტურნირზე, თავით გატანილი უკვე 13 ბურთი დაუგროვდა, რაც რაულის შედეგის გამეორებაა. უკეთესი მაჩვენებელი (14 გოლი) მხოლოდ ფერნანდო მორიენტესს აქვს.

აღსანიშნავია, რომ რონალდუმ, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში, მე-9 გოლი გაიტანა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. არცერთ სხვა ფეხბურთელს, ამ ეტაპზე, ხუთზე მეტი გოლი არ გაუტანია.

„რეალს“ კიდევ ერთი გოლის გატანა პირველივე ტაიმში შეეძლო, როდესაც ხამეს როდრიგესი ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ მისი თავურის შემდეგ ტურინელთა კარი ხარიხამ იხსნა.

მე-2 ტაიმი მშვიდად დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი 58-ე წუთზე შეიქმნა და გოლითაც დასრულდა. ტურინელებმა კონტრშეტევა განახორციელეს, რა დროსაც კარლოს ტევესი მეტოქის საჯარიმოში შევიდა და არგენტინელი დანი კარვახალმა საპენალტედ წააქცია. სტანდარტი ტევესმა თავად შეარულა და „იუვენტუსი“ წინ მეორედ გავიდა.

ტევესის საამსეზონო მონაგარი აღფრთოვანებას იწვევს. მას, „იუვენტუსში“ გადასვლამდე, ჩემპიონთა ლიგაზე სულ 6 გოლი ჰქონდა გატანილი. მიმდინარე გათამაშებში კი მან მეტოქეთა კარი უკვე 7-ჯერ აიღო. არგენტინელმა, მთელს სეზონში, 29 ბურთი გაიტანა. „იუვენტუსის“ ფეხბურთელს ასეთი შედეგი ბოლოს 2005/06 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც ამდენივე გოლი დავიდ ტრეზეგემ გაიტანა.

ეს თერთმეტმეტრიანი მე-8 იყო, რომელიც იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგაზე გაუშვა. ესპანელი კიპერი, ამ მხრივ, ტურნირის რეკორდსმენია.

„რეალი“, მე-2 გოლის გაშვების შემდეგ, თამაშს კი აკონტროლებდა, მაგრამ მადრიდელებმა, მთელს მე-2 ტაიმში, მეტოქის კარში ზუსტად დარტყმა ერთხელაც ვერ მოახერხეს.

„რეალმა“ რომ მე-2 ტაიმში გოლი ვერ გაიტანა, ეს გასაკვირი არაა. მიმდინარე გათამაშებაში, მადრიდელებს შესვენების შემდეგ მეტოქეთა კარის აღება უჭირთ. 23 გოლიდან 16 პირველ ტაიმში გავიდა. კრიშტიანუ რონალდუმ, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე გათამაშებაში უკვე 9 გოლია, ყველა მათგანი შესვენებამდე გაიტანა. „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მოედანზე გამოსული 13 ფეხბურთელიდან კი მე-2 ტაიმში გოლი მხოლოდ მარსელოსა და ხავიერ ერნანდესს აქვთ გატანილი.

საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ იმ ანგარიშით მოიგო, რომელიც გუნდებს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარ შანსს უტოვებს. ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, 2:1 ტურინელებს ფინალში გასვლის 51%-იან შანსს უტოვებს.

თუმცა, თუ კონკრეტულად ამ გუნდების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, „ბებერი სინიორას“ შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. საქმე ისაა, რომ „იუვემ“, ევროტურნირებზე, საკუთარ კედლებში გამართული პირველი თამაში ამ ანგარიშით მეხუთედ მოიგო. ტურინელები, წინა 4 შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გასვლას ახერხებდნენ. შთამბეჭდავია ზოგადად იტალიური გუნდების მიღწევაც. ამ ქვეყნის წარმომადგენლებს, ევროტურნირის ფლეი ოფში, პირველ საშინაო შეხვედრაში 2:1 აქამდე 26-ჯერ მოუგიათ და ორრაუნდიანი დაპირისპირება 19-ჯერ მათი გამარჯვებით დასრულდა.

„რეალმა“ კი, ბოლო ორ შემთხვევაში, როდესაც გასვლაზე ჩატარებული პირველი თამაში 1:2 წააგო, ჩამორჩენის გაბათილება ვერ მოახერხა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ „რეალმა“, ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი მერვედ წააგო, ხოლო წინა 7 შემთხვევაში მადრიდელები ფინალს მიღმა დარჩნენ.

იუვენტუსი-რეალი 2:1 (1:1)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, მარკიზიო, პირლო, სტურარო (ბარძალი 64), ვიდალი, ტევესი (პერეირა 86), მორატა (ლიორენტე 78).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

რეალი (4-4-2): კასილიასი, კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო, რამოსი, კროოსი, ისკო (ერნანდესი 63), როდრიგესი, ბეილი (ხესე 86), რონალდუ.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 1:0 მორატა (9), 1:1 რონალდუ (27), 2:1 ტევესი (58, პენ).

გაფრთხილებები: ბონუჩი 5, ტევესი 46, ვიდალი 56, კიელინი 90+3 – მარსელო 57, კარვახალი 75, როდრიგესი 85.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 12 (7)-12 (3), კუთხური: 1-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-5, ჯარიმა: 19-13.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120096