ფეხბურთი

17:48 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: “იტალიაში მოსაგებად მივდივართ”

 

სამი დღე დარჩა ისტორიულ დღემდე, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი (საქართველოს ჩემპიონატის კლუბების ნაკრები - “თბილისის კავკასიელები”) ევროპის მორაგბეთა საკლუბო ტურნირებში ჩაებმება. გუნდი “ჩელენჯ ქაფის” შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩის გასამართად იტალიაში ხუთშაბათს გამთენიისას მიემგზავრება, სადაც 20 სექტემბერს თბილისის დროით 18 საათზე “როვოგოს” დაუპირისპირდება.

ერთი კვირის თავზე იტალიის ვიცე-ჩემპიონი უკვე თავად ეწვევა თბილისის და 27 სექტემბერს “ავჭალის სარაგბო სტადიონზე”, 17 საათზე საპასუხო შეხვედრა გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული პირველ ჯგუფში “კარდიფთან”, “ლონდონ აირიშთან” და “გრენობლთან” მოხვდება, დამარცხებულს კი, მომავალ შემოდგომამდე მოუწევს უქმობა. თბილისურ თამაშზე დასასწრები ბილეთები 23 სექტემბრიდან ყოველდღიურად საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში გაიყიდება (12-იდან 17 საათამდე) და მისი ფასი 2 ლარი იქნება. თუ 27 სექტემბრამდე ყველა ბილეთი არ გაიყიდა, ისინი სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

“თბილისის კავკასიელების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა უკვე შეარჩია ის 26 მორაგბე, რომლებიც იტალიაში მიდიან. თითქმის ნახევარი - 12 მორაგბე საქართველოს ჩემპიონ “ლელო სარასენსიდანაა”, 4-4 მოთამაშე “ლოკომოტივს” და “Yოჩებს” წარმოადგენს, 2 ვიცე-ჩემპიონ “არმიას” ღირსებას იცავს, ხოლო თითო-თითო “არმაზიდან”, “ბათუმიდან”, “ჯიქებიდან” და “აიადან” არიან წარმოდგენილი. გუნდის კაპიტანი გიორგი კაჭარავა, ან ლაშა ხმალაძე იქნება და მას თავად მოთამაშეები აირჩევენ, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი იქნება.

გამგზავრებამდე “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე მაისაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და კაპიტნობის კანდიდატებმა პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი ნიჟარაძე: “ტურნირის ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს ამ ისტოირულ მომენტს მოუმზადებლები რომ შევხვედროდით. ინფორმაციული ვაკუუმი იმდენად დიდია, რომ ახლაც არ ვიცით რა მოხდება თუ თამაშები თანაბარი ქულების სხვაობით დასრულდება. ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე - რა კრიტერიუმებს მიენიჭება უპირატესობა თანაბარ სიტუაციაში. ვიცოდით, რომ “როვიგოსთან” მარცხის შემთხვევაში მესამე დონის გუნდებთან უნდა გვეთამაშა და ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონში 8 საერთაშორისო მატჩის ჩატარება მოგვიწევდა. ამისათვის, ჩვენ საქართველოს ჩემპიონატში ცვლილებები განვახორციელეთ და სპეციალური ფანჯრები გამოვყავით, მაგრამ ახლა გადაწყდა, რომ წელს მესამე დონის ტურნირი საერთოდ აღარ გაიმართება.

პრობლემები შეგვექმნა შემადგენლობის მხრივაც. რადგან ევროთასების მატჩები 7-კაცა რაგბის ევროპის გრან პრის ორ ეტაპს დაემთხვა, მოთამაშეთა გაყოფა მოგვიწია. გიორგი შკინინი და ბექა წიკლაური მანჩესტერის ეტაპის შემდეგ “თბილისის კავკასიელებს” შეუერთდა, მაგრამ 7-კაცაში კიდევ დარჩნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც “კავკასიელების” შემადგენლობაშიც მოიაზრებოდნენ. ვერ ვიშოვეთ სპონსორი, რადგან ინფორმაციული ვაკუუმის ფონზე ვერავის ავუხსენით რამდენ თამაშს ჩავატარებდით სეზონში.

შემადგენლობაში ვერ მოხვდა ირაკლი მაჩხანელი. დავით ვართანიანის გარდაცვალების ფონზე, “არმაზის” მზადების მთელი სიმძიმე სწორედ მას დააწვა. განმეორებით შეხვედრას “ავჭალის” სტადიონზე ვატარბეთ, იმიტომ, რომ 27 სექტემბერს “მიხეილ მესხის” და “ბორის პაიჭაძის” არენები დაკავებულია. მოსამზადებელი ეტაპიც დროის სიმცირის გამო სასურველისგან შორს იყო, თუმცა “ლოკომოტივთან” თამაშმა მწვრთნელებს ბევრი რამ დაანახა. “როვიგო” ძლიერი გუნდია, რომელსაც ზურგს დიდი საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს, მაგრამ მას დისციპლინა და კარგი დაცვა უნდა დავუპირისპიროთ და დაუმარცხებელი მეტოქე ნამდვილად არაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიჭები ორივე შემთხვევაში თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენებას ეცდებიან. 27 სექტემბერს ჩვენ სავსე ტრიბუნები გვჭირდება, რადგან გულშემატკივართა მხარდაჭერა გუნდს აუცილებლად დაჭირდება.

“ჩელენჯ ქაფის” მატჩების, მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშების ტელეტრანსლიაციის უფლება ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის და ქართული მხარე მასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეთანხმება არ შემდგარა და არ ვიცით იქნება თუ არა თუნდაც თბილისური მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლიაცია. თუ წელს “როვიგო” ვერ დავამარცხეთ, გაისად პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპში ჩავერთვებით. გაისად მესამე დონის ტურნირის ჩატარება იგეგმება, მაგრამ ჯერ არავინ იცის ეს როგორ მოხერხდება. მოგეხსენებათ, 2015 წელი მსოფლიო თასის წელია და თუ ეს ტურნირი მაინც ჩატარდება, იქ ნაკრების მოთამაშეების გარეშე მოგვიწევს გამოსვლა”.

ლევან მაისაშვილი: “თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, რომ “როვიგოსთან” თამაშისთვის მოსამზადებლად 2 კვირა გვექნებოდა. სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა, მაგრამ ასეთი პრობლემები ნებისმიერ გუნდს ექმნება. შეკრებაზე 32 მორაგბე გვყავდა, რომელთაგან ის 26 შევარჩიეთ, რომლებიც იტალიაში მიემგზავრებიან. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არა მგონია 27-ის მატჩისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, შეზღუდულები არ ვართ და იტალიაში თამაშის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ.

“ლოკომოტივთან” თამაშმა გვაჩვენა, თუ რაზე უნდა გვემუშავა. გარდა ამისა, გვაქვს “როვიგოს” ბოლო ამხანაგური მატჩის ვიდეოჩანაწერი და მეტოქეზე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა. ისინი თანაბრად ძლიერები არიან როგორც სწრაფ, გაშლილ თამაშში, ასევე შეჯგუფებებსა და ძალისმიერ დაპირისპირებებში. იტალიაში მხოლოდ მოსაგებად მივდივართ, სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს და ვნახოთ რა გამოვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება.

“როვიგოს” დიდი ტრადიცია აქვს და რაც მთავარია, შეკრული კლუბია, რაც მათ გარკვეულ უპირატესობას აძლევს. ამ ქალაქში ორჯერ ვარ ნამყოფი და ძლიერი გულშემატკივართა კლუბი ყავს. გუნდი კარგადაა შეთამაშებული. მთავარია შევძლოთ და ვრჯიშებზე ნამუშევარი მოედანზე სწორედ გადავიტანოთ და არც ჩვენ ვართ სუსტები. გუნდის კაპიტანი გიორგი კაჭარავა, ან ლაშა ხმალაძე იქნება და ამას თავად გუნდი გადაწყვეტს”.

გიორგი კაჭარავა: “იტალიელები უკვე ინტეგრირებული არიან ევროთასებში, ჩვენ კი ახლა უნდა ვიბრძოლოთ ამ უფლებისთვის. ყველასათვის, ზოგადად ქართული რაგბისათვის უმნიშვნელოვანესია ევროპის საკლუბო ტურნირებში ადგილის მოპოვება და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ”.

ლაშა ხმალაძე: “საქართველოს ჩემპიონატში სულ ერთმანეთთან გვიწევდა თამაში და სასიხარულოა, ახლა ასეთი შანსი რომ გაგვიჩნდა. შაბათს ჩვენ პირველად მოვსინჯავთ ძალებს ევროპელებთან და იმედია, მომავალშიც მოგვეცემა ამის შანსი. ეს აუცილებელია ქართული რაგბის და მომავალი თაობის განვითარებისთვის”.

იტალიაში შემდეგი 26 მორაგბე მიდის: ბაჩანა გოგიშვილი (“ყოჩები”), გიორგი სანიკიძე (“ლელო სარასენსი”), ბადრი ალხაზაშვილი (“ლელო სარასენსი”), ირაკლი ჩომახაშვილი (“არმაზი”), დავით გურგენაძე (“არმია”), ომარ ბალიაშვილი (“ლოკომოტივი”), სანდრო ქოიავა (“ლელო სარასენსი”), ბექა ბიწაძე (“ლოკომოტივი”), მიხეილ არჩუაშვილი (“ყოჩები”), ელგუჯა სურგულაძე (“ლელო სარასენსი”), გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი”), ბაჩანა კოლელიშვილი (“ლელო სარასენსი”), გიორგი მჭედლიშვილი (“ჯიქი”), ზვიად მაისურაძე (“ლელო სარასენსი”), გიორგი კაჭარავა (“ლელო სარასენსი”), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”), ლაშა ხმალაძე (“ლელო სარასენსი”), გიორგი ტალახაძე (“ლელო სარასენსი”), ალექსანდრე თოდუა (“ლელო სარასენსი”), გიორგი შკინინი (“ლოკომოტივი”), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო სარასენსი”), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”), გიორგი აფციაური (“აია”), ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”), თორნიკე ცერცვაძე (“ლელო სარასენსი”), თემურ სოხაძე (“ყოჩები”).

მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.354704