ფეხბურთი

15:53 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალწვეულები, გაზრდილი ბიუჯეტი და შესაძლო სპონსორი -  ”გურია” მეორე წრისთვის ემზადება

ლანჩხუთის “გურია” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ყოველთვის ანგარიშგასაწევი გუნდი იყო. მართალია გურულებს, ისევე როგორც ეროვნული ჩემპიონატის უმრავლეს კლუბს, ფინანსური პრობლემები აწუხებდათ და ელემენტარული საფეხბურთო პირობები არ ჰქონდათ, მაგრამ გუნდი უმაღლეს ლიგაში მაღალი ადგილებისთვის იბრძვის და პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს.

“გურიამ” მეორე წრისთვის მზადება ყველაზე გვიან დაიწყო, მიზეზებზე უკვე ვისაუბრეთ, როგორც გურულების მთავარმა დამრიგებელმა თემურ ლორიამ გვითხრა, გუნდი ვერც უცხოეთში მოასწრებს შეკრების გავლას, მაგრამ საბოლოოდ ფინანსური კუთხით მდგომარეობა გამოსწორებულია და იმედიანი თვალით უყურებენ მეორე წრეს.

გუნდს ჰყავს ახალი პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე, რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის გამგებელია. სწორედ ურუშაძის თანადგომის და აქტიურობის შედეგად გამოეყო “გურიას” 1.17 მილიონი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან. როგორც ცნობილია, ურუშაძეს ახლო კავშირები აქვს უკრაინის საფეხბურთო წრის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან და გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის პრეზიდენტის ინიციატივით ლანჩხუთში ჩამოსვლას აპირებენ უკრაინელი ბიზნესმენები და დაინტერესების შემთხვევაში შესაძლოა გუნდს სპონსორიც გამოუჩნდეს.

თემურ ლორია: (“გურიას” მთავარი მწვრთნელი): “ძალიან დაგვიანდა ჩვენი შეკრება, რაც ყველაზე ცუდია, რადგან ახლა დროს ოქროს ფასი აქვს. ყველაფერი გამოწვეული იყო ფინანსური პრობლემებით, ამ ეტაპზე შედარებით გამოსწორდა სიტუაცია. სავარაუდოდ ხუთშაბათს შევიკრიბებით ურეკში. სამწუხაროდ უცხოეთში წასვლას ვერ მოვახერხებთ და საქართველოში მოვემზადებით. ადგილობრივი თვითმართველობის აქტიურობის შედეგად ჩვენი ბიუჯეტი შეივსო მილიონ ლარზე მეტით, საკმაოდ დიდი ვალია დაგროვილი ძველი და ვცდილობთ ისე მოხდეს ყველაფერი, რომ გუნდს დაეტყოს დაფინანსება.

გვყავს ახალწვეულები: ბუკა ცინცაძე, რომელიც ბოლოს ლატვიური “დაუგავპილსის” რიგებში ირიცხებოდა, “დინამოს” მცველი გიორგი მჭედლიშვილი, მოსიაშვილი “ჭიათურიდან”, საყრდენი ნახევარმცველი კოკა ღაღანიძე, რომელიც ესპანეთის “ალავესის” ასაკობრივ გუნდში ირიცხებოდა და ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი გოლკიპერი გაბრიელ თებიძე. ასევე უკრაინიდან ველოდებით ორ-სამ ფეხბურთელს, ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და მალე გადაწყდება მათი საქართველოში ჩამოსვლის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ გვიან შევიკრიბეთ და გარკვეული პრობლემები იყო, “გურია” იბრძოლებს მაღალი ადგილებისთვის, მარტო უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ იქნება ჩვენი ამოცანა. ჩვენს გუნდს ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს ერთგული, აქტიური გულშემატკივარი და მათ ვპირდებით ბრძოლას და შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას.”

იმედია “გურიას” სპონსორიც გამოუჩნდება, გუნდი გაძლიერდება და ლანჩხუთში, სადაც ძალიან უყვართ ფეხბურთი და უამრავი ადამიანი დადის სტადიონზე საკუთარი გუნდის საქომაგოდ, წარმატებული გუნდი ეყოლებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111261