ფეხბურთი

20:11 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

თურქული შეკრება, გაძლიერებული შემადგენლობა და სამზადისი მეორე წრისთვის
ფოთის “კოლხეთი” საქართველოში დაბრუნდა

ფოთის “კოლხეთის” წარმატებებზე თუ პრობლემებზე “მსოფლიო სპორტი” მკითხველს სიახლეებს პერიოდულად აწვდიდა. მიუხედავად იმისა, რომ “კოლხეთის” ბიუჯეტი უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებს შორის ყველაზე მწირია და ფაქტობრივად გუნდს მომავლის იმედად უწევს მოღვაწეობა, ფოთელებმა მაინც შეძლეს თურქეთში შეკრებაზე წასვლა და წარმატებული, ნაყოფიერი შეკრების გავლა. რომ არა “აი-პი-ემ” ტერმინალი, რომელიც “კოლხეთს” ყოველწლიურად უცხოურ შეკრებას და ეკიპირებას უფინანსებს, გუნდი ალბათ საქართველოში მოემზადებოდა.

თურქეთიდან დაბრუნებულ “კოლხეთს” ფოთში ვესტუმრეთ. ვიდრე გუნდის დამრიგებელს, ზაზა ინაშვილს და ფეხბურთელებს გავესაუბრებოდით, სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებიც დავათვალიერეთ. სარემონტო სამუშაოების წამოწყება კარგია, მაგრამ საქმიანობა ისეთი ტემპით მიმდინარეობს, მომდევნო სეზონში თუ შეძლებენ ფოთელები საკუთარ არენაზე თამაშს, კარგი იქნება.

ზაზა ინაშვილი: (“კოლხეთის” მთავარი მწვრთნელი) თურქეთში მოსამზადებლად კარგი პირობები დაგხვდა. საუკეთესო სასტუმროებში ვცხოვრობდით, საუკეთესო მინდვრებზე ვვარჯიშობდით. სპარინგებიც სერიოზულ გუნდებთან გვქონდა და მთლიანობაში კმაყოფილი ვარ გუნდის მომზადებით. რეალურად გუნდი როგორ ფორმაშია, ამას ჩემპიონატის განახლების შემდეგ ვნახავთ. “კოლხეთმა” თურქეთში 5 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, აქიდან 3 შეხვედრა მოვიგეთ, ორში კი დავმარცხდით. ყველაზე საინტერესო თამაში ბოლო შეხვედრა მაკედონიის გუნდთან იყო. 90 წუთის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით და საბოლოოდ გამარჯვება მაინც ვერ მოვიპოვეთ. ბევრი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ეს ხარვეზი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. შეტევის ხაზის გაძლიერება გვჭირდება. თავდამსხმელის დამატება უნდა მოვახერხოთ. ლაშა ჯაკობიას მეშვეობით ვესაუბრეთ სერბ აგენტებს და შეგვპირდნენ, რომ მოგვიძებნიან ისეთ ფეხბურთელს, რომელიც “კოლხეთს” გამოადგება. რაც შეეხება ახალწვეულებს, ახალწვეულებით კმაყოფილები ვართ. კარგი ბიჭები არიან, გამოცდილებაც აქვთ და ვფიქრობ, მეორე წრეში “კოლხეთი” ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება. ამ შემადგენლობით და შემართებით, რაც დღეს “კოლხეთს” აქვს, უმაღლეს ლიგაში დარჩენის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს და ათეულში ადგილის დამკვიდრება რეალურია. დაფინანსების კუთხით ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ისევ მომავლის იმედად ვართ და როგორმე მეორე წრის ბოლომდე მივიტანთ თავს. სამწუხაროდ, მეორე წრეში ვერც საკუთარ სტადიონზე შევძლებთ თამაშს და ისევ ლანჩხუთის ცენტრალურ მოედანზე მოგვიწევს საშინაო მატჩების ჩატარება. ჩვენს სტადიონზე კი დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ როდის მოვახერხებთ ფოთში ასპარეზობას, ჯერჯერობით გაურკვეველია. Mმეორე წრის პირველი შეხვედრა სტუმრად ქუთაისის “ტორპედოსთან” გვექნება. საკმაოდ რთული მატჩი გველოდება, “ტორპედოს” ყოველთვის ჰყავდა და ახლაც ჰყავს კარგი გუნდი. ქუთაისლებს ახალი გამოცდილი მწვრთნელიც დამრიგებლობს და ფეხბურთელებითაც გაძლიერდნენ. მიუხედავად ამისა, “კოლხეთი” ყველა მეტოქესთან ღირსეულად იბრძოლებს და ასევე იქნება “ტორპედოსთანაც”. მსურს მადლობა გადავუხადო “აი-პი-ემ” ტერმინალ შეკრების დაფინანსებისა და გუნდის ეკიპირებისთვის გაწეული დახმარებისთვის. “კოლხეთის” გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ ხელმძღავნელობასთან ერთად, გუნდი ყველაფერს გააკეთებს ფოთელი ქომაგებისთვის სიხარულის მოსატანად და ეროვნულ ჩემიონატში ღირსეული ადგილის დასაკავებლად”.

ლაშა გოგონაია: (“კოლხეთის” კაპიტანი) “ნაყოფიერი შეკრება იყო, კარგი პირობებით, სპარინგ- მატჩებიც ნორმალურ გუნდებთან გვქონდა და მეორე წრეში ეს წაგვადგება. ვფიქრობ, გუნდმა მოუმატა, შემადგენლობაც გაძლიერდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენა არ გაგვიჭირდება”.

გურამ გურეშიძე: (“კოლხეთის” ახალწვეული) “ფოთის “კოლხეთი” ერთ მუშტად შეკრული, ბრძოლისუნარიანი გუნდია და სასიამოვნოა, ეს განწყობა რომ დამხვდება ახალ კოლექტივში. ყველა გუნდთან შეგვიძლია ბრძოლა. ინაშვილის სახით გამოცდილი მწვრთნელი გვყავს და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის ვცდილობთ დამრიგებლის დავალებები სრულყოფილად შევასრულოთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და ფოთის “კოლხეთი” ეროვნულ ჩემპიონატში თავის სიტყვას იტყვის”.

როგორც მოგახსენეთ, “კოლხეთი” მეორე წრეში თავის პირველ შეხვედრას 22 თებერვალს სტუმრად ქუთაისის “ტორპედოსთან” გამართავს. იმედია, პრობლემები, რომლებიც გუნდს წლებია აწუხებს და დღემდე არ მოგვარებულა, უახლოეს მომავალში გამოსწორდება და უძველეს ქართულ კლუბს, რომელიც ყოველთვის იყო ანგარიშგასაწევი კლუბი ეროვნულ ჩემპიონატში, შესაძლებლობა ექნება ფინანსურადაც გაძლიერდეს, საკუთარ არენაზეც ითამაშოს და ერთგულ გულშემატკივარს სიხარული მიანიჭოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133605