ფეხბურთი

17:41 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრაზილიელი ქობულეთშია, დანარჩენები გზაში

საფეხბურთო კლუბ “შუქურას” პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე ქობულეთში ორ ბრაზილიელ მოთამაშესთან: 20 წლის მარჯვენა ნახევარმცველ ფელიპე ბეზერა როდრიგესთან და 22 წლის მარცხენა ნახევარმცველ ლუიზ გილერმე დორნელესთან ერთად დაბრუნდა. ორივე მათგანი ბრაზილიის “კურიტიბას” საკუთრებაა და “შუქურაში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩებიან. მათ “ჩელე არენაზე” უკვე ივარჯიშეს.

“კურიტიბას” 20 წლის თავდამსხმელი პაოლო ვიქტორ ნუმეს მარტინსი და “პარანას” 18 წლის ფორვარდი ლუის ფერნანდო მაზური ქობულეთში მალე ჩამოვლენ. მათ გარდა, “შუქურაში” “კურიტიბას” 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ჟოზე რაფაელ ვივიანი ითამაშებს. ქართულ კლუბში ისინიც ამ სეზონის ბოლომდე იასპარეზებენ.

ბრაზილიელ ფეხბურთელებს საქართველოში მეთვალყურედ “კურიტიბას” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი 38 წლის სეზარ ბუენო ჩამოჰყვა.

ჩელებაძე რამდენიმე კვირა ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც გოჩა ალადაშვილის დახმარებით, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქ კურიტიბაში ცხოვრობდა და მუშაობდა, “შუქურასა” და “კურიტიბას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

0.116584