ფეხბურთი

22:14 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული მატჩი ჩხოროწყუში

ჩხოროწყუში, რომ ფეხბურთის ბუმია და გულშემატკივრების დასწრება სამაგალითოა, “მსოფლიო სპორტი” ამის თაობაზე უკვე წერდა. დღეს დასავლეთის თასის გათამაშებაში “სამეგრელომ” სენაკის “ეგრისს” უმასპინძლა და დრამატული შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა, რაც “ეგრისის” გუნდს აძლევდა ხელს მომდევნო ეტაპში გასასვლელად.

“სამეგრელოს” გულშემატკივრების მრავალრიცხოვანმა დასწრებამ, რაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იშვიათია, სხვადასხვა მედია საშუალებები დააინტერესა და მათ შორის ტელეკომანია “რუსთავი 2”-იც, რომელმაც ასევე გააშუქა დღევანდელი შეხვედრა. სანამ მატჩი დაიწყებოდა 2 ათასამდე გულშემატკივარი მოვიდა ჩხოროწყუს ცენტრალურ სტადიონზე და მთელი მატჩის განმავლობაში შემართებით, ომახიანად ქომაგებდა საყვარელ გუნდს.

“სამეგრელოს” გულშემატკივრობასთან ერთად, ადგილობრივი მართველობის მხარდაჭერა და თანადგომა არ აკლია. გუნდს გვერდით უდგას ასევე ამ რაიონის მკვიდრი, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გოგიტა გოგუა, რომელიც ბევრი კუთხით ეხმარება კლუბს. განსაკუთრებული შემართებით უძღვება საქმეს ახალგაზრდა მწვრთნელი გიზო შენგელია. გუნდი ამ ეტაპზე მეორე ლიგაში მეორე ადგილზეა და პირველ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. “სამეგრელომ” მეორე წრის დაწყებამდე შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა და ეს ალბათ შედეგზეც აისახება. გუნდის დებიუტანტები არიან - ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ზაალ ელიავა, რომელიც ერთ-ერთი აქტიური იყო დღეს, სენაკის “ეგრისიდან” მოსულ ლაშა კალანდიასთან ერთად, ასევე ახალწვეული დეისაძე და უცხოელი ლეგიონერი ომარ დიუფი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა.

მართალია, “სამეგრელოსგან” განსხვავებით, სენაკის “ეგრისს” უფრო მწირი ბიუჯეტი და ნაკლები საფეხბურთო პირობები აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ბაჩანა ჩიქობავას გაწვრთნილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ეს შედეგზეც აისახა. სტუმრებისგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა დუბლის ავტორი მანუჩარ ლომაია და ნური ნაროუშვილი. ნაროუშვილს 2 რეალური მომენტი ჰქონდა მეკარესთან პირისპირ გასულს, მაგრამ კოტდიუარელ კიპერს ვერ აჯობა, საბოლოოდ სწორედ მის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა ლომაიას პირველი გოლი.

მართალია, მატჩი უფრო მოსამზადებელი რანგის ტურნირის იყო, თუმცა საკმაოდ უხეში და ორმხრივი იერიშებით დატვირთული გამოდგა. პირველი ნახევარი “სამეგრელოს აშკარა უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებმა პირველ ტაიმშივე 2 გოლით გაახარეს ადგილობრივი გულშემატკივრები, პირველი გოლი ირაკლი ასათიანმა გაიტანა, ანგარიში კი სოლიდური “სამეგრელოს” გამბიელმა ახალწვეულმა ომარ დიუფმა გახადა, ჩხოროწყუს ფეხბურთელების ერთ-ერთი შეტევის დროს მეკარე ლაშა ლატარიამ პირველ ეპიზოდში კი შეძლო ბურთის მოგერიება, მაგრამ დამატებაზე ყველაზე სწრაფი გამბიელი აღმოჩნდა და თავისი პირველი გოლიც აღნიშნა “სამეგრელოს” რიგებში.

რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა მატჩის მეორე ნახევარი. “სამეგრელოს” ფეხბურთელებმა თამაში მოგებულად ჩათვალეს და ბურთი მშვიდად გააგორეს, სენაკელებმა კი შემორჩენილი ენერგიით შეუტიეს მეტოქეს და მანუჩარ ლომაიას გოლით მინიმუმამდე შეამცირეს ანგარიში. გატანილმა გოლის შემდეგ უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდათ “ეგრისელებს”, რამეთუ ფრე მათთვის სასურველი შედეგი იყო შემდეგ ეტაპზე გასავლელად და მატჩის მიმდინარეობა ისე წარიმართა, მეორე გოლიც მწიფდებოდა. შეხვედრის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე, სენაკელების ერთ-ერთი შეტევის დროს “სამეგრელოს” კოტდიუარელმა მეკარემ გამოსვლაზე ითამაშა არადამაჯერებლად, დამატებაზე ყველას მანუჩარ ლომიამ დაასწრო და დუბლი გაიფორმა 2-2.

დარჩენილ მცირე დროში “სამეგრელო” მთელი ძალებით გადავიდა შეტევაში, მაგრამ საბოლოო ანგარიში არ შეცვლილა. “დასავლეთის თასი 2015”-ისთვის ბრძოლას სენაკის “ეგრისი” გააგრძელებს.

მიუხედავად შედეგისა, ადგილობრივმა გულშემატკივარმა საკუთარი გუნდი ტაშით გააცილა და გაამხნევა. სასიამოვნო საცქერი იყო ათასობით გულშემატკივარი როგორ უჭერდა გუნდს მხარს. კარგია, როცა მეორე ლიგის გუნდებს შორის ასეთი საინტერესო მატჩები იმართება. ეს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია და იმედია, უახლოეს მომავალში მეტი ყურადღება მიექცევა რეგიონლიგას, პირველ ლიგას და ზოგადად ქართულ ფეხბურთს.

“დასავლეთის თასი 2015”. ჩხოროწყუ. ცენტრალური სტადიონი.

16 თებერვალი.

“სამეგრელო” (ჩხოროწყუ) - “ეგრისი” (სენაკი) 2-2 (2-0)

“სამეგრელო”: აკმელ ჩარლებანი, ხარებავა, თავური, წაბრია, კუჭუხიძე, ქვარცხავა, ასათიანი, კალანდია, ელიავა, დეისაძე, ომარ დიუფი.

მთავარი მწვრთნელი: გიზო შენგელია

“ეგრისი”: ლაშა ლატარია, გუგუნავა, შელია, ნორაკიძე, ბოჯგუა, ლომაია, პერენგავა, კალანდარიშვილი, გაგუა, ცაავა, ჯომიდავა.

მთავარი მწვრთნელი: ბაჩანა ჩიქობავა

გოლები: ასათიანი 1-0, დიუფი 2-0, ლომია 1-2, 2-2

მთავარი მსაჯი: მიხეილ რუხაია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117129