ფეხბურთი

9:56 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდი” - “სამტრედია” - მცველების დუელი

საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა ზუგდიდში “ბაიას ბაზაზე”, სადაც ორი სხვადასხვა მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. “ზუგდიდი” უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, რაც შეეხებათ სამტრედიელებს, ფინანსურად წელში გამართული და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ “სამტრედიას” დიდი ამბიცია აქვს და აქედან გამომდინარე, სტუმრები 3 ქულის აღებას გეგმავდნენ და მიზანთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა...

მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ტრადიციულად მრავლად მოვიდნენ “ზუგდიდის” გულშემატკივრები “ბაიას ბაზაზე”. ბაზა ვახსენეთ და სამეგრელოს ყველაზე დიდ ქალაქს მართლაც არ შეშვენის ისეთ მოედანზე თამაში, რომლის ხელოვნური საფარი საფეხბურთო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მაგრამ როგორც ცნობილია უახლოეს მომავალში ზუგდიდში ახალი ევროპული დონის სტადიონი აშენდება. გულშემატკივრები სამტრედიელებსაც ჩამოჰყვნენ და მთელი მატჩის განმავლობაშო არცერთ გუნდს არ მოჰკლებია გამხნევების შეძახილები და სიმღერა.

რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და ორივე გუნდი შეტევაზე ორიენტირებულ, გახსნილ ფეხბურთს თამაშობდა. პირველი ხიფათი გიორგი თევზაძის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, რა დროსაც ხიზანიშვილი ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ცოტა ხანში იაშვილის პასით თავად თევზაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ დასწრებაზე კარგად ითამაშა მინდია ბობღიაშვილმა და ხიფათიც განიმუხტა.

24-ე წუთზე კი საპასუხო იერიში განახორციელეს მასპინძლებმა, ლევან წურწუმიას მიერ ფლანგიდან დაკიდებულ ბურთს ლაშა კუკავა გამოეხმაურა თავური დარტყმით მცირედ არაზუსტად. ცოტა ხანში, ლომია ცდილობდა გუგუჩიას შესრულებული საჯარიმოს დაგვირგვინებას, არც ამჯერად გამოუვიდათ მასპინძლებს საბოლოო დარტყმა.

37-ე წუთზე კი შეხვედრის მთავარი არბიტრი აშკარად შეცდა. ნონიკაშვილმა ჯერ კაპანაძის წაქცევისთვის ჯარიმის დანიშვნა იყოყმანა დიდხანს, რომელიც საჯარიმოს ხაზთან წააქციეს და ბოლო იმედის ჯარიმა იყო, შემდეგ ეპიზოდში კი ზუგდიდელები კუკავას წაქცევისთვის ითხოვდნენ თერთმეტმეტრიანის დანიშვნას და არცთუ უსაფუძვლოდ, თუმცა აქაც დუმდა რეფერის სასტვენი...

მეორე ნახევარი 5 წუთის დაწყებული იყო, როცა ლუკა გუგუჩიას მიერ შესრულებული საკმაოდ სახიფათო დარტყმის შემდეგ ლაშა კუკავა გზავნიდა ბურთს სტუმართა კარში და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ჩინებული რეაქცია გამოავლინა თევდორაძემ და კუთხურზე მოიგერია ბურთი. 55-ე წუთზე კი ლევან კაკუბავა ცდილობდა ზუგდიდელთა კარის დალაშქვრას, მაგრამ მასპინძელთა კიპერი აღმოჩნდა ამჯერად მოწოდების სიმაღლეზე. კაკუბავამ მაინც შეძლო თავისი გოლის გატანა, გოლი კი შეცვლაზე შემოსული გეწაძის აქტიურობას მოჰყვა, სწორედ მის მიერ ჩაწოდებული ბურთს შეუშვირა თავი კაკუბავამ და ანგარიში გახსნა 0:1.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში გატანილი ორივე გოლი მცველებმა გაიტანეს და ორივე თავური დარტყმით. სტუმრებიდან თუ კაკუბავამ გამოიჩინა თავი, ზუგდიდელთაგან გუგუჩიას მიერ ჩინებულად მოწოდებული კუთხურის შემდეგ ყველას ტანმაღალმა მცველმა ლაშა ღონღაძემ აჯობა საჯარიმოში და ანგარიში 1:1 გახადა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდმა შექმნა ხიფათი მეტოქე გუნდის კართან. მიზნიდან გამომდინარე სამტრედიას 3 ქულა ჰაერივით სჭირდებოდა და მოტივაციიდან გამომდინარე სტუმრებმა ბოლო 10 წუთი განსაკუთრებული შემართებით შეუტიეს მეტოქეს და ალექსანდრე იაშვილის კარგი თამაშის შემდეგ ჯერ შეცვლაზე შემოსულ ლეონარდოს, შემდეგ კი ახლო მანძილიდან დოლიძეს რომ ემარჯვა, სტუმრები დაწინაურებასაც შეძლებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და მატჩი ფრედ დასრულდა.

ბესიკ შეროზია: “ჩვენ თამაშის წინ გვქონდა ასეთი მონახაზი, რომ თუ მეტოქე შეცდომას დაუშვებდა ეს შანსი უნდა გამოგვეყენებინა. მაგრამ პირველი გოლი ჩვენ მივიღეთ. მიუხედავად ამისა ბიჭები ორგანიზებულად მოქმედებდნენ, ფარ-ხმალი არ დაყარეს და ამან შედეგიც მოიტანა. ქულის აღებით კმაყოფილი ვარ. “სამტრედია” კარგი გუნდია, ამბიციური, სულ სხვა მიზნები აქვს და დღევანდელი შედეგი დამაკმაყოფილებელია”.

ზაზა ზამთარაძე: “მძიმე თამაში იყო,. მოგეხსენებათ “ზუგდიდმა” ბოლო შეხვედრებში საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დაამარცხა და დღესაც წინააღმდეგობა გაგვიწია. ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ ორი ქულა მაინც დავკარგეთ”.

24 აპრილი. ზუგდიდი. “ბაიას ბაზა”.

“ზუგდიდი” – “სამტრედია” 1:1 (0:0)

“ზუგდიდი”: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, აკობია, ღონღაძე, რიგავა, კობერიძე, გუგუჩია (ფარჯიკია 89), კუტალია (ც. სამუშია 86), წურწუმია, ლომია, კუკავა (ენდელაძე 74).

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

“სამტრედია”: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, კვირკველია, დათუნაიშვილი, გორგიაშვილი, იაშვილი, თევზაძე (გეწაძე 63), დოლიძე, კაპანაძე (ლეონარდო 70).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გოლები: კაკუბავა (68), ღონღაძე (78)

გაფრთხილებები: კვირკველია (29), კაკუბავა (43), კობერიძე (55), მაჩაიძე (68)

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11259