ფეხბურთი

13:26 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ლატარია: “მსგავსი მატჩები რეგიონებში ფუტსალის განვითარებას ხელს შეუწყობს”

9 მაისს სენაკის სპორტის სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის და სამეგრელოს რეგიონალური ფუტსალის ასოციაციის მიერ ორგანიზებული ამხანაგური შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს საქართველოს ნაკრები და სამეგრელოს რეგიონალური ასოციაციის ნაკრები შეხვდებიან. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრა სამეგრელოს რეგიონალური ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ლატარიამ.

ლევან ლატარია: “ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ფუტსალის ასოციაციას, კურსი აქვს აღებული რეგიონალურ ტურნირებზე, ასევე ბავშვთა ფუტსალის განვითარებაზე. საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა ბავშვთა ფუტსალში ტურნირები. აქვე სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ სენაკში შეიქმნა პირველი, ბავშვთა ფუტსალის სკოლა. რომლის პატრონობა მთლიანად სენაკის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. რაც შეეხება დიდ გუნდს, კარგი ანგარიშგასაწევი გუნდის ჩამოყალიბება ფინანსებთანაა დაკავშირებული და სამომავლოდ იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხითაც მოგვარდება ყველაფერი.

_ ხომ არ იგეგმება სპარინგ-მატჩები უცხოურ გუნდებთან?

_ დიახ, ვაპირებთ. გარდა იმისა, რომ საქართველოს ფუტსალის ასოციაცია გეგმავს რეგიონალური ასოციაციის ნაკრებთან მატჩის გამართვას, რათა შეირჩეს ეროვნული ნაკრებისთვის სასურველი კანდიდატები, ახლო მომავალში იდეაში გვაქვს გავმართოთ ამხანაგური მატჩები თურქეთის და სომხეთის ნაკრებებთან და ეს შეხვედრები სენაკის სპორტის სასახლეში ჩატარდეს, სადაც იდეალური პირობებია იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ჩატარდეს.

_ რამდენად დიდია ფუტსალის მიმართ ინტერესი სამეგრელოში?

_ 9 მაისის მატჩზე სამეგრელოს რეგიონალურ ფუტსალის ასოციაციის ნაკრებში სამეგრელოს ყველა რაიონიდან გვყავს მოწვეული ფეხბურთელები. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ზეიმი მთელი სამეგრელოსთვის და შედგება კარგი სანახაობა, რადგან თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ამ შეხვედრაში პრინციპული მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ რომელი გუნდი გაიმარჯვებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რეგიონებში ფუტსალი განვითარდეს და დარწმუნებული ვარ, 9 მაისს სენაკის სპორტის სასახლეში ანშლაგი იქნება.

აღნიშნული შეხვედრა 9 მაისს სენაკში, სპორტის სასახლეში 14:00 საათზეა დანიშნული.

0.126858