ფეხბურთი

4:11 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას გამარჯვება, ხოჯავას დაბრუნება

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ყაზანის “რუბინმა” გასვლით მატჩში 3:0 დაამარცხა “ამკარი.” მატჩი სრულად ჩაატარა სოლომონ კვირკველიამ, რომელმაც 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ყაზანელთა განაცხადში მოხვდა მამუკა კობახიძე, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. რუსეთის პრემიერლიგაში “რუბინი” 39 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

რუსეთის პირველ დივიზიონში “სკა ენერგია” შინ “ანჟის” დაუზავდა (1:1). მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ კახა ალადაშვილი, გუჯა რუხაია და გოგიტა გოგუა. ალადაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა, 89-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო, ასევე სრულად ითამაშა რუხაიამ. რაც შეეხება გოგუას, მან 65-ე წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი, 78-ე წუთზე კი შეცვალეს. რუსეთის მოქალაქე ლაშა იმედაშვილი ხაბაროვსკელთა განაცხადში არ იმყოფებოდა. რუსეთის პირველი დივიზიონის 18 გუნდიან ჩემპიონატში “სკა ენერგია” 23 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება და რუსეთის მეორე დივიზიონში გავარდნის საფრთხის წინაშე დგას.

“სახალინმა” “ტოსნოს” უმასპინძლა. მატჩმა გოლების გარეშე ჩაიარა. "ტოსნოს" განაცხადში ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ გურამ თეთრაშვილი მოხვდა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი კახელიშვილმა და გოჩა ხოჯავამ ითამაშეს. ხოჯავა, რომელმაც მიმდინარე წელს პირველი მატჩი ჩაატარა, შესვენების შემდეგ გამოჩნდა მინდორზე, 90-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი კახელიშვილი 78-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. “სახალინი” 23 ქულით მე-16 ადგილს იკავებს, “ტოსნო” კი 50 ქულით მეოთხეა.

“კრილია სოვეტოვმა” 1:0 დაამარცხა “ვოლგა.” დამარცხებულთა განაცხადში მოხვდა მერაბ ურიდია, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემია. “ვოლგა” 34 ქულით მე-9 ადგილზეა.

“ლუჩ ენერგიამ” შინ ფრედ 1:1 ითამაშა “ბალტიკას” წინააღმდეგ. სტუმართა განაცხადში ვერ ვიხილეთ მეკარე გიორგი შელია. “ბალტიკა” 28 ქულით მე-13 ადგილზეა.

“შინიკმა” სტუმრად 2:1 დაამარცხა “ხიმიკი.” მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი ჯიქია, რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს. რუსეთის პირველი დივიიზონის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ხიმიკი” 21 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება.

პორტუგალიის სეგუნდალიგის 37-ე ტურში “ფეირენსემ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ოლივეირენსე.” გიორგი მაკარიძემ გამარჯვებულთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა. პორტუგალიის სეგუნდალიგის 24 გუნდიან ჩემპიონატში “ფეირენსე” 62 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება და მეორე ადგილზე მყოფ “ტონდელას” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. ქართველი მეკარის გუნდს პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში გადასვლის რეალური შანსი აქვს.

ლატვიის თასის მეოთხედფინალში “ლიეპაიამ” შინ 2:1 დაამარცხა რიგის “სკონტო.” თამაზ პერტიამ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა ლევან მახარაძე, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121393