ფეხბურთი

8:08 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინა სრული სვლით, კანკავამ "აიაქსს" აჯობა

ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპი უკრაინულმა კლუბებმა უდანაკარგოდ გადალახეს. ამ ქვეყნის ორივე გუნდმა ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მოიპოვა. მათ მსგავსად მეოთხედფინალში ორი გუნდი ეყოლება იტალიას, ხოლო გერმანია, ესპანეთი, ბელგია და რუსეთი, თითო-თითო გუნდით იქნება წარმოდგენილი.

მეოთხედფინალის საგზური პირველმა იტალიურმა “ნაპოლიმ” გაინაღდა. ნეაპოლელებს პირველი თამაში 3:1 ჰქონდათ მოგებული, მოსკოვშიც მეტოქეზე მეტი და სახიფათო მომენტები შექმნეს, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ისე დასრულდა, რომ მაყურებელს გატანილი გოლი არ უნახია.

იტალიურ დერბიში “ფიორენტინამ” “რომა” 12 წუთში, სამი მცველის მიერ გატანილი გოლებით გაანადგურა. არადა, პირველი თამაში ფლორენციაში 1:1 დასრულდა და თითქოს საკუთარ მოედანზე რომაელები ფავორიტად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მიმდინარე სეზონში “ფიორენტინამ” მეტოქე “ოლიმპიკოზე” ერთხელ უკვე დაამარცხა და როგორც ჩანს, ეს საქმე კარგად იცის. ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა - ხოსე ოლებასმა საკუთარ საჯარიმოში მატიას ფერნანდესი წააქცია და გონსალო როდრიგესმა ნიშნულიდან უშეცდომოდ დაარტყა, თუმცა ამისათვის მეორე ცდა დასჭირდა.

მასპინძლებმა შეუტიეს და საკუთარ კარში კურიოზული გოლი გაუშვეს: მეკარე ლუკაშ სკორუპსკიმ იფიქრა, ბურთს კუთხურზე არ გავუშვებო და მიზანს მიაღწია, მაგრამ მარკოს ალონსოს იდეალური გადაცემა გაუკეთა და მანაც საჩუქარი შეირგო. 4 წუთში ხოსე-მარია ბასანტამ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში გადაგზავნა და რომაელებისთვის ანგარიში კატასტროფული გახადა - 3:0. შეიძლებოდა შედეგი უარესიც ყოფილიყო, მაგრამ სალაჰის დარტყმული ძელმა ორჯერ მოიგერია.

კიევის “დინამომ” ევროთასებიდან ტურნირს შემორჩენილი ერთადერთი ინგლისური გუნდი დაითხოვა. ლივერპულის “ევერტონმა” პირველ მატჩში მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და კიევში უხვგოლიან შეხვედრაში 2:5 დამარცხდა. თამაში გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს და ვინ იცის რა მოხდებოდა კიეველთა კაპიტან ანდრეი იარომლენკოს საჯარიმოს გარედან ძლიერად და ზუსტად რომ არ დაეკრა - ტიმ ჰოვარდი არც კი განძრეულა და ბურთი მარცხენა ცხრიანში აფართხალდა.

ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და “ევერტონმა” მოინდომა. პირველ ცდაზე როს ბარკლიმ მცველების შეცდომით ისარგებლა, მაგრამ ბურთი შორეულ ძელს მოხვდა, მერე იარმოლენკომ გაისროლა და ჰოვარდმა ბურთი დიდი გაჭირვებით მოიგერია, 29-ე წუთზე კი, რომელუ ლუკაკუმ 18 მეტრიდან გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. ასეთი სიტუაცია დიდხანს არ შენარჩუნებულა. 8 წუთიც არ იყო გასული და ლუკაშ თეოდორჩიკმა და მოგელ ველოზუმ მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანეს. პირველ ჯერზე გუსევის ჩაწოდებული იარმოლენკომ მოიგო და მისმა პარტნიორმა ახლო მანძილიდან გაიტანა, ხოლო სანამ სტუმრები გონს მოვიდოდნენ, პორტუგალიელმა მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირა.

მეორე ტაიმში “დინამომ” ტაქტიკა კონტრშეტევებზე ააწყო, ოღონდ წინ ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი მიიჩქაროდა და ამან შედეგი 56-ე წუთზე გამოიღო, როდესაც 4 მოთამაშის გარჯა გუსევმა დააგვირგვინა. ლივერპულელებს მალევე შეეძლოთ მეოთხედფინალში გასვლის იმედის დაბრუნება, მაგრამ ბარკლის დარტყმული კვლავ ძელმა აისხლიტა. 76-ე წუთზე “დინამოს” მცველმა ანტუნეშმა შორი მანძილიდან ჰოვარდს მარჯვენა ცხრიანში გაუტანა და ანგარიში 5:1 გახდა. მერე იარმოლენკოს დარტყმული ზედა ძელმა აისხლიტა, სულ ბოლოს კი, “ევერტონმა” ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს ვეღარაფერს შეცვლიდა.

მეოთხედფინალშია მეორე უკრაინული გუნდი “დნიპრო”, რომელმაც ჰოლანდიური “აიაქსი” ბრძოლას დამატებით დროში, სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით გამოთიშა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა ჯაბა კანკავამ. “აიაქსმა” საათის თავზე დაწინაურება შეძლო და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა. დამატებითი დროის პირველი ტაიმის ნახევარი იყო გასული, როდესაც “დნიპრომ” გოლი გაიტანა და მასპინძლებს საქმე გაურთულა. მართალია, ჰოლანდიელებმა 117-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანეს, მაგრამ მეტი არაფერი მომხდარა და “დნიპროც” ევროპის ლიგაზე კიდევ უფრო შორს წავიდა.

“ზენიტი” ტურინში ორბურთიანი უპირატესობის შესანარჩუნებლად ჩავიდა და დროის გაყვანას ცდილობდა. მასპინძლებს სტუმართა მასიური დაცვის გარღვევა უჭირდათ და თავიდან ხიფათი მხოლოდ სტანდარტებისას იქმნებოდა. ტაიმის ბოლოს “ტორინომ” დაცვის გატეხა მოახერხა, მაგრამ ლოდიგინის კარის გატეხა ვერა. იტალიელების უპირატესობა მეორე ტაიმში კიდევ უფრო გამოიკვეთა, მაგრამ კამილ გლიკის გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა. 79-ე წუთზე “ზენიტის” მეკარემ ზედიზედ ორი სეივი განახორციელა. მატჩის მიწურულს “ტორინო” უკვე ოთხი ფორვარდით თამაშობდა და 90-ე წუთზე ლოდიგინმა ამაურის დარტყმის შემდეგ მორიგი სეივი განახორციელა, მაგრამ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი გლიკმა ანგარიში მაინც გახსნა. ეს იყო სანქტ-პეტერბურგელების მიერ გაშვებული პირველი გოლი ევროპის ლიგაზე. მსაჯმა თამაშს 6 წუთი დაამატა და “ტორინოს” საქმის დამატებით დროში გადაყვანა შეეძლო, მაგრამ ლომბარტსმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა და “ზენიტიც” მეოთხედფინალში გაჭირვებით გავიდა.

“ინტერი” მილანში “ვოლფსბურგთან” ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას პირველივე წუთებიდან ეცადა, მაგრამ პირველი ტაიმის შუაში გოლი თავად გაუშვა. დანიელ კალიჯური მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა და კარისოს უპრობლემოდ აჯობა. მეორე ტაიმში “ინტერი” სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. 71-ე წუთზე პალასიომ წონასწორობა მაინც აღადგინა, მაგრამ მატჩის მიწურულს გერმანელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს და ორი მატჩის ჯამში “ინტერი” 5:2 დაამარცხეს.

ესპანურ დერბიში თასის მფლობელმა “სევილიამ” “ვილიარეალი” 2:1 დაამარცხა. სამივე გოლი დასკვნით 20 წუთში გავიდა - იბორამ ანგარიში გახსნა, დოს სანტოსმა გაათანაბრა, მაგრამ სუარესმა “სევილიას” გამარჯვება მოუტანა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც რამონ მოტამ “ბეშიქთაში” ორი მატჩის ჯამში დააწინაურა, მაგრამ დე სუტერმა 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრადა მასპინძლები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. დასკვნით 10 წუთში ბოლინგოლი-მბომბომ დუბლი შეასრულა, “ბრიუგეს” 3:1 მოაგებინა და ბელგიური კლუბი 20 მარტს კენჭისყრის შედეგებს დაელოდება.

ევროპის ლიგა 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები.

დინამო (მოსკოვი, რუსეთი) - ნაპოლი (იტალია) 0:0 (პირველი მატჩი 1:3)

გაფრთხილება: ვენკერი (72) - მაჯო (42), მერტენსი (53)

რომა (იტალია) - ფიორენტინა (იტალია) 0:3 (პ.მ. 1:1)

გოლები: 0:1 გონსალო როდრიგესი (10 პ.), 0:2 ალონსო (18), 0:3 ბასანტა (22)

გაფრთხილება: ლიაიჩი (78, 88) - ბასანტა (9)

გაძევება: ლიაიჩი (88)

დინამო (კიევი, უკრაინა) - ევერტონი (ინგლისი) 5:2 (პ.მ. 1:2)

გოლები: 1:0 იარომლენკო (21), 1:1 ლუკაკუ (29), 2:1 თეოდორჩიკი (35), 3:1 მიგელ ველოზუ (37), 4:1 გუსევი (56), 5:1 ანტუნეში (76), 5:2 ჯაგელკა (82)

გაფრთხილება: რიბალკა (83), დრაგოვიჩი (85), ანტუნეში (90+1) - ლუკაკუ (83), ბეშიჩი (90+4)

აიაქსი (ჰოლანდია) - დნიპრო (უკრაინა) 1:0; 2:1 დ.დ (პ.მ. 0:1)

გოლები: 1:0 ბაზური (60), 1:1 კონოპლიანკა (97), 2:1 ვან დერ ჰორნი (117)

გაფრთხილება: კიშნა (70) - ლეო მატოსი (21), ბეზუსი (80), შახოვი (87), ბოიკო (120)

ტორინო (იტალია) - ზენიტი (რუსეთი) 1:0 (პ.მ. 0:2)

გოლი: 1:0 გლიკი (90)

გაფრთხილება: ცმოლინარო (20), კვალიარელა (52), გაცი (62) - ტიმოშჩუკი (37), კრიშიტო (45), ლუიშ ნეტუ (48), დანი (52), ლოდიგინი (58), სმოლნიკოვი (86), ჰალკი (89)

ინტერი (იტალია) - ვოლფსბურგი (გერმანია) 1:2 (პ.მ. 1:3)

გოლები: 0:1 კალიჯური (24), 1:1 პალასიო (71), 1:2 ბენტნერი (89)

გაფრთხილება: მედელი (87) - დე ბრეინე (84), არნოლდი (87)

სევილია (ესპანეთი) - ვილიარეალი (ესპანეთი) 2:1 (პ.მ. 3:1)

გოლები: 1:0 იბორა (69), 1:1 ჯ. დოს სანტოსი (73), 2:1 სუარესი (83)

გაფრთხილება: ვიეტო (22), ბეი (29, 77), პინა (58), მუზაკიო (66), მარიო გასპარი (85)

გაძევება: ბეი (77)

ბეშიქთაში (თურქეთი) - ბრიუგე (ბელგია) 1:3 (პ.მ. 1:2)

გოლები: 1:0 რამონ მოტა (48), 1:1 დე სუტერი (61), 1:2 ბოლინგოლი-მბომბო (80), 1:3 ბოლინგოლი-მბომბო (90)

გაფრთხილება: ოპარე (36), ველი კავლაკი (83) - ისკერდო (32), მენიე (63)

გაძევება: ოლჯაი შაჰანი (90+2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.18026