ფეხბურთი

13:08 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყენიამ მოიგო, რევიშვილი სასტარტოში ვერ მოხვდა, ძალამიძემ ითამაშა

პრაღის “სლავიამ”, რომლის ღირსებას ლევან ყენია იცავს, სტუმრად ამხანაგური შეხვედრა გერმანიის აუე-ს 4:2 მოუგო. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. “სლავიას” ვებგვერდის ინფორმაციით, ყენია აქტიურობდა და ხშირ შემთხვევაში პრაღელთა შეტევების სულისჩამდგმელი იყო.

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსეთის პირველი დივიზიონის ტიხვინის “ტოსნომ” პრემიერლიგის პერმის “ამკართან” სპარინგი 0:1 წააგო. “ტოსნოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გრიგორიანმა გუნდში მყოფი ქართველებიდან სასტარტოში მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი და ფორვარდი ოთარ მარცვალაძე ათამაშა, რომლებიც პირველი ტაიმის მერე შეცვალა. მეკარე ნუკრი რევიშვილმა მეორე ტაიმი ჩაატარა, ხოლო პირველში “ტოსნოს” კარში ნარუბინი იდგა. ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი “ამკარში” გაატარა, რომელთან კონტრაქტი გაწყვიტა და “ტოსნოს” მიაშურა. რევიშვილს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და კარგი არ იქნება თუ ქართველ გოლკიპერს მეორე ეტაპზე სათამაშო პრაქტიკა მოაკლდება.

მიმდინარე წელს, ბიალისტოკის “იაგიელონიაში” პირველად ითამაშა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ. თურქულ შეკრებაზე პოლონელებმა უკრაინის პრემიერლიგის “ჰოვერლა” 1:0 დაამარცხეს და ძალამიძემ პირველი ტაიმი ჩაატარა.

პოლონური ზაბჟეს “გურნიკი” თურქეთში შეკრებაზე “ალანიასფორს” დაუზავდა - 1:1. თავდამსხმელმა გიორგი ალავერდაშვილმა, რომელიც “გურნიკში” ისინჯება, სრულად ითამაშა.

ზაპოროჟიეს “მეტალურგი”, რომელიც სეზონის განახლებისთვის ასევე თურქეთში ემზადება, სპარინგში ლიბიის “ალი-აჰლისთან” 1:2 დამარცხდა. ზაპოროჟიელთა რიგებში სინჯებზე მყოფმა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ მეორე ტაიმი ჩაატარა.

უნგრულმა “დიორმა” ამხანაგურ შეხვედრაში “სლოვაკეთის” “დაკ”-თან 1:1 ითამაშა. ფორვარდი გიორგი ქვილითაია “დიორის” რიგებში არ გამოჩენილა.

0.115101