ფეხბურთი

0:35 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შუქურამ” “მერანს” ვერ აჯობა

“შუქურა” – “მერანის” მატჩი ქობულეთში, “ჩელე არენაზე” გაიმართა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, დღევანდელ შეხვედრაში ქულები უფრო მარტვილელებს სჭირდებოდათ და მასპინძლებისგან განსხვავებით უფრო მეტი ჟინით და ბრძოლით მოთამაშე სტუმრებმა დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს.

შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და საწყის წუთებშივე შექმნეს ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ხიფათი მეტოქე გუნდის კართან. მე-4 წუთზე ლაშა ჩალაძის მოჭრილი დარტყმის მოგერიება მოუხდა ზურაბ მამალაძეს, საპასუხო იერიშის დროს კი ლევან გეგეჭკორი აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ - თანაგუნდელების მიერ წამოწყებული კარგი კომბინაციის შემდეგ “შუქურას” კარის დარაჯმა დამაჯერებლად ითამაშა. მომდევნო ეპიზოდში კი “მერანი” გოლს აშკარად გადარჩა - გიორგი ჩელებაძემ ორიოდე მეტრიდან ვერ შეძლო კარში ბურთის გადაგზავნა.

38-ე წუთზე ულამაზესი გოლით ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. გოგი ფიფიამ, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა “მერანის” შემადგენლობაში, საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი მოჭრილი დარტყმით ჯიოევის კარის ბადე შეარხია 0-1.

ტაიმის მიწურულს “შუქურას” საჯარიმოში საეჭვოდ წაიქცა ლევან გეგეჭკორი და მარტვილელები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, თუმცა მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მეორე ტაიმში “შუქურამ” თამაშის გადარჩენა სცადა და ტაიმი აქტიურად დაიწყო. თანაგუნდელების მიერ წამოწყებული კონტრიერიშის შემდეგ ზვიად მეტრეველი გადიოდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა გამოცდილმა მამალაძემ დასწრებაზე ითამაშა კარგად და ხიფათიც განიმუხტა.

50-ე წუთზე კი მარტვილელებმა მატჩის ანგარიში უფრო სოლიდური გახადეს. გოლი კი ლაშა ჯღამაიას ინდივიდუალურ ოსტატობას მოჰყვა. ჯღამაიამ მარცხენა ფლანგზე მცველებთან ორთაბრძოლას კარგად გაართვა თავი, საჯარიმოსკენ შეიწია და ტექნიკური დარტყმით ანგარიში 0-2 გახადა.

“შუქურამ” მეორე გოლის გაშვების შემდეგ რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელა “მერანის” კართან და ერთ-ერთი ასეთი შეტევა გოლით დასრულდა. ბურთი კი თუხარელმა ახლო მანძილიდან დაბალ კუთხეში გაუტანა მამალაძეს. 1-2.

უნდა ითქვას, რომ მატჩში განსაკუთრებით გამორჩეული იყო გოგი ფიფია, რომელმაც გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა “შუქურას” კართან. განსაკუთრებით გამორჩეული იყო ფიფიას შორეული დარტყმა 70-ე წუთზე, რა დროსაც მეკარე ჯიოევმა კუთხურზე მოახერხა ბურთის მოგერიება.

მატჩის 85-ე წუთზე კი გოგა ფიფიამ არამარტო მარტვილელი გულშემატკივრების, არამედ “შუქურას” მაყურებლების ოვაციაც დაიმსახურა, მან მარჯვენა ფლანგზე ორ მცველს აუბნია თავგზა ცრუ მოძრაობებით და “შუქურას” საჯარიმოში შესული საბოლოო კარგ გადაცემასაც აკეთებდა, მაგრამ დაზღვევაზე ითამაშეს ქობულეთელებმა კარგად და ხიფათიც განიმუხტა.

შეხვედრის მიწურულს “შუქურა” მთელი ძალებით შეეცადა შეტევაზე გადასვლას და დაცვამოშლილ მასპინძლებს რამდენიმე სახიფათო კონტრიერიში გამოეპარათ, ერთ-ერთი ასეთი შეტევა კი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გოლად აქციეს. ფლანგიდან ქაჯაიამ ტექნიკურად თავისი ორი მეურვე ჩამოიშორა და ხელსაყრელ ადგილას მყოფ ქიქავას გაუკეთა კარგი გადაცემა, ქიქავამ კი უძლიერესი დარტყმით მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში შეაგდო ბურთი და საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.

1 მაისი. ქობულეთი. “ჩელე არენა”

“შუქურა” (ქობულეთი) – “მერანი” (მარტვილი) 1-3 (0-1)

“შუქურა”: ჯიოევი, ტვილდიანი, ხოჭოლავა, გურული, კომახიძე (ტუღუში, 46), ჩალაძე, კუხიანიძე, პუკანიჩი (როდრიგესი, 78), თუხარელი, ჩელებაძე, მეტრეველი (კოპალიანი, 70).

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

“მერანი”: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე, წყაროზია, ფონიავა, გეგეჭკორი, ფიფია (ქაჯაია 89), ჯღამაია (ციკოლია, 82), დ. ციცხვაია (ქიქავა, 64).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

გოლები: ფიფია (38), ჯღამაია (50), თუხარელი (59), ქიქავა (90+2)

გაფრთხილება: ჩელებაძე (35), ხოჭოლავა (61) ჯღამაია (66)

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1334