ფეხბურთი

14:20 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტი პირველ ლიგაში, გამარჯვება და ჩხოროწყუელთა მიზნები

ყოველთვის სასიხარულოა, როცა საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში ფეხბურთის მიმართ კარგი დამოკიდებულება შეიმჩნევა. ადრე ვწერდით, როგორ უყვართ ჩხოროწყუს რაიონში ფეხბურთი, გულშემატკივრების სამაგალითო ქომაგობაზე და დასწრებაზე, რაც ასე იშვიათია ქართულ ფეხბურთში. ადგილობრივი მმართველობა, გამგებელი, საკრებულოს თავჯდომარე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაიონში ფეხბურთი განვითარდეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, გოგიტა გოგუას მიდგომა საკუთარი რაიონის მიმართ. გოგუა ბევრნაირად ეხმარება “სამეგრელოს” და ამ გუნდის ერთსულოვნებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.

“სამეგრელოს” ჰყავს ახალგაზრდა მწვრთნელი, გიზო შენგელია, რომელიც კლუბში დადებით ატმოსფეროს ქმნის და ეს ყველაფერი ერთად ჩხოროწყუელებს ერთ ძლიერ, ბრძოლის ჟინით და მოტივაციით სავსე გუნდად აყალიბებს.

მეორე ლიგაში მოასპარეზე “სამეგრელოს” მთავარი ამოცანა პირველ ლიგაში აღზევება იყო. ასეც მოხდა, თუმცა, როგორ – ამაზე ჩხოროწყუს გამგებელი, დათო გოგუა გვესაუბრება:

დათო გოგუა: (ჩხოროწყუს გამგებელი) “როგორც მოგეხსენებათ, პირველ ლიგაში საფეხბურთო კლუბმა “სასკომ” უსასხრობის გამო ვერ შესძლო ასპარეზობის გაგრძელება და “სასკოს” დამფუძნებელმა კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა შეიძინა “სასკოს” აქციების 100%. ამ სეზონს “სასკოს” სახელით ჩვენი გუნდი ჩაამთავრებს, მომავალი სეზონიდან კი “სამეგრელოს” სახელით იასპარეზებს.

სტადიონზე სარემონტო სამუშაოები გვაქვს, გვინდა პირობები გავაუმჯობესოთ. პირველ ლიგაში პირველი მატჩი “ჩხერიმელასთან” გავმართეთ და მინდა გითხრათ, რომ ხარაგაულის სტადიონი ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში არ იყო. შესაძლებლობიდან გამომდინარე, ვცდილობთ უკეთესი საფეხბურთო გარემო შევქმნათ. რაც შეეხება “სამეგრელოს” სამომავლო მიზნებს, უახლოეს ორ წელიწადში ჩვენ გვინდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი გუნდი, რომელიც უკვე უმაღლეს ლიგაში თამაშისთვის იქნება მზად, თუმცა მანამდე ბევრი სამუშაოა და თანდათან, ეტაპობრივად მოხდება ყველაფერი. ფეხბურთის ფედერაციიდან და სპორტის სამინისტროდან დაგვაიმედეს, რომ გვერდით დაგვიდგებიან სტადიონთან დაკავშირებით და სხვა საკითხებშიც. ჩხოროწყუში ძალიან უყვართ ფეხბურთი, შეიძლება ითქვას ფეხბურთით ცხოვრობს ხალხი - “სამეგრელოს” გულშემატკივარი იმსახურებს წარმატებულ გუნდს და დიდ გამარჯვებებს, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გიზო შენგელია: (მთავარი მწვრთნელი): “კარგია, რომ პირველ ლიგაში გვიწევს ასპარეზობა. მართალია, რაც უფრო წინ მიდიხარ, მეტი გამოწვევები და პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აქცენტი გვაქვს ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებზე, რა თქმა უნდა გუნდში გამოცდილი მოთამაშეც საჭიროა და ჩვენთან არიან კიდეც ასეთები. მჯერა, რომ ჩვენს მხურვალე გულშემატკივრებთან ერთად “სამეგრელო” თავის სიტყვას იტყვის ქართულ ფეხბურთში

“სამეგრელომ” პირველ ლიგაში პირველი მატჩი “ჩხერიმელასთან” გამართა და 0:1 წააგო, პირველ ლიგაში ისტორიულ გამარჯვებას კი გუნდმა “სტუ-სთან” მიაღწია. “სასკოს” სახელით მოასპარეზე “სამეგრელომ” სტუ 3-1 დაამარცხა. გოლები ელიავამ, სახოკიამ და დეისაძემ გაიტანეს. 9 მარტს გუნდს კიდევ ერთი გასვლა აქვს “მაჭახელასთან”, ხოლო 13 მაისს – პირველი საშინაო მატჩია ბათუმის “ადელთან”.

წარმატებები ვუსურვოთ პირველი ლიგის დებიუტანტ გუნდს. იმედია, “სამეგრელო” თავის მრავალრიცხოვან, ერთგულ ქომაგს გაახარებს და ერთ-ერთი წარმატებული გუნდი იქნება საქართველოს ჩემპიონატში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.192799