ფეხბურთი

3:18 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში ჰოლანდიელები ბრწყინავენ, „რომა“ და „იუვე“ კი კვლავ არ აგებენ

ესპანეთი

კრიშტიანუ რონალდუ ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 30 გოლის გატანა ზედიზედ 5 სეზონში მოახერხა. პორტუგალიელმა 30-ე გოლი ლა ლიგის 25-ე ტურში, „ვილიარეალთან“ გამართულ მატჩში გაიტანა.

რონალდუმ თავი 52-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა. მას, ლა ლიგაში, უკვე 45 პენალტი დაუგროვდა და ის მე-2 ადგილზე მყოფ რონალდ კუმანს გაუთანაბრდა. პრიმერაში ყველაზე მეტი, 56 თერთმეტმეტრიანი უგო სანჩესს აქვს გატანილი.

რონალდუმ, ლა ლიგაში, ბოლო 15 თერთმეტმეტრიანიდან ყველა გაიტანა. პორტუგალიელი პენალტების სტაბილურად გატანას კი განაგრძობს, მაგრამ მან საჯარიმო დარტყმების გოლად გარდასახვას ძალიან უკლო. ერთ დროს, რონალდუს ბურთთან ყოველი მისვლა ხიფათის მანიშნებელი იყო, მაგრამ ბოლო ხანებში ასე აღარაა. პორტუგალიელის მიერ დარტყმული ბოლო 50 ჯარიმიდან 21 ცოცხალ კედელს მოხვდა, 13 კარს აცდა და 16 კარის ჩარჩოში კი მოხვდა, მაგრამ ან მეკარემ აიღო, ან ძელმა აისხლიტა.

რონალდუმ მე-2 გოლის გატანას ცდა არ დააკლო. მან, „ვილიარეალთან“ მატჩში, მეტოქის კარის მიმართულებით 13-ჯერ დაარტყა. მიმდინარე სეზონში, ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის ერთ მატჩში, არცერთ სხვა ფეხბურთელს ასეთი შედეგი არ ჰქონია.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ასეთი რამ 2014 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც „რეალმა“, ესპანეთის სუპერთასზე, „ატლეტიკოს“ უმასპინძლა.

საბოლოოდ, კარლო ანჩელოტის გუნდმა 2 ქულა დაკარგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის ბოლო 27 თამაშში პირველად, „რეალმა“ ფრედ ითამაშა.

„რეალის“ ფეხის დაცდენით „ბარსელონამ“ ისარგებლა, რომელმაც პრიმერას ზედიზედ მე-4 გასვლითი თამაში მოიგო, ასეთი რამ კი 2013 წლის შემოდგომის შემდეგ პირველად მოხდა.

„ბარსელონას“ რიგებში კვლავ შედეგიანია ლუის სუარესი, რომელმაც აქტივში გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ურუგვაელ თავდამსხმელს, ბოლო 4 თამაშში, უკვე 5 ბურთი დაუგროვდა.

სუარესმა, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას შემდეგ, რაც „ბარსელონაში“ ურუგვაელის დებიუტი შედგა, ასეთი შედეგი არავის აქვს. სუარესი, ლა ლიგაში, საგოლე გადაცემას, საშუალოდ, ყოველ 136 წუთში ერთხელ აკეთებს, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.

ლუის სუარესის პასით „გრანადას“ კარში გოლი ლეო მესიმ გაიტანა, რომელსაც ლა ლიგაში 269 ბურთი დაუგროვდა. ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის ისტორიის გათვალისწინებით, საუკეთესო ბომბარდირებში მესიმ მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. მოქმედ ფეხბურთელთაგან უკეთესი შედეგი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს, რომელსაც ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატებში 290-ჯერ გაუტანია. რეკორდსმენი კი, 366 გოლით, „ჩელსისა“ და „ტოტემჰენის“ ლეგენდა ჯიმი გრივზია.

„ბარსელონას“ კარში ერთადერთი ბურთი თერთმეტმეტრიანიდან გავიდა. როდესაც კლაუდიო ბრავოს კარში პენალტი ინიშნება, სტანდარტი თითქმის ყოველთვის გოლით მთავრდება. ჩილელ მეკარეს, ლა ლიგაში, თერთმეტმეტრიანი 17-ჯერ დაურტყეს და 16 შემთხვევაში გოლი გავიდა.

„ბარსელონამ“, 25 ტურის შემდეგ, თავი 59 ქულას მოუყარა, რაც კლუბის ისტორიაში მე-4 საუკეთესო შედეგია. 25 ტურის შემდეგ გუნდს ამაზე მეტი ქულა ლუის ენრიკეს წინამორბედმა მწვრთნელებმა, ტატა მარტინომ (60), ტიტო ვილანოვამ (68) და პეპ გვარდიოლამ (60) მოუტანეს.

2015 წლის თებერვლის ბოლო დღე „რაიოს“ ისტორიაში შევიდა. „ლევანტესთან“ დაპირისპირებაში, მადრიდელთა შემტევმა, ალბერტო ბუენომ 4 გოლი გაიტანა. ის „რაიოს“ პირველი ფეხბურთლია, რომელმაც პრიმერას მატჩში პოკერი გაიფორმა.

ბუენომ 3 გოლი 6-წუთიან მონაკვეთში გაიტანა. პრიმერაში ასეთი რამ 2006 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა. 9 წლის წინათ, მსგავსი შედეგი დავიდ ვილიას ჰქონდა.

26 წლის ფეხბურთლს პოკერის შესასრულებლად მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა. ლა ლიგაში, ესპანელმა ფეხბურთელმა, 4 გოლი დროის ასეთ მცირე მონაკვეთში 1942 წლის იანვრის შემდეგ პირველად გაიტანა. 73 წლის წინათ, „სევილიას“ თავდამსხმელს, გილერმო კამპანიალს პოკერის შესასრულებლად მხოლოდ 10 წუთი დასჭირდა.

„სევილია“ ქვეყნის წამყვან გუნდებთან წარუმატებლად თამაშს განაგრძობს. ანდალუსიელებმა, 25-ე ტურში, „ატლეტიკოსთან“ გამართულ საშინაო დაპირისპირებაში უგოლოდ ითამაშეს. მიმდინარე სეზონში, პრიმერას საუკეთესო ოთხ გუნდთან გამართულ 6 თამაშში ემერის გუნდს მხოლოდ 2 ქულა აქვს აღებული.

კიდევ ერთმა ანდალუსიურმა გუნდმა, „მალაგამ“ ახალგაზრდა ფეხბურთელების მიერ გატანილი გოლებით მოიგო. „ხეტაფესთან“ გამართულ შეხვედრაში (3:2) ხავი გრასიას გუნდის მხრიდან გოლები სერხი დარდერმა (21 წლის), ხუანმიმ (21 წლის) და რიკარდო ორტამ (20 წლის) გაიტანეს. ლა ლიგაში 1999 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ერთი გუნდის მხრიდან გოლი 22-წლამდელმა სამმა ფეხბურთელმა გაიტანა. 16 წლის წინათ, გოლები „ესპანიოლის“ ფეხბურთელებმა, ტამუდომ, დე ლუკასმა და კაპდევილამ გაიტანეს.

მეტოქის მოედანზე წარუმატებლად თამაშს განაგრძობს „სოსიედადი“. სან სებასტიანელებმა „მესტალიაზე“ 0:2 წააგეს. „სოსიედადი“ იმ ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, მეტოქის მოედანზე, ჯერ არ მოუგია.

ინგლისი

ინგლისის ჩემპიონატში, „მანჩესტერ სიტისთვის“ „ენფილდი“ კვლავ დაუძლეველ ბარიერად რჩება. „ქალაქელებმა“ „ლივერპულთან“ სტუმრად გამართულ ზედიზედ მე-12 თამაშში ვერ მოიგეს. გარდა ამისა, კიდევ ერთი სერია გაგრძელდა - „ლივერპული“ ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან, საკუთარ კედლებში, 2007 წლის დეკემბრის შემდეგ არ აგებს.

„ლივერპულს“, პრემიერლიგაში, 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატიდან ამაზე უკეთესი სერია მხოლოდ „იუვენტუსსა“ (16) და „რომას“ (15) აქვთ. ბრენდან როჯერსის გუნდი პრემიერლიგის ერთდერთი წარმომადგენელია, რომელსაც 2015 წელს წაგება არ აქვს. ახალი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ მერსისაიდელებმა 20 ქულა აიღეს, რაც ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

„სიტისთან“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში ჯორდან ჰენდერსონმა გახსნა. 24 წლის ფეხბურთელმა, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მე-3 გოლი გაიტანა და მას ასისტენტობა ამჯერადაც რაჰემ სტერლინგმა გაუწია.

სტერლინგი „ლივერპულის“ მე-2 გოლის დროსაც ასისტენტად მოგვევლინა. 20 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამდენივე შედეგიანი პასი მას წინა 3 სეზონის განმავლობაში ჰქონდა გაკეთებული.

„ლივერპულის“ მსგავსად, 2015 წელს კარგად ათამაშდა „არსენალი“, რომელმაც, 27-ე ტურში, „ევერტონი“ დაამარცხა.

2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „არსენალმა“, პრემიერლიგაში, ზედიზედ 7 საშინაო შეხვედრა მოიგო. ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ეს საუკეთესო მოქმედი სერიაა.

„ემირეითსზე“ „არსენალის“ წარმატებით თამაშის ერთ-ერთი მიზეზი მესუთ იოზილია. გერმანელმა შემტევმა, საგოლე გადაცემა ზედიზედ მე-3 საშინაო თამაშში გააკეთა.

„ევერტონთან“ მატჩში იოზილის მიერ გაკეთებული პირველი საგოლე გადაცემით ოლივიე ჟირუმ იხეირა, რომელმაც ლივერპულელებს ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაუტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 10 ან მეტი გოლი ზედიზედ 11 გათამაშებაში გაიტანა.

მინიმუმ 10 გოლი 11 სეზონში ალან შირერსაც აქვს გატანილი, მაგრამ „ნიუკასლის“ ლეგენდამ ეს ზედიზედ მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც შირერის რეკორდი გაიმეორა, პიტერ კრაუჩია. გასულ შაბათამდე, შირერი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც პრემიერლიგაში თავით 46 გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ მას „სტოკ სიტის“ 34 წლის თავდამსხმელი შეუერთდა.

გერმანია

გერმანიის ჩემპიონატში, „ვოლფსბურგსა“ და ბას დოსტს ვერავინ აჩერებს. „მგლებმა“ 5 გოლის გატანა ზედიზედ მე-2 გასვლით მატჩში მოახერხეს. ბუნდესლიგაში ასეთი რამ 2006 წლის შემდეგ პირველად მოხდა. 9 წლის წინათ მსგავსი შედეგი მიუნხენის „ბაიერნს“ ჰქონდა.

„ვოლფსბურგის“ ჰოლანდიელ თავდამსხმელს, ბას დოსტს, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში, სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა. თუმცა, 2015 წელს მის მიერ ნაჩვენებ შედეგებს ნებისმიერი ვარსკვლავი ინატრებს. „ვერდერის“ კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, დოსტს, ბოლო 9 თამაშში, 14 გოლი დაუგროვდა. ბუნდესლიგის უკანასკნელ 3 ტურში მან თავი 8-ჯერ გამოიჩინა.

ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე იმ ფეხბურთლებს შორის, რომლებმაც მიმდინარე გათმაშებაში მინიმუმ 10 გოლი გაიტანეს, ბას დოსტის დარტყმები ყველაზე შედეგიანია. მან გოლად დარტყმების ზუსტად 50% აქცია. ბუნდესლიგის მე-2 წრის დაწყების შემდეგ, დოსტმა 11 გოლი მხოლოდ 16 დარტყმით გაიტანა.

მიუნხენის „ბაიერნის“თავდამსხმელი არიენ რობენი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. 23-ე ტურში „კიოლნთან“ მოგებული შეხვედრა (4:1) ზედიზედ მე-5 გამოდგა, რომელშიც ჰოლანდიელმა თავი გამოიჩინა. რობენის კარიერაში ასეთი რამ პირველად მოხდა. ბუნდესლიგის მიმდინარე გათმაშებაში, რობენის ანგარიშზე უკვე 17 გოლია. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ მას, ქვეყნის ჩემპიონატის ერთ გათამაშებაში, მეტოქეთა კარი ამდენჯერ აეღოს.

რობენმა გოლი ფრანკ რიბერის გადაცემით გაიტანა. ფრანგ თავდამსხმელს, ბუნდესლიგაში, უკვე 73 საგოლე პასი დაუგროვდა. მას შემდეგ, რაც ამ სტატისტიკური მონაცემის დათვლა ხდება, ასეთი შედეგი არავის ჰქონია.

ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო „დორტმუნდმა“, რომელიც ბუნდესლიგის საუკეთესო ათეულში მე-5 ტურის შემდეგ პირველად მოხვდა.

„დორტმუნდის“ კარგ ფორმაში ყოფნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მარკო როისის ათამაშებაა. 25 წლის ნახევარმცველმა გოლი ბოლო 5 ოფიციალურ მატჩში გაიტანა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.

იტალია

სერია A-ში ახალი რეკორდი დამყარდა. „რომა“ ტურნირის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ფრედ ზედიზედ 6 საშინაო თამაში დაამთავრა.

„რომას“ ფეხბურთელებს, „იუვენტუსთან“ გამართულ ბოლო მატჩებში, წითელი ბარათების მიღება დასჩემდათ და ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. 62-ე წუთზე მოედნიდან ტოროსიდისი გააძევეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუვესთან“ სერია A-ში გამართულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში რომაელებმა 4 წითელი ბარათი მიიღეს.

რომში გამართული შეხვედრა „იუვენტუსისთვის“ სერია A-ში ზედიზედ მე-16 წაუგებელი თამაში გამოდგა. ტურინელებს, ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში, საუკეთესო სერია აქვთ. მე-2 ადგილზე, 15 წაუგებელი თამაშით, „რომა“ მოდის.

1999/2000 წლების სეზონის შემდეგ პირველად, „ფიორენტინამ“ „ინტერი“ სერია A-ს ორივე თამაშში დაამარცხა. იმ სეზონის შემდეგ, 16 წლის განმავლობაში, ფლორენციელებს „ნერაძურისთან“ მილანში მოგება არ ჰქონდა.

საფრანგეთი

რაც დრო გადის, „მონაკოს“ დაცვის თამაში აღფრთოვანებას უფრო და უფრო იწვევს. ლეონარდუ ჟარდიმის გუნდმა, ბოლო 19 თამაშიდან კარი მშრალად 15-ში შეინახა. „მონაკომ“ გოლი არც „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვალვურ გუნდს გაატანინა. მონაკოელებმა ვერც თავად გაიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდებს შორის ზედიზედ მე-6 თამაში ფრედ დასრულდა. პსჟ-ს კი „მონაკოსთან“, ლიგა ერთში, უკვე 11 მატჩია არ მოუგია.

ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში უკვე მეოთხედ მოხდა, რომ პსჟ-მ გოლი ვერ გაიტანა. გასულ სეზონში ასეთი მხოლოდ 2 თამაში იყო.

პსჟ-ს მიერ მორიგი ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა „მარსელმა“, რომელმაც „კანთან“ საკუთარ კედლებში წააგო.

მარსელო ბიელსას გუნდს, 2015 წელს გამართულ თამაშებში, პირველ ტაიმში გოლი გატანილი არ ჰქონდა. „მარსელს“ ამ სერიის შეწყვეტის შანსი უკვე მე-3 წუთზე მიეცა, როდესაც მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს. თუმცა, რემი ვერკუტრის კარში პენალტის გატანა ადვილი საქმე არაა. „კანის“ მეკარემ ბოლო 4 თერთმეტმეტრიანიდან მე-3 მოიგერია.

„მარსელმა“ წარუმატებელი სერიის შეწყვეტა და პირველ ტაიმში გოლის გატანა მაინც მოახერხა. ანდრე აიუმ მეტოქის კარი მე-2 დამატებულ წუთზე აიღო.

დაახლოებით 20 სათამაშო წუთის შემდეგ თავი ჟინიაკმაც გამოიჩინა და „მარსელი“ 2:0 დაწინაურდა. თუმცა, ბიელსას შეგირდებმა უპირატესობა ვერ გამოიყენეს და 2008 წლის შემდეგ პირველად, ობურთიანი სხვაობით დაწინაურების მიუხედავად, „მარსელი“ უქულოდ დარჩა.

0.118777