ფეხბურთი

23:50 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონმა გოლებს უმატა
ვაწაძე-ჰუფნაგელის დუბლი, სირბილაძის ჰეთ-თრიკი

დანიის პირველი დივიზიონის 26-ტურში “ორჰუსმა” სტუმრად 3:1 დაამარცხა “ვეილე.” ქართველმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა. მან 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 77-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მატჩი სრულად ჩაატარა. “ორჰუსის” განაცხადში მოხვდა დავით სხირტლაძე, თუმცა არ უთამაშია. დავით დევდარიანი დიდი ხანია წელის ტრავმის გამო ვერ ეხმარება თანაგუნდელებს. დანიის პირველი დივიზიონის 12 გუნდიან ჩემპიონატში “ორჰუსი” 49 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ “ვიბორგს” კი 4 ქულით ჩამორჩება. ვაწაძე 17 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

გერმანიის მესამე ლიგის 34-ე ტურში “უნტერჰაჰინგმა” სტუმრად 3:1 დაამარცხა “შტუტგარტის” სარეზერვო გუნდი. 36-ე წუთზე ანგარიში ლუკა ჰუფნაგელმა გახსნა, 55-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ლუკა 73-ე წუთზე შეცვალეს. პირველი გოლისას ლუკამ მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე თამაშის შემდეგ გაიტანა, მეორე გოლისას კი გვერდი აუარა მეტოქის მცველებს და მეკარესთან პირისპირ გასულმა მეორე გოლი გაიტანა. ამ მატჩამდე ჰუფნაგელს მიმდინარე სეზონში ერთი გოლი ჰქონდა გატანი, მე-17 ტურში დრეზდენის “დინამოს” გაუტანა. გერმანიის მესამე ლიგის 20 გუნდიან ჩემპიონატში “უნტერჰაჰინგი” 35 ქულით მე-17 ადგილზეა.

https://www.youtube.com/watch?v=wMjXvTljuIQ

ფინეთის თასის მეოთხედფინალში ირაკლი სირბილაძის “კუპსმა” შინ 4:0 დაამარცხა “კესკი-უსიმა.” ქართველმა ფორვარდმა მე-18, 21-ე და 58-ე წუთებზე გაიტანა. ჰეთ-თრიკის ავტორი 65-ე წუთზე შეცვალეს. ამ გამარჯვებით სირბილაძის კლუბმა ფინეთის თასის ნახევრფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში მოსკოვის “სპარტაკმა” შინ 1:0 დაამარცხა ყაზანის “რუბინი.” მოსკოველთა განაცხადში მოხვდა ჯანო ანანიძე, თუმცა არ უთამაშია. “რუბინის” შემადგენლობაში სოლომონ კვირკველიამ სრულად ითამაშა, მამუკა კობახიძე კი სათადარიგო იყო. რუსეთის 16 გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “რუბინი” 43 ქულით მე-5 ადგილზეა, ყაზანელებს ერთი ქულით ჩამორჩება “სპარტაკი.” მოსკოვური კლუბი მე-6 პოზიციას იკავებს.

იტალიის სერია ა-ს 32-ე ტურში “ატალანტასა” და “ემპოლის” მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. “ემპოლის” განაცხადში მოხვდა ლევან მჭედლიძე, თუმცა არ უთამაშია. იტალიის სერია ა-ს 20 გუნდიან ჩემპიონატში “ემპოლი” 35 ქულით მე-16 ადგილზეა.

ნორვეგიის ჩემპიონატის მე-4 ტურში “სტაბეკმა” სტუმრად 2:0 დაამარცხა “ლილესტრიომი.” გამარჯვებულთა განაცხადში მოხვდა გიორგი გოროზია, რომელიც თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 7 ქულით მე-5 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121287