ფეხბურთი

13:08 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ მოიგო, ლიპარტია დამარცხდა, ხუბუტიას არ უთამაშია

ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელშიც საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გამოდის, ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეის “სუვონი” 5:2 დაამარცხა. საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა პირველი ტაიმი ითამაშა.

თურქულ შეკრებაზე ლუგანსკის “ზორიამ” სპარინგი პოლონეთის “კიელცესთან” 0:2 წააგო. ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია ლუგანსკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

დონეცკის “ოლიმპიკი”, რომელიც სეზონის განახლებისთვის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ემზადება, ამხანაგურ შეხვედრაში ადგილობრივ “ბანი იასთან” 1:3 დამარცხდა. მეკარე ზაურ მახარაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, დონეცკელებში პირველი 45 წუთი დაჰყო.

მარიუპოლის “ილიჩევევეცმა” თურქეთში შეკრებაზე პოლონურ ხოჟუვის “რუხთან” ისპარინგა და 0:1 წააგო. ახალგაზრდა მცველმა ზურაბ ოჩიგავამ, რომელსაც უკრაინული პასპორტი აქვს, მარიუპოლელებში პირველი ტაიმი ჩაატარა.

ზაპოროჟიეს “მეტალურგი” ყაზახეთის “კაისარს” დაუზავდა - 1:1. განვლილ ტესტმატჩში უკრაინელთა რიგებში მცველ გიორგი ჯგერენაიას არ უთამაშია. ის ზაპოროჟიეში ისინჯება.

“კერკირა”, რომელსაც ცოტა ხნის წინ აკაკი ხუბუტია შეუერთდა, საბერძნეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა. 1/8-ფინალში “კერკირამ” სტუმრად პირველ შეხვედრაში აეკ-თან 1:2 წააგო, ხოლო საპასუხო მატჩი 1:1 დაასრულა და 1/4-ფინალს მიღმა დარჩა. ქართველი ცენტრალური მცველი საშინაო შეხვედრაში “კერკირას” 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114685