ფეხბურთი

21:32 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდის” დამაჯერებელი გამარჯვება

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. ერთ-ერთ ასეთი მატჩი ზუგდიდში, “ბაიას” ბაზაზე შედგა, სადაც ერთმანეთს “ზუგდიდი” და მარტვილის “მერანი” დაუპირისპირდნენ. “მერანს” ტრავმების გამო აკაკი წყაროზია და სერგი ორბელაძე ვერ დაეხმარნენ. “ზუგდიდის” დანაკლისი კი ირაკლი ქობალია გახლდათ.

სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მასპინძლებს ჰაერივით სჭირდებოდათ გამარჯვება და მატჩის საწყისი წუთებიდანვე შეუტიეს მეტოქეს. “მერანმა” კი მეორე ნომრად არჩია თამაში და დაცვიდან, კონტრიერიშებზე სცადა მოწინააღმდეგის გამოჭერა, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრაში მარტვილელებს თამაში არ წაუვიდათ და მასპინძლებმა დამსახურებულად მოიპოვეს სამი ქულა.

“ზუგდიდელებმა” პირველი ხიფათი მამალაძის კართან სწრაფადვე შექმნეს, მე-6 წუთზე წურწუმიას მიერ “მერანის” საჯარიმოში ჩაწოდებას ერთგვარი არეულობა მოჰყვა და მასპინძლები ანგარიშსაც გახსნიდნენ, ლუკა კობერიძის სახიფათო დარტყმის დროს გეგიას რომ არ ეთამაშა თავგანწირვით.

მე-20 წუთზე კუტალიას დარტყმული ბურთი მამალაძემ უხერხულად მოიგერია, მაგრამ თავადვე დაეუფლა მეორე ცდაზე ბურთს და ხიფათიც განიმუხტა. პირველ ნახევარში დასამახსოვრებელი ეპიზოდი მერანელებმა ფონიავა-გეგეჭკორის კომბინაცით შექმნეს, რასაც საბოლოოდ გოგა ფიფია აგვირგვინებდა, ფიფიას დარტყმა ზუსტი კი გამოდგა, მაგრამ მეკარე ბობღიაშვილს სწორად ჰქონდა პოზიცია შერჩეული და ადვილად დაეუფლა ბურთს.

31-ე წუთზე ექსმერანელმა ღონღაძემ დააწინაურა საკუთარი გუნდი. ყველაფერი კი გუგუჩიას მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, საჯარიმოში ყველას ღონღაძემ დაასწრო და ანგარიში 1:0 გახდა.

პირველი გოლის გაშვებიდან მცირე ხანში უფრო სოლიდური გახდა ანგარიში მასპინძლთა სასარგებლოდ, სტუმართა კიპერმა მასთან პირისპირ გასულ ეხვაიას კი აჯობა და არ გაატანინა, მაგრამ იქვე საჯარიმოში მყოფმა შოთა ლომიამ უძლიერესი დარტყმით 2:0 დააფიქსირა.

მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყდა და 15-წუთიან მონაკვეთში დათმეს მერანელებმა შეხვედრა. მესამე გოლის დროსაც შოთა ლომიამ ითამაშა ჩინებულად, ზუგდიდელთა კაპიტანმა ორი მცველი ტექნიკურად ჩამოიცილა და კარგ პოზიციაში მყოფ წურწუმიას დაუგორა, რომელსაც ახლო მანძლილიდან გატანა არ გასჭირვებია 3:0.

ანგარიშიდან გამომდინარე “მერანს” დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ვლადიმერ ლობასმა შეტევითი პოტენციალი გააძლიერა - შულაიას და წურწუმიას შემოყვანით. მართალია ამ შეცვლებმა შედარებით გამოაფხიზლა სტუმართა გუნდის თამაში, თუმცა საერთო სურათი არ შეცვლილა და მეორე ტაიმშიც გოლის გატანის უფრო რეალური შანსი მასპინძლებს ჰქონდათ.

მანამდე სტუმრები ორჯერ ითხოვდნენ თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ბობღიაშვილის კარში, პირველ ეპიზოდში საბა ლომიას წაქცევისთვის, მეორე შემთხვევაში კი შულაიაზე ითხოვდნენ ჯარიმას. თუმცა, სილაგავას აზრით, თამაშის წესების დარღვევა არ ყოფილა და საბა ლომია ყვითელი ბარათით გააფრთხილა.

72-ე წუთზე “მერანის” რიგებში დებიუტი ჰქონდა ბექა გოცირიძეს. ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს გოცირიძის წარმატებული თამაში, თუმცა ტრავმის გამო მას დიდი დრო გაუცდა და დღევანდელ შეხვედრაში პირველად ითამაშა “მერანის” რიგებში. მართალია გოცირიძე მისთვის შესაფერის ფორმასთან ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ მონდომება და ჟინი ეტყობა და საკმაოდ აქტიურადაც შემოვიდა მოედანზე.

მატჩის მიწურულს არაერთი რეალური შანსი ჰქონდათ მასპინძლებს ანგარიში უფრო სოლიდური გაეხადათ, შეცვლაზე შემოსულ ლაშა კუკავას სამჯერ შეუქმნეს ხელსაყრელი მომენტი, თუმცა მამალაძემ უშეცდომოდ ითამაშა. საბოლოოდ შეხვედრა “ზუგდიდის” დამსახურებული გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ბესიკ შეროზია: “ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, შემდეგ ორი თამაში გვქონდა წაგებული, აქიდან გამომდინარე საკუთარ მოედანზე გავაკეთეთ მობილიზაცია. დარწმუნებული ვიყავი თამაშის წინ, რომ ფეხბურთელები მოინდომებდნენ და შედეგსაც დადებდნენ. მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს იმისთვის, რომ საკუთარი ძალა ირწმუნეს და მაქსიმუმი გააკეთეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “ზუგდიდმა” უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.”

18 მარტი. 15:00. ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა.

“ზუგდიდი” (ზუგდიდი) – “მერანი” (მარტვილი) 3:0 (3:0)

“ზუგდიდი”: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, ენდელაძე, კობერიძე, გუგუჩია (ქირია, 75), წურწუმია (ფარჯიკია, 68), კუტალია, ლომია, ეხვაია (კუკავა, 68).

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

“მერანი”: მამალაძე, მელიავა, ი. ციცხვაია, ლომაშვილი, გეგია, ქიქავა, ფიფია (შულაია, 46), ფონიავა (წურწუმია, 46), გეგეჭკორი (გოცირიძე, 72), ჯღამაია, ს. ლომია.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

გოლები: 1:0 ღონღაძე (31), 2:0 ლომია (37), 3:0 წურწუმია (42)

გაფრთხილება: ს. ლომია (53), ქიქავა (58)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

1. დინამო თბ. 20 13 2 5 34:17 41
2. დინამო ბთ. 20 12 3 5 26:16 39
3. დილა 20 11 5 4 29:15 38
4. სამტრედია 20 10 4 6 25:15 34
5. ცხინვალი 20 10 3 7 20:25 33
6. ჩიხურა 20 8 6 6 26:22 30
7. გურია 20 7 8 5 19:25 29
8. შუქურა 20 7 6 7 21:20 27
9. ტორპედო 20 5 9 6 22:21 24
10. მეტალურგი 20 6 6 8 19:21 24
11. ზესტაფონი 20 5 8 7 37:33 23
12. მერანი 20 5 7 8 15:20 22
13. კოლხეთი 20 5 6 9 16:25 21
14. ზუგდიდი 20 5 6 9 13:23 21
15. სიონი 20 4 5 11 18:32 17
16. ვიტ ჯორჯია 20 3 4 13 17:27 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160949