ფეხბურთი

10:40 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

12 წლის შემდეგ – “იუვე” ნახევარფინალში, ისევ “რეალის” წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნანატრი ნახევარფინალი სტარტს დღეს აიღებს. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ოთხეულში ის გუნდები მოხვდნენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად გადიან. ეს კი ძალზე საინტერესო 4 თამაშის მოლოდინს ქმნის.

პირველ წყვილში ერთმანეთს “იუვენტუსი” და “რეალი” დაუპირისპირდებიან. ამ გუნდების აქტივში ჩემპიონთა თასის/ლიგის 20 ფინალი და 12 ტიტულია.

“რეალმა”, გასულ სეზონში, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპული წარმატების გემო გაიხსენა. იგივეს წელს შეეცდება “იუვენტუსი”. ტურინული გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ბოლოს 12 წლის წინათ იყო. 2002/03 წლების სეზონში, “ბებერმა სინიორამ”, “რეალთან” გამართულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში, 4:3 მოიგო და ფინალში გააღწია, სადაც კარლო ანჩელოტის “მილანთან” დამარცხდა.

“იუვენტუსი” და “რეალი” ერთმანეთს სულ 16-ჯერ შეხვედრიან. ტურინელებმა 7-ჯერ მოიგეს, მადრიდელებმა – 8-ჯერ, ხოლო ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 18:16, “იუვენტუსის” სასარგებლოდ. ამ გუნდებს შორის გამართულ მატჩებში ყველაზე დიდი უპირატესობით მოგება 3:1 და 2:0 დაფიქსირდა.

ტურინში გამართული 7 დაპირისპირებიდან 5 მასპინძლებმა მოიგეს, 1 სტუმრებმა, ხოლო ერთმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. “რეალმა” “იუვე” სტუმრად ამ გუნდების პირველ მატჩში, 1962 წელს, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

“იუვენტუსს” ესპანურ გუნდებთან სულ 44-ჯერ უთამაშია. ტურინელებმა 15-ჯერ მოიგეს, 11-ჯერ ფრედ ითამაშეს და 18-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში გამართულ 20 მატჩში “ბებერ სინიორას” 11 მოგება, 7 ფრე და 2 წაგება აქვს.

“რეალს”, იტალიის წარმომადგენლებთან აქამდე ჩატარებულ 63 შეხვედრაში 29 მოგება, 10 ფრე და 24 მარცხი დაუგროვდა. მეტოქის მოედანზე გამართული 29 შეხვედრიდან მადრიდელებმა 4 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 17 დათმეს.

წყვილის ფავორიტად “რეალი” ითვლება, მაგრამ “იუვენტუსს” ერთი უპირატესობა აქვს. ტურინელებმა იტალიის ჩემპიონობა უკვე გაინაღდეს და მასიმილიანო ალეგრის მთელი ძალების ჩემპიონთა ლიგაზე მობილიზება შეუძლია. “რეალს” კი საქმე სხვაგვარად აქვს. კარლო ანჩელოტის შეგირდები ესპანეთის ჩემპიონობისთვის მიმდინარე დაძაბულ ბრძოლაში არიან ჩართულები. გასულ შაბათს, “სამეფო კლუბმა” “სევილია” რთულ ბრძოლაში დაამარცხა, მაგრამ დედაქალაქელები ლიდერ “ბარსელონას” მაინც 2 ქულით ჩამორჩებიან.

UEFA-მ შეხვედრის განსჯა ინგლისელ არბიტრს, მარტინ ატკინსონს დაავალა. ის, “იუვენტუსის” მატჩში, მონაწილეობას მესამედ მიიღებს. პირველად ეს 2008 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა, როდესაც ტურინელები ბატე-ს ბორისოვში დაუზავდნენ, ანგარიშით 2:2. მიმდინარე სეზონში, ასევე ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “იუვემ” “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და მეტოქეს 3:2 მოუგო.

“რეალის” მატჩში ატკინსონი მეოთხედ იმსაჯებს. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდელებმა “ციურიხი” სტუმრად 5:2 გაანადგურეს. 2010 წელს, 1/8-ფინალის პირველ მატჩში, “ლიონში”, “სამეფო კლუბმა” 0:1 წააგო და მადრიდელები ასპარეზობას იმავე ეტაპიდან გამოეთიშნენ. ატიკონსინისა და “რეალის” მორიგი შეხვედრა მიმდინარე სეზონში, 1/8-ფინალის პირველ მატჩში შედგა, როდესაც მადრიდელებმა “შალკე” გერმანიაში 2:0 დაამარცხეს.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ასამოა, კასერესი, რომულო და რაც მთავარია, პოლ პოგბა არ ეყოლებათ. “რეალი” ტურინს სასტარტო შემადგენლობის 2 წევრის, ლუკა მოდრიჩისა და ქარიმ ბენზემას გარეშე ეწვია.

  • “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გამართული 16 დაპირისპირებიდან ფრედ მხოლოდ 1 დასრულდა;
  • “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში 2003 წლის შემდეგ პირველად თამაშობს. 12 წლის წინათ, ტურინელებმა, ამ ეტაპზე, “რეალს” აჯობეს;
  • “იუვენტუსი” ნახევარფინალში მეთერთმეტედ მოხვდა. წინა 10 შემთხვევიდან ტურინელები ფინალში 7-ჯერ გავიდნენ;
  • “იუვენტუსმა”, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 54 ოფიციალური თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “რეალი” ამ ტურნირის 1/2-ფინალში 26-ედ თამაშობს. წინა 25 მცდელობიდან მადრიდელებმა ფინალში გასვლა 13-ჯერ მოახერხეს;
  • ბოლო სამ შემთხვევაში, როდესაც “რეალი” იტალიურ გუნდს ევროტურნირის 1/2-ფინალში ხვდებოდა, მადრიდელები გათამაშებას ეთიშებოდნენ;
  • ტურინულმა გუნდმა, “იუვენტუს სთედიუმზე” გამართული 17 საერთაშორისო თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “რეალს”, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გამართულ შეხვედრებში გოლი უკვე 444 წუთია არ გაუშვია;
  • “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან 8 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო;
  • “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქის მოედანზე ჩატარებული ბოლო 29 თამაშიდან გოლო 27-ში გაიტანა;
  • “რეალს”, იტალიაში გამართულ ბოლო 7 თამაშში მოგება არ აქვს;
  • “რეალს” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას (1992 წლიდან) ზედიზედ 2-ჯერ მოიგებს. კარლო ანჩელოტის კი შანსი აქვს გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც ამ ტურნირს ოთხ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგებს;
  • კარლო ანჩელოტი “იუვენტუსს” 1999-2001 წლებში წვრთნიდა. მანამდე და მას შემდეგ, ის ტურინულ გუნდს 24-ჯერ დაუპირისპირდა. ანჩელოტის შედეგი 6 მოგება, 7 ფრე და 11 მარცხია;
  • “იუვენტუსის” თავდამსხმელი ალვარო მორატა “რეალის” სკოლის აღზრდილია. მადრიდელთა პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ 52 თამაშში მან 11 გოლი გაიტანა;
  • “იუვენტუსმა”, გასულ შაბათს “სამპდორიას” დამარცხებით, სერია A ზედიზედ მეოთხედ მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-1-3-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, პირლო, ვიდალი, მარკიზიო, პერეირა, ტევესი, მორატა.

რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო, რამოსი, კროოსი, როდრიგესი, ბეილი, რონალდუ, ერნანდესი.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.183167