ფეხბურთი

21:51 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

”მერანმა” “დინამოს” ლიდერობა დააკარგვინა

დღეს, მარტვილში მ. ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე სრული ანშლაგი იყო. მარტვილელი გულშემატკივარი ყოველთვის გამოირჩევა დასწრების და კარგი ქომაგობის კუთხით, მაგრამ დღეს განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდათ მერანელებს.

მეტოქე კი ჩემპიონატის ლიდერი თბილისის ”დინამო” გახლდათ. ჩემპიონობისთვის მებრძოლ ”დინამოს” ”მერანთან” ადვილი გასეირნება რომ არ ექნებოდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს ”დინამოელებს”, თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა და ქულაც ღირსეულად მოიპოვეს.

”მერანის” უკრაინელი დამრიგებელი ვლადიმერ ლობასი უცხოეთში იმყოფება და ”დინამოსთან” გუნდი შალვა ღონღაძემ გაიყვანა.

მატჩი კი მაღალ ტემპში დაიწყო და ორივე გუნდი შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაშს ცდილობდა. მე-16 წუთზე სტუმრები გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა, ის ცრუ მოძრაობით გაცდა მეურვეს და საჯარიმოს მისადგომებიდან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა ბეგაშვილს.

გაშვებული გოლიდან 5 წუთიც არ იყო გასული, როცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შეტევა ფლანგზე აკაკი შულაიამ წამოიწყო და სახიფათოდაც ჩააწოდა, საჯარიმოში უხეიროდ ითამაშა გველესიანმა, იქვე მყოფმა დათა ციცხვაიამ ”დინამოს” მცველს შეცდომა არ აპატია და ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით 1:1 გახადა ანგარიში.

“მერანელთა” დაცვის ხაზი კიჭი მელიავას თაოსნობით თავდაჯარებულად თამაშობდა მთელი მატჩის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მეორე ტაიმში, თანაგუნდელებთან ერთად მოწოდების სიმაღლეზე იყო გიორგი ბეგაშვილი.

პირველი ტაიმის მიწურულს 10 წუთიან მონაკვეთში ორჯერ იხსნა ბეგაშვილმა საკუთარი გუნდის კარი, ჯერ 35-ე წუთზე თოთაძის მიერ შესრულებული ჯარიმა მოიგერია ნახტომში, 39-ე წუთზე კი ჩირგაძის წინააღმდეგ ითამაშა თავგანწირვით და არ გაატანინა ”დინამოს” 23-ე ნომერს.

მეორე ნახევარში ”დინამომ” უფრო მეტი სიმწვავით შეუტია მეტოქეს და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნა. 55-ე წუთზე ჭანტურიშვილს აჯობა ბეგაშვილმა, 86-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსული ლეგიონერის მანუელის თავური დარტყმა მოიგერია.

მანამდე ლევან გეგეჭკორის გადაცემით საბა ლომია ცდილობდა ”მერანის” დაწინაურებას, რომელიც მეორე ტაიმიდან საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში, მაგრამ მასპინძელთა ფორვარდს ”დინამოს” მეკარემ დაასწრო.

”მერანმა” უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა, თანაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც ”დინამოა”, მაგრამ მთავარი მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე აკაკი შულაიას ცოტა რომ გამართლებოდა 3 ქულასაც მოიპოვებდნენ ჭყონდიდელები. არადა შულაია და საბა ლომია მეკარესთან პირისპირ მარტო იყვნენ, თუმცა საბოლოო შეტევის დაგვირგვინება მაინც ვერ მოხერხდა და დაუშვილი დაეუფლა ბურთს.

საბოლოოდ საინტერესო, დაძაბული შეხვედრა ფრე 1:1 დასრულდა.

მერანი (მარტვილი) - დინამო (თბილისი) 1:1 (1:1)

11 აპრილი. 16:00. მარტვილი. მ.ხურცილავას ცენტრალური სახელობის სტადიონი. 3000 მაყურებელი

მერანი”: ბეგაშვილი, მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, კიკნაველიძე, ფონიავა, ჯღამაია (წყაროზია, 57), შულაია, გეგეჭკორი, ფიფია (წურწუმია, 89), დ. ციცხვაია (ლომია,66)

მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე

დინამო”: დაუშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი (ვოლკოვი,78), პარუნაშვილი, ჩირგაძე (მანუელი, 61), კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი (ჯანელიძე, 68).

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (16), 1:1 დ. ციცხვაია (19)

გაფრთხილება: ჭანტურიშვილი (45), ფონიავა (61), ლომაშვილი (67)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

0.125748