ფეხბურთი

14:13 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: “არ მეგონა ასეთ მაღალ დონეზე თუ ვითამაშებდით”

პირველი ლიგის A ჯგუფის ლიდერის, “საბურთალოს” სპორტულმა დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან გუნდის თურქული შეკრება შეაფასა.

- თურქულმა შეკრებამ როგორ ჩაიარა და რამდენად კმაყოფილი ხართ?

- ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული - იდეალური პირობები, შესანიშნავი სასტუმრო, კარგი სპარინგ-მატჩები, საუკეთესო მინდვრები. ორი კვირის განმავლობაში შესანიშნავ გარემოში ვემზადებოდით. დანარჩენს კი, მოახლოებული ოფიციალური მატჩები გვაჩვენებს.

- შეკრებამ რა უარყოფითი და დადებითი მხარეები დაგანახათ?

- თურქულ შეკრებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია. გვაქვს იმის რესურსი, რომ კიდევ უფრო მოვუმატოთ თამაშს და უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთ მაღალ დონეზე თუ ვითამაშებდით. შეიძლება ითქვას, რომ პირველი სერიოზული გამოცდა იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის. მართალია, ამხანაგური მატჩები იყო, მაგრამ ისეთი დონის კლუბებთან გაჯიბრება, როგორებიც თურქულ შეკრებაზე იყო, მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.

რაც შეეხება უარყოფით მხარეს, აშკარად გამოჩნდა, რომ მოედანზე მეტოქეზე ბევრად ნაკლებს ვმოძრაობთ. ეს არა მარტო “საბურთალოს”, არამედ, მთლიანად ქართული კლუბების პრობლემაა. ისეთ პირველობაზე გვიწევს ასპარეზობა, სადაც ტემპი დაბალია, მოძრაობები ნაკლები. ამიტომ გვიჭირს ევროპულ ასპარეზზე თამაში. უნდა ვეცადოთ, მდგომარეობა ამ კუთხით გამოვასწოროთ.

- თურქეთში ხუთი ამხანაგური მატჩი გამართეთ. მეტოქეებს როგორ დაახასიათებთ?

- “ბეროე” ათლეტური, მოძრავი გუნდი იყო და არც ფიზიკა-ტაქტიკა დაეწუნებოდა. ბულგარელებს პირველ შეხვედრაში დავუპირისპირდით. ჩვენ მზადებას ვიწყებდით, ისინი კი შეკრებას ასრულებდნენ. ასეთ დროს მეტოქეს უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ტოლ-სწორად გვებურთავა. ჩვენთან თამაშის შემდეგ, “ბეროემ” რამდენიმე დღეში ჩემპიონატში “ლუდოგორეცს” იმ ანგარიშით მოუგო, რა შედეგითაც ჩვენ დაგვამარცხა. არადა, “ლუდოგორეცი” ბოლო წლებში აღმავლობას განიცდის, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა და მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. რაც გამოჩნდა ამ შეკრებაზე ის იყო, რომ ჩვენს 18-19 წლის ფეხბურთელებს მოწინააღმდეგის რიდი და შიში არ აქვთ. მოედანზე გადიან და ბოლომდე იბრძვიან. გამოცდილ ფეხბურთელებს არაფერს უთმობენ.

- “საბურთალო” ძირითადად 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს. თუმცა, შეკრებაზე 4-4-2 ტაქტიკას ამუშავებდით. მეორე წრიდან ტაქტიკის შეცვლას ხომ არ გეგმავთ?

- არ ვუყურებ იმას, თუ როგორ მოწინააღმდეგეს ვხვდებით. ვთამაშობთ იმ ფეხბურთს, რაც იმ მომენტისთვის იდეალურია. ახალგაზრდა ფეხბურთელები, ალღოს რაც უფრო მეტ ტაქტიკურ მონახაზ აუღებენ, მათთვის უკეთესი, რადგან შემდეგ ასპარეზობა ევროპის ნებისმიერ წამყვან კლუბში გაუადვილდებათ. არ გამოვრიცხავ მომავალში 3-5-2 ტაქტიკით ვითამაშოთ. უნდა გვქონდეს რამდენიმე ვარიანტი დამუშავებული, რადგან არ ვიცით, რა დროს რა სქემით მოგიწევს თამაში.

- კლუბში ორი ახალწვეულია - სოფრომაძე და ჯიქია. ისინი გუნდს როგორ შეეწყვნენ?

- ხანდახან ხდება, რომ ფეხბურთელებს ახალ კლუბში ადაპტაცია უჭირთ, მაგრამ ორივემ ეს ბარიერი მარტივად გადალახა. ჯიქია და სოფრომაძე ისეთ სტილში თამაშობენ, რა ფეხბურთსაც “საბურთალო” თამაშობს. ამ მოთამაშეებზე ინფორმაცია გვქონდა და ამიტომააა, რომ უკვე კლუბის სრულუფლებიანი წევრები არიან. ორივეთი კმაყოფილი ვარ და მჯერა მომავალში სარგებლობას მოგვიტანენ.

- შეკრებაზე “საბურთალომ” შვიდი გოლი გაიტანა და ყველა ნახევარმცველების ანგარიშზეა. თავდასხმის ხაზში გარკვეული პრობლემები ხომ არ არის?

- მნიშვნელობა არა აქვს გოლს ვინ გაიტანს, ან საგოლე გადაცემას ვინ გააკეთებს. მთავარია, გუნდმა შედეგი აჩვენოს და წარმატებები იყოს. ფუნქციები ყველა ფეხბურთელს თანაბრად აქვს გადანაწილებული. მოხარული ვარ, რომ იმ კლუბის მთავარი მწვრთნელი ვარ, სადაც გუნდური სულისკვეთება სუფევს და ყველა ერთ მუშტად არის შეკრული.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ხუთივე შეხვედრაში გოლის გატანა მოვახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ბევრად გამოცდილ კლუბებს ვეთამაშეთ, ყველა მატჩში შევძელით თავის გამოჩენა.

- ტრავმებზე მინდა გკითხოთ. ამ მხრივ კლუბში რა მდგომარეობაა. ფეხბურთელები რამდენად ჯანმრთელად არიან?

- ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა, რომ გუნდი შეკრებიდან ფაქტობრივად ტრავმების გარეშე დაბრუნდა. შესაძლოა, მიკრო დაზიანება რამდენიმე მათგანს აქვს, მაგრამ განსაკუთრებული არაფერია. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც საწვრთნელ პროცესს ბოლო დღეებში გამოეთიშა, ეს ლუკა ბლიაძე იყო, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ სერიოზული არაფერია და იგიც მალე განაახლებს ვარჯიშს.

- პირველი წრის დიდი ნაწილი გამოტოვა კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა და გამოცდილმა ფეხბურთელმა ზურაბ მენთეშაშვილმა. მართალია, ის გუნდს შეუერთდა, მაგრამ ამ ეტაპზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. სრულად როდის დაიტვირთება?

- როგორც მეუბნებიან, მენთეშაშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშს მალე შეუდგება. თუმცა, მას კიდევ სჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ ტრავმა სრულად მოირჩინოს. სიმართლე გითხრათ მის ტრავმაზე არ ვნერვიულობ, რადგან მას აქვს დრო იმისათვის, რათა სრულად მომჯობინდეს. კარგი იქნება თუ მეორე წრეში რამდენიმე შეხვედრას ჩაატარებს. თუ ისე მოხდა, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, ზურას გამოცდილება ძალიან წაგვადგება.

fcsaburtalo.ge

ლაზიკა   3 - 1    სასკო

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   2 - 0    ს.ტ.უ.

შემადგენლობა

მოვლენები

სამგურალი   1 - 0    მაჭახელა

შემადგენლობა

მოვლენები

ლოკომოტივი   8 - 0    ადელი ბათუმი

შემადგენლობა

მოვლენები

ჩხერიმელა   1 - 2    ჭიათურა

შემადგენლობა

მოვლენები

ბორჯომი   0 - 3    მეშახტე

შემადგენლობა

მოვლენები

ბეთლემი   0 - 1    მერცხალი

შემადგენლობა

მოვლენები

გაგრა   2 - 1    კოლხეთი ხობი

შემადგენლობა

მოვლენები

სქური   1 - 0    ზოოვეტი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო II   0 - 3    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.247152