ფეხბურთი

2:42 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

„რეალს“ ათასებში უჭირს, „სიტის“ - ტურეს გარეშე

ესპანეთი

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში გამართული მადრიდული დერბი „რეალისთვის“ განსაკუთრებული იყო - „სამეფო კლუბი“ მე-4000 ოფიციალურ მატჩს ატარებდა. ისევე, როგორც მე-1000, მე-2000 და მე-3000 შეხვედის შემთხვევაში, „რეალისთვის“ ეს თამაშიც წარუმატებელი გამოდგა. მადრიდელებმა, პირველ ჯერზე, საკუთარ კედლებში 1:1 ითამაშეს, შემდეგ კი 2-ჯერ სტუმრად 0:1 წააგეს. მე-4000 შეხვედრაში მარცხი განსაკუთრებით მტკივნეული გამოდგა - კარლო ანჩელოტის გუნდი დერბიში 0:4 განადგურდა.

„ატლეტიკოს“ ანგარიში „რეალთან“ გამართულ ბოლო ოთხ თამაშში ჰქონდა გახსნილი და ეს სერია ხუთამდე გაგრძელდა. მატჩის პირველი გოლი ტიაგუმ გაიტანა. პორტუგალიელი ნახევარმცველი „ატლეტიკოს“ ისტორიაში მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც „რეალს“, ლა ლიგის ერთ გათამაშებაში, ორ მატჩში გაუტანა და გამარჯვებული ორივე შემთხვევაში მისი გუნდი გამოდგა. წინა სამ ფეხბურთელს ეს შედეგი გასული საუკუნის 40-იან და 50-იან წლებში ჰქონდა.

კასილიასის კარში მე-2 გოლი მე-18 წუთზე გავიდა და მისი ავტორი შეცვლაზე შესული საული გახდა. ლა ლიგაში, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართულ ფეხბურთელს გოლი ასე ადრე 2009 წლის იანვრის შემდეგ არ გაუტანია. „ატლეტიკოსთვის“ ეს შეცვლაზე შესული ფეხბურთელის მიერ ყველაზე ადრე გატანილი გოლია, ხოლო „რეალისთვის“ - ყველაზე ადრე გაშვებული.

„რეალს“ დაცვაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელები კი აკლდა, მაგრამ ანჩელოტის შეგირდები ვერც შეტევაში ბრწყინავდნენ. მადრიდულმა გუნდმა, პირველ ტაიმში, კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა, რაც 2014 წლის 2 თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა.

საბოლოოდ, „ატლეტიკომ“ 4:0 მოიგო, რაც მადრიდულ დერბიში 1987 წლის შემდეგ პირველად მოხდა. „როხიბლანკოს“ „რეალი“ ამაზე დიდი სხვაობით არასდროს დაუმარცხებია.

„ატლეტიკომ“ მადრიდულ დერბიში კიდევ ერთი მიღწევა გაიმეორა. გუნდმა „რეალთან“ ზედიზედ მე-6 წაუგებელი თამაში ჩაატარა. აქამდე მსგავსი შემთხვევა ერთადერთხელ, 1969-71 წლებში იყო დაფიქსირებული.

„რეალს“ რომ „ატლეტიკოსთან“ განსაკუთრებით უჭირს, ამაზე კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს - კარლო ანჩელოტის გუნდმა, მიმდინარე სეზონში, 37 თამაში ჩაატარა და 34-ში გოლი გაიტანა. დანარჩენი სამ შეხვედრაში „სამეფო კლუბი“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა.

შაბათის თამაშის შემდეგ, „რეალს“ „ვისენტე კალდერონზე“ ზედიზედ 3 წაგება დაუგროვდა, თან ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა. ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა.

„ატლეტიკო“ ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც „რეალთან“, ერთი სეზონის განმავლობაში, 6 ან მეტი თამაში ჩაატარა და არცერთი მათგანი არ წაუგია. თუმცა, არაა გამორიცხული, ამ გუნდების გზები ჩემპიონთა ლიგაზე გადაიკვეთოს.

„ატელტიკო“ „რეალის“ წინააღმდეგ კარგად მას შემდეგ ათამაშდა, რაც „სამეფო კლუბს“ სათავეში კარლო ანჩელოტი ჩაუდგა. იტალიელი სპეციალისტის მიერ დამოძღვრილ ფეხბურთელებს პრიმერაში კონკურენტებთან თამაში ძალიან უჭირთ. ანჩელოტის გუნდმა, ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ და „ატლეტიკოსთან“ გამართული 7 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო.

ანჩელოტისთვის 0:4 წაგება უცხო არაა. იტალიელმა სპეციალისტმა, სამწვრთნელო კარიერაში, ამ ანგარიშით მეხუთედ წააგო (ერთხელ „იუვენტუსში“, 3-ჯერ „მილანში“ და ერთხელ „რეალში“) და აქედან 3-ჯერ მისი გუნდი ესპანურ გუნდთან შერცხვა. ისიც უნდა ითქვას, რომ ანჩელოტის ამაზე დიდი სხვაობით არასდროს წაუგია.

შაბათს გამართული მადრიდული დერბი პირველი შემთხვევაა 2010 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი 4 ან მეტი ბურთის სხვაობით დამარცხდა. დაახლოებით 4 წლის წინათ, წაგებული ასევე „რეალი“ იყო, რომელიც „ბარსელონასთან“ 0:5 განადგურდა. „ატლეტიკომ“ კი, გათამაშების ლიდერი ასეთი სხვაობით 1950 წლის თებერვლის შემდეგ პირველად დაამარცხა და საინტერესოა, რომ „როხიბლანკომ“ 65 წლის წინათაც „რეალი“ შეარცხვინა.

„რეალი“ ლიდერობას წაგების მიუხედავად ინარჩუნებს, მაგრამ „ბარსელონამ“ მადრიდელებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. კატალონიური გუნდი ბასკეთს ეწვია და ამ ავტონომიურ ოლქში ზედიზედ 8 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, იმარჯვა.

ლუის ენრიკეს გუნდმა დიდი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. კატალონიელები „ბილბაოს“, 26-ე წუთზე, უკვე 2:0 უგებდნენ, რაც 1991 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ბილბაოში გამართული თამაშის შემდეგ, „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი პორტუგალიელ ლეგენდას, ლუიშ ფიგუს გაუთანაბრდა. ორივე მათგანს, ლა ლიგაში, 105 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. თუმცა, ეს მხოლოდ სავარაუდო მონაცემებია, რადგან საგოლე პასების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.

„ბარსელონა“, ბოლო დროს, მეტოქის მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს. კატალონიელებმა ზედიზედ 5 გასვლითი თამაში მოიგეს და ამ 5 მატჩში 22 გოლი გაიტანეს. თუ „კამპ ნოუზე“ გამართულ თამაშებსაც მივათვლით, „ბარსას“ მოგებათა 9-მატჩიანი სერია გამოუვა, რაც 2012 წლის თებერვალ-მარტის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

„ბარსელონას“ კარგ ფორმაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლიონელ მესის ათამაშებაა. არგენტინელმა ვარსკვლავმა, 2015 წელს ლა ლიგაში ჩატარებულ 6 არასრულ თამაშში აქტიური მონაწილეობა 14 გოლში მიიღო (8 გაიტანა და 6 თანაგუნდელებს გაატანინა). დროის ამ მონაკვეთში, არცერთ სხვა ფეხბურთელს 7 გოლზე მეტში მონაწილეობა არ მიუღია.

„ბარსელონასთან“ თამაში განსაკუთრებული გამოდგა „ბილბაოს“ თავდამსხმელისთვის, არიც ადურისისთვის. 33 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა და ის მე-4 ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია. ადურისზე დიდ ასაკში მე-100 გოლი მხოლოდ პუშკაშმა, ლანგარამ და პიჩი ალონსომ გაიტანეს.

„ბარსელონასთან“ წაგების შემდეგ კვლავ მოიგო „ვილიარეალმა“. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ გოლი პრიმერას ზედიზედ მე-16 თამაშში გაიტანა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე გრძელი სერიაა.

ინგლისი

ინგლისში მორიგი ლონდონური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ტოტენჰემი“ და „არსენალი“ დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა, არსენ ვენგერისთვის, პრემიერლიგაში მე-700 იყო. ფრანგი სპეციალისტისთვის საიუბილეო მატჩში მისმა გუნდმა ანგარიში კი გახსნა, მაგრამ ჰარი კეინის დუბლის გამო დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჰარი კეინი, როდესაც ის 8 წლის იყო, „არსენალში“ ირიცხებოდა, მაგრამ ვენგერს „ტოტენჰემის“ ამჟამინდელი ლიდერის ტალანტი გამოეპარა.

„არსენალთან“ თამაშში შესრულებული დუბლის შემდეგ, ჰარი კეინს, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, უკვე 22 გოლი დაუგროვდა. პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან მსგავსი შედეგი არავის აქვს.

კეინმა მე-2 გოლი 86-ე წუთზე გაიტანა. ეს ნიშნავს, რომ „ტოტენჰემმა“, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, თამაშის ბოლო 5 წუთში გატანილი გოლებით უკვე 12 ქულა მოიპოვა. არცერთ სხვა გუნდს დროის ამ მონაკვეთში გატანილი გოლებით 6 ქულაზე მეტი არ აუღია. გარდა ამისა, „“ტოტენჰემი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად თამაშის მოგება 5-ჯერ მოახერხა.

„არსენალის“ მხრიდან ერთადერთი გოლი მესუთ იოზილმა გაიტანა. გერმანელმა ფეხბურთელმა, „არსენალის“ მაისურით, თავი ზედიზედ სამ შეხვედრაში გამოიჩინა, რაც მის ლონდონურ კარიერაში პირველად მოხდა. იოზილის გოლი ნიშნავს, რომ „ტოტენჰემმა“, „არსენალთან“ პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 32 თამაშიდან კარი მშრალად მხოლოდ ერთში შეინახა.

შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, „არსენალსა“ და „ტოტენჰემს“ შორის პრემიერლიგაში ჩატარებულ მატჩებში უკვე 131 გოლია გასული. ეს წყვილი, ტურნირის ისტორიაში, ყველაზე უხვგოლიანია.

კიდევ ერთი ლონდონური კლუბის, „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „ასტონ ვილასთან“ პრემიერლიგაში ჩატარებულ გასვლით მატჩში პირველად მოიგო. აქამდე მას 3 ფრე და 2 წაგება ჰქონდა.

ბირმინგემში გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ხოლო მასპინძლებმა 48-ე წუთზე გაათანაბრეს. ამ გოლით, „ასტონ ვილამ“ 659-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა. ეს სერია, პრემიერლიგის ისტორიაში, ხანგრძლივობით მე-4 ადგილზეა.

„ჩელსის“ გამარჯვება ბრანისლავ ივანოვიჩმა მოუტანა. 30 წლის მცველმა, „ასტონ ვილასთან“ გამართულ ბოლო 6 თამაშში, რომელშიც ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, 5 გოლი გაიტანა.

„მანჩესტერ სიტის“ იაია ტურეს გარეშე კვლავ უჭირს. „ქალაქელებმა“, კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველის არყოფნაში, 6 თამაში ჩაატარეს და ვერცერთი მათგანი ვერ მოიგეს.

„ჰალთან“ ქულების დაკარგვის შემდეგ „სიტის“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ამ გუნდს ასეთი შედეგი 2009 წლის შემდეგ არ ჰქონია.

„სანდერლენდის“ თავდამსხმელი ჯერმეინ დეფო ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც გოლი პერმიერლიგაში ამჟამად მოთამაშე ყველა გუნდის კარში აქვს გატანილი. 32 წლის თავდამსხმელის კოლექციას „სუონსი“ აკლდა და მან უელსელებს გოლი შაბათს, 1:1 დასრულებულ შეხვედრაში გაუტანა.

მე-3 ადგილი დაიბრუნა „საუთჰემპტონმა“, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ 4 მატჩი ისტორიაში პირველად მოიგო.

„საუთჰემპტონთან“ გამართულ შეხვედრაში მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო „ქუინს პარკ რეინჯერსის“ ნახევარმცველმა, ჯოი ბარტონმა. 32 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში მე-3 ფეხბურთელია, რომელიც ზედიზედ 6 თამაშში გააფრთხილეს.

მერსისაიდული დერბი ტრადიციად ქცეული შედეგით დასრულდა. „ევერტონმა“ და „ლივერპულმა“, ბოლო 6 მატჩში, ფრედ მეხუთედ ითამაშეს.

იტალია

სერია A-ს ტურის ცენტრალურ მატჩში „იუვენტუსმა“ „მილანი“ დაამარცხა, რაც გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობისა და ბოლოდროინდელი ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, ლოგიკური იყო. ტურინელებმა მილანელები, სერია A-ში, ზედიზედ მეხუთედ დაამარცხეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

„იუვეს“ მოგების მსგავსად, გასაკვირი არც ის ყოფილა, რომ მასპინძლებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს და თავი კარლოს ტევესმა გამოიჩინა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, შეხვედრის საწყის 15 წუთში, ყველაზე მეტი, 10 გოლი „იუვენტუსს“ აქვს გატანილი და აქედან 5 ტევესის ანგარიშზეა.

„იუვენტუსის“ მსგავსად, კარგი დრო უდგას მე-2 ტურინულ გუნდსაც. „ტორინომ“ სერია A-ს ზედიზედ 4 თამაში მოიგო, რაც 1978 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

საფრანგეთი

საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური თამაში ლიონში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი დაუპირისპირდნენ.

„პარი სენ ჟერმენს“ რომ „ლიონთან“ გასვლაზე თამაში უჭირს, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. „ჟერლანზე“ ჩატარებული ბოლო 20 თამაშიდან პარიზელებს მხოლოდ 2 ჰქონდათ მოგებული. დედაქალაქელებმა შინ 3 ქულით დაბრუნება ვერც ამჯერად მოახერხეს.

„ლიონის“ წინააღმდეგ შედეგიანობით ვერც პსჟ-ს ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოირჩევა. შვედმა ვარსკვლავმა კვირას კი გაიტანა, მაგრამ კვლავ თერთმეტმეტრიანით. ზლატანს, „ლიონთან“ ლიგა ერთში გამართულ შეხვედრაში, პენალტის გარეშე ჯერ არ გაუტანია.

„სენტ ეტიენისა“ და „ლანსის“ დაპირისპირებას (3:3) უხვგოლიანი გამოდგა, რაც შეცვლაზე შესული ფეხბურთელების დამსახურებაა. საფრანგეთის ჩემპიონატში 2007 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა ფეხბურთელებმა 4 გოლი გაიტანეს.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასული ტური იმით გამოირჩა, რომ მოწინავე ხუთეულიდან მოგება ვერცერთმა მოახერხა. ასეთი რამ მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა.

0.120416