ფეხბურთი

22:43 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიამ” საქმე გაირთულა

დღეს, “ე. მანჯგალაძის” სახელობის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა ადგილობრივმა გულშემატკივარმა განაწყენებულმა დატოვა მოედანი, მაყურებლები საკუთარი გუნდის თამაშით იყვნენ უკმაყოფილონი და მათი პროტესტი უსაფუძვლო არ ყოფილა. “სამტრედიას” დღეს აშკარად აჯობა ფოთის “კოლხეთმა” თამაშის ხარისხით და გამარჯვება თუ არა ფრე, აშკარად დაიმსახურეს ფოთელებმა.

ზაზა ინაშვილის გუნდმა უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი წინა ტურებში აღებული ქულებით მოიხსნა და დღევანდელ შეხვედრაში ფოთელები ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე, ლაღად, გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდნენ. “სამტრედია” კი ორ ფრონტზე იბრძვის, სამტრედიელები დ. ყიფიანის თასის ფინალში თბილისის “დინამოს” უნდა დაუპირისპირდნენ 26 მაისს, ეროვნულ ჩემპიონატში კი ზედა სამეულში მოხვედრას ცდილობენ..

თამაში მოულოდნელი სცენარით დაიწყო და საწყის წუთებში სტუმარი გუნდის უპირატესობა გამოიკვეთა. მატჩის დაწყებიდან სამწუთიან მონაკვეთში სამი კუთხური მოუწოდეს სტუმრებმა მეტოქეს და საკმაოდ სახიფათოდაც.

მე-14 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გიგაურის ჩაწოდებას შენგელია გამოეხმაურა, თუმცა მცირედ არაზუსტი გამოუვიდა დარტყმა. საპასუხო იერიში კი სამტრედიელებმა განახორციელეს, იაშვილის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ ილია კერძევაძე ცდილობდა ანგარიშის გახსნას, თუმცა მას დარტყმა სუსტი გამოუვიდა და სეფიაშვილი ადვილად დაეუფლა ბურთს.

ტაიმის შუა წელში გიორგი ლემონჯავა ორი შორეული დარტყმით დაემუქრა თევდორაძის კარს, ორივე შემთხვევაში მცირედ არაზუტად.

30-ე წუთზე იაშვილის ჩინებული გადაცემის შემდეგ ილია კერძევაძე ცდილობდა ანგარიშის გახსნას, თუმცა არც მისმა დარტყმამ მიაღწია მიზანს. გოლის გატანა მაინც შესძლეს მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს. გოლი კი სტანდარტულიდან გავიდა, კუთხურის ალამიდან “კოლხეთის” საჯარიმოში გეწაძემ ჩაკიდა ბურთი, საჯარიმოში ყველას თედორე გრიგალაშვილმა დაასწრო და თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს სტუმრებმა და შენგელიას მიერ შესრულებული საკმაოდ სახიფათო საჯარიმო დარტყმის მოგერიება მოუწია თევდორაძეს, საპასუხო შეტევა კი “სამტრედიამ” განავითარა და დოლიძეს ცოტა რომ გამართლებოდა გოლიც გავიდოდა. ფლანგიდან კვირკველიას მიერ ჩაწოდებული ბურთი დოლიძემ კარში გადაგზავნა და სტუმართა კარის ხარიხამ იხსნა მეტოქე. გამოვარდნილი ბურთი კი მცველებმა გამოიტანეს საჯარიმოდან.

თავშიც ავღნიშნეთ რომ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ფოთელები წაგებას არ იმსახურებდნენ და ასეც მოხდა, ზაზა ინაშვილმა შეცვლა გამოიცნო, მან თედო კაკულიას ნაცვლად ნიკა სიჭინავა შემოიყვანა მეორე ნახევარში და სიჭინავას სულ მცირე დრო ეყო იმისთვის, რომ მწვრთნელის ნდობა გაემართლებინა. გოლი კი მერაბ გიგაურის კარგ ჩაწოდებას მოჰყვა მარცხენა ფლანგიდან, საჯარიმოში ნიკა სიჭინავამ თავით ყველას დააწრო და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

ერთ-ერთ ეპიზოდში იგივე ნიკა სიჭინავას წაქცევისთვის ითხოვდნენ ფოთელები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას თევდორაძის კარის მიმართულებით, თუმცა შეხვედრის არბიტრის კვირიკაშვილის აზრით, თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ქონია.

როცა ცოტა დრო რჩებოდა თამაშის დამთავრებამდე, მაშინ გამოცოცხლდა “სამტრედია” და მეორე ნახევრის ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს მასპინძლებმა, თუმცა უშედეგოდ. სამტრედიელთა იერიშებს რიგ ეპიზოდებში “კოლხეთის” დაცვის ხაზი უმკლავდებოდა დამაჯერებელი თამაშით, სხვა შემთხვევაში კი შეუდარებელი იყო სტუმართა კიპერი კოკა სეფიაშვილი, რომელმაც 79-ე წუთზე გეწაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის დროსაც ჩინებული რეაქცია გამოავლინა და კუთხურზე მოიგერია ბურთი.

ზაზა ზამთარაძემ შეცვლებზე გამორჩეული ფეხბურთელი, თორნიკე კაპანაძეც შემოიყვანა მოედანზე, რომელიც შეცვლაზე შემოსული უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, თუმცა დღეს ვერც “ელვამ” შესძლო თავისი გუნდისთვის შედეგის მოტანა. არადა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში, მაკრატელათი ეფექტური დარტყმით ცდილობდა კაპანაძე გოლის გატანას და დარტყმა ზუსტი რომ გამოსვლოდა ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გოლის ავტორიც გახდებოდა.

საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

2 მაისი. 17:00. სამტრედია. “ე. მანჯგალაძე”

“სამტრედია” (სამტრედია) – “კოლხეთი” (ფოთი) 1:1 (1:0)

“სამტრედია”: თევდორაძე, გრიგალაშვილი, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, კვირკველია, დათუნაიშვილი (ბოლქვაძე, 80), გორგიაშვილი, იაშვილი (გურული, 81), დოლიძე, გეწაძე, კერძევაძე (კაპანაძე, 67).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, გოგონაია, თ. კაკულია (სიჭინავა, 63), შენგელია, გურეშიძე, გიგაური (ბარამიძე, 89), ჟიშკარიანი (ამბროლაძე, 81).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გოლები: 1:0 გრიგალაშვილი (43), 1:1 სიჭინავა (65)

გაფრთხილებები: ხიზანიშვილი (54), გიგაური (65), გრიგალაშვილი (90+1)

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119323