ფეხბურთი

10:26 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

უმაყურებლო “ჩელე არენა” და მბორგავი “ზესტაფონი”

აღდგომისწინა ტური რამდენიმე საინტერესო დაპირისპირებას გვპირდება. მთავარი მატჩი, ცხადია, ქობულეთში გაიმართება, სადაც ბათუმის ”დინამო” “სამტრედიას” უმასპინძლებს. ზედიზედ ექვსი გამარჯვების შემდეგ, ბათუმელებმა წინა ტურში შინ “ტორპედოსთან” წააგეს (2:3) და ახლა სამტრედიელებთან წარმატებით თამაშს მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. უპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. არადა, ბათუმელებს უმაყურებლოდ მოუწევთ თამაში. საქმე ისაა, რომ წინა ტურში, “ტორპედოსთან” მატჩის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე ბათუმელმა ქომაგმა თანამსაჯებს აგინა და აფურთხა, ერთ-ერთმა კი არბიტრ გიორგი ყრუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ფეხი ამოარტყა. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და ზღვისპირელებს მკაცრი განაჩენი გამოუტანა: “დინამო” სამ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს და ჯარიმად 8 ათას ლარს გადაიხდის. კლუბის ხელმძღვანელობა, ცხადია, უკმაყოფილოა. ისინი მიიჩნევენ, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდის უმაყურებლოდ თამაში ცუდ სამსახურს გაუწევს.

თბილისის ”დინამო” მარტვილს ეწვევა და იოლ გასეირნებას არ უნდა ელოდეს. ბოლო დროს ჭყონდიდელები დედაქალაქელთათვის საკმაოდ უხერხულ მეტოქედ გადაიქცნენ. ასე იყო შარშანაც და წლეულსაც პირველ წრეში კარგად გვახსოვს, როგორი ბრძოლა იყო “დინამო არენაზე,” გოლები არ გასულა და ჯამში მარტვილელებმა უფრო კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ამიტომ, საკითხავია, დარჩება კი ამ ტურის შემდეგ “დინამო” ცხრილის სათავეში, მით უმეტეს, რომ მისი მდევარი “დილა” გორში აუტსაიდერ “სიონს” მასპინძლობს.

ზედიზედ ოთხი თამაშის მომგები “ტორპედო” “ზუგდიდს” მიიღებს და წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება. აი, მათი მეზობელი ზესტაფონელები კი ძალიან ცუდ დღეში არიან. გუნდი 6 აპრილის შემდეგ აღარ ვარჯიშობს და უსახსრობის გამო შესაძლოა, ლანჩხუთში “კოლხეთთან” სათამაშოდ ვერც ჩავიდეს. წლეულს ასეთ ვითარებაში უკვე იყვნენ მარგველები, როცა ქობულეთში გასამგზავრებელი ფული არ ჰქონდათ, მაგრამ მაშინ ადგილობრივმა ბიზნესმენებმა გადაუხადეს. 8 აპრილს 23-ე ტურის დუბლიორთა მატჩები გაიმართა, მაგრამ “ზესტაფონს” მგზავრობის ფული არ აღმოაჩნდა და “კოლხეთთან” მატჩი ჩაიშალა. ახლა კი, აი, რას ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე: “უკვე რამდენიმე დღეა გუნდი აღარ ვარჯიშობს და ამ ეტაპზე ლანჩხუთში 11 აპრილს გასამართ ფოთელებთან მატჩზე იმერელთა გამგზავრება წარმოუდგენლად გვესახება. მოვლენათა ასეთი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში კი ეროვნული პირველობის გათამაშებიდან ჩვენი გუნდის მოხსნა გარდაუვალი გახლავთ... “

ასეთივე დღეშია “მეტალურგიც.” შაბათს რუსთაველები “შუქურას” მასპინძლობენ და იმედია, მატჩი არ ჩაიშლება, მერე კი რა იქნება, არავინ იცის...

23-ე ტური. 11 აპრილი

დინამო (ბათუმი) – სამტრედია

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 16:00

დისკვალიფიცირებული: ბორის მახარაძე (დინამო)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ი. უკლება, ზვ. ერქვანია, გ. დოგრაშვილი, გ. ავაზაშვილი, ვ. ბასილაია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:2

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი

ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებული: ირაკლი კლიმიაშვილი (ტორპედო)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი, ა. ნონიკაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0

ცხინვალი – გურია (ლანჩხუთი)

თბილისი. ”მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 16:00

დისკვალიფიცირებული: რატი ცაწკრიალაშვილი (ცხინვალი)

მსაჯები: დ.სანოძე, ზ.ფიფია, ი. კაკაბაძე, ჯ.ხორავა (სათადარიგო)

პირველწრეში: 1:1

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე)

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 16:00

მსაჯები: შ. ქუხილავა, დ. ჩიგოგიძე, ზ. ბერულავა, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:2

მერანი (მარტვილი) – დინამო (თბილისი)

მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა.” 16:00

დისკვალიფიცირებული: რენე ფერეირა (დინამო)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ს. სპიცინი, ბ. ნინუა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0

დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებულები: დავით ხურცილავა (დილა); დაჩი ცნობილაძე (სიონი)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 4:1

კოლხეთი (ფოთი) – ზესტაფონი

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებული: გურამ გურეშიძე (კოლხეთი)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, დ. კურტანიძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:1

მეტალურგი (რუსთავი) – შუქურა (ქობულეთი)

რუსთავი. “ფოლადი.” 16:00

მსაჯები: ი.კვირიკაშვილი, დ. კვეტენაძე, მ. კუპატაძე, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:0

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), შოთა ლომია (ზუგდიდი)

7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116336