გამოკითხვის შესახებ
მონაწილეების დახასიათება
ინტერვიუ პირველი მწვრთნელებთან
„გაზეთ მსოფლიო სპორტის თასის“ მოსაპოვებლად SMS-გამოკითხვა მეხუთედ ტარდება. ტრადიციას არც ამჯერად ვუღალატეთ და საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად 22 ნომინანტს გთავაზობთ. თუმცა, ვიდრე მათ წარმოგიდგენთ, გასული წლების გამარჯვებულებსა და რამდენიმე საინტერესო ციფრს გაგაცნობთ.
ყველაზე მეტჯერ ნომინანტთა შორის 3 ფეხბურთელი მოხვდა - მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე იაშვილი და ლევან კობიაშვილი ხუთჯერვე თასის მაძიებლებში იყვნენ. ამ სამეულიდან ხალხის რჩეულის ტიტულთან ყველაზე ახლოს კობიაშვილი გახლდათ. ეს, 2006 წელს, პირველივე გამოკითხვისას მოხდა, როცა იმ დროისთვის გელზენკირხენის “შალკესა” და ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, 444 ხმით, მე-4 ადგილი დაიკავა.
წლევანდელი გამოკითხვის ჩათვლით, „მსოფლიო სპორტის თასისთვის“ სულ 55 ფეხბურთელი იყო ნომინირებული. აქედან, წინა გამოკითხვებთან შედარებით 7 ახალი ნომინანტია. ამ მხრივ რეკორდი IV გამოკითხვაში დაფიქსირდა, როცა ჩვენს რჩეულებში 12 „ახალი სახე“ გამოჩნდა.
წინა ოთხი SMS-გამოკითხვის საუკეთესო სამეულები ასე გამოიყურება:
2006 - ლევან ცქიტიშვილი (607 ხმა), დავით სირაძე (568), შოთა არველაძე (523). სულ ხმა 4102-მა გამოკითხულმა მისცა;
2007 - გიორგი მერებაშვილი (436), კახა კალაძე (182), დავით სირაძე (118). სულ 1012 ხმა;
2008 - გიორგი მერებაშვილი (1312), ირაკლი კლიმიაშვილი (1153), დავით სირაძე (345). სულ 3143 ხმა;
2009 - ჯანო ანანიძე (1915), გიორგი გაბედავა (1670), ვახტანგ კვარაცხელია (656). სულ 6531 ხმა.
შარშანდელ კონკურსში დაფიქსირდა უნიკალური შემთხვევა — SMS-გამოკითხვის სამეულში მხოლოდ დებიუტანტები მოხვდნენ. სხვათა შორის, მათგან წლევანდელ ნომინანტებში მხოლოდ მოსკოვის სპარტაკელი ჯანო ანანიძე შევიყვანეთ.
ამჟამინდელ 22 რჩეულში არცერთი ჩემპიონი არაა, რასაც თავისი ახსნაც შეიძლება მიეცეს. პირველი ის, რომ ჩვენს ნომინანტთა შორის მოხვედრილი და 2010 წლის განმავლობაში უცხოურ გუნდებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონი ვერსად გახდა; მეორეც, ქართულ ჩემპიონატში გამარჯვებული რუსთავის “ოლიმპიდან”, საუკეთესო და თან უკონკურენციოდ ბრაზილიელი აკინო გახლდათ, რომელიც ეროვნების გამო, აშკარად გამოკითხვის პრინციპიდანაა ამოვარდნილი. დანარჩენ ოლიმპელებს რაც შეეხებათ, მათგან ნომინანტებში შეყვანისას, დავით იმედაშვილსა და გიორგი ჭედიაზე თუ შეაჩერებდი კაცი ყურადღებას, მაგრამ ერთმაც და მეორემაც კარიერის აზერბაიჯანში გაგრძელება არჩია და ერთგვარი ანტირეკლამაც გაიკეთა.
↑ მაღლა
მოდით, იმ ფეხბურთელების წარდგენას მივყვეთ, რომელთა რჩეულთა შორის შეყვანა გადავწყვიტეთ. შევეცდებით, საკუთარი არჩევანი ციფრებითა და ფაქტებით დავადასტუროთ, სადაც გადამწყვეტი როლი ეროვნული ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ ითამაშა. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ 22-ში ისეთი ფეხბურთელიც იხილოთ, რომელსაც კლუბში თამაშით დიდად არ გამოუჩენია თავი, მაგრამ თემურ ქეცბაიას ნდობას იმსახურებს და ამართლებს კიდეც.
ალექსანდრე ამისულაშვილისთვის საკმაოდ წარმატებული სეზონი იყო. იგი თამამად შეიძლება დასახელდეს, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველთაგან სტაბილურად წარმატებით მოასპარეზე ფეხბურთელად. ნალჩიკის “სპარტაკის” 28 წლის მცველმა, თურქეთში გადაბარგებამდე, რუსეთში წლეულს ჩატარებულ 11 მატჩში გოლიც გაიტანა. იგი თემურ ქეცბაიამ, კარგა ხნის პაუზის შემდეგ, ნაკრებს დაუბრუნა და “ჯვაროსნები” რომ დაცვაში საიმედონი არიან, მისი დამსახურებაცაა. რაც შეეხება ალეკოს ახალ კლუბს, “კაისერისპორში” შოთა არველაძემ მიიწვია და ისიც იმედებს უმართლებს – უშუალო მოვალეობის შესრულების გარდა, 15 მატჩში 2-ჯერ გოლით თავის გამოჩენა, მცველისთვის ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.
მოსკოვის “სპარტაკის” 18 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ჩვენი გამოკითხვის ბოლო გამარჯვებულია და მომესიჯე ქომაგის იმედი ახლაც უნდა ჰქონდეს. იგი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელად, რომელსაც ნაკრების თავკაცი თამამად მიიჩნევს “ჯვაროსანთა” ძირითად მოთამაშედ. ჯანომ წლეულს ნაკრების მიერ ნათამაშებ 8 მატჩში 6-ჯერ მოირგო ქვეყნის მთავარი გუნდის მაისური და სლოვენიასთან სენსაციურად მოგებას (2:1) სწორედ მის პირველ სანაკრებო გოლს უნდა ვუმადლოდეთ. რუსთა “სახალხო” გუნდში ანანიძემ წლეულს 23 შეხვედრა (2 გოლი) კი ითამაშა, მაგრამ ვალერი კარპინს იგი, უმეტესწილად, ბოლო წუთებზე შემოჰყავდა. 2010 წელს შედგა ჯანოს საჩემპიონთალიგო დებიუტიც.
ვფიქრობთ, რომ მალხაზ ასათიანის ნაკრებში დაბრუნებით კარგი საქმე გაკეთდა. ქეცბაიამ კარგად იცოდა “ასკას” შესაძლებლობები და დაცვის ცენტრის საიმედო თამაში 29 წლის მცველის პროფესიულ გამოცდილებაზე დააფუძნა. ყველას კარგად გვახსოვს ასათიანის შედეგიანი სანაკრებო მატჩებიც (მას წინა წლებში 4 გოლი აქვს გატანილი), რაც მისი ნახევარდაცვის ცენტრში უნაკლო თამაშისას ფიქსირდებოდა. მოკლედ, “ჯვაროსანთა” თავკაცი არჩევანის წინაშეცაა, როცა ნაკრებს დასჭირდება, წინწაწეული ასათიანის გამოყენებაც შეიძლება. ნომინანტმა მოსკოვის “ლოკომოტივში”, საიდანაც კონტრაქტის ვადის გასვლის გამო თავისუფალი აგენტის რანგში წამოვიდა, წლეულს 22 შეხვედრა გამართა.
ნიკოლოზ გელაშვილი ეროვ¬ნულ ჩემპიონატზე მოასპარეზე ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. მან “ზესტაფონის” ღირსება წლის პირველ ნახევარში 13-ჯერ დაიცვა და 3 გოლი გაიტანა. ცუდად არც კლუბის საევროტურნირო გამოსვლისას უასპარეზია (6 მატჩში 2 გოლი), ხოლო აგვისტოდან “მეორე სუნთქვა” გაეხსნა და XXII ეროვნულ ჩემპიონატში 18 შეხვედრაში 10-ჯერ შეძლო მეტოქის კიპერთა დამწუხრება. ნიკამ ნაკრების შემადგენლობაში, ჯერჯერობით, ვერ შეძლო სადებიუტო გოლის გატანა. იგი ქეცბაიამ 2010 წელს 4-ჯერ შეუშვა მინდორზე და ფაქტია, 25 წლის ფორვარდი ეროვნული გუნდის თავკაცის კეთილგანწყობას იმსახურებს.
გოგიტა გოგუამ ნალჩიკის “სპარტაკში” კარგი სეზონი ჩაატარა. იგი ყაბარდოელთა შუა ხაზის დასაყრდენი იყო. კრასნოჟანი მას დაუფიქრებლად ანდობდა ადგილს ძირითადში და 27 წლის ქართველიც ნდობას უმართლებდა. გოგიტამ 26 პრემიერლიგურ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. მის ახალ კლუბს რაც შეეხება, გოგუა პირველი დივიზიონიდან დაწინაურებულ ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში” გადავიდა. ჩვენმა ნომინანტმა, თავი სანაკრებო სტაბილურობითაც დაგვამახსოვრა - იგი ქეცბაიას გუნდის ბირთვშია, რაც წლეულს ჩატარებულ 6 “ჯვაროსნულ” მატჩში აისახა.
ლვოვის “კარპატის” 25 წლის ნახევარმცველის, სანდრო გურულის განომინანტება ბევრად განაპირობა, მისმა სლოვენიურმა გოლმა. მოგეხსენებათ, 17 ნოემბერს, კოპერში, იქაურ ეროვნულ გუნდთან ქართველების სტუმრობისას, ქეცბაიამ ის მე-2 ტაიმში შეიყვანა და სანდრომაც საერთო წარმატებისთვის მეტად საჭირო გოლი გაიტანა. გურული უკრაინის ვიშალიგაში მოასპარეზე “კარპატის” ძირითადში მკვიდრდება (წლეულს სულ 26 მატჩი ითამაშა), რაც ქართველ მარცხენაფლანგელს წინსვლაში ხელს უდავოდ შეუწყობს.
2010 წელი “ზესტაფონის” საყრდენი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილის კარიერაში წარმატებული იყო. უწინარესად, ის ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წამყვანი მოთამაშეა (31 მატჩში 2 გოლი); მეორეც, “ბუბა”, წლეულს არცთუ ურიგოდ მოასპარეზე ოთარ გაბელიას გაწვრთნილი 21-წლამდელთა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ. დაუშვილის გარჯა არც “ჯვაროსნების” თავკაცს დარჩენია უყურადღებოდ და შემოდგომის 2 მატჩში (მალტა, ლატვია) “ეროვნულშიც” ათამაშა.
24 წლის ვლადიმერ დვალიშვილს შარშანდელთან შედარებით, სტატისიკურად წარუმატებელი სანაკრებო წელი ჰქონდა. თავად განსაჯეთ - თუ შარშან ჰაიფას “მაკაბის” ფორვარდმა საქართველოს პირველი გუნდის მეტოქეებს 7 მატჩში 4 გოლი გაუტანა, წლევანდელი 6-ვე “ჯვაროსნული” მცდელობა უშედეგო იყო. თუმცა, ქეცბაიას მხრიდან სტაბილური ნდობაც, ლადოს აქტივშია ჩასაწერი. კლუბს რაც შეეხება, ისრაელის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მომპოვებელმა, წლის პირველ ნახევარში 20 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, ახალი სეზონის 13 მატჩში კი, თავი 4-ჯერ გამოიჩინა. ხაზგასასმელია ერთი გარემოებაც, თუ დვალიშვილს “მაკაბის” თავკაცი და მისი ქართველი ასისტენტი გიორგი დარასელია, როგორც წესი, მატჩის საწყის 60-75 წუთს ათამაშებდნენ, ბოლო შეხვედრებში ფორვარდს სრული სათამაშო დრო ეთმობა. ეს კი ფეხბურთელის კონდიციების გაუმჯობესებაზე მეტყველებს.
ალექსანდრე იაშვილი გერმანიის დამსახურებული მე-2 ბუნდესლიგელის “კარლსრუეს” წამყვანი ფიგურაა. სამწუხაროდ, მის გუნდს არც 33 წლის ქართველი ვეტერანის გამოცდილება ჰყოფნის და არც ბიუჯეტი, რომ მიმდინარე სეზონში დაწინაურებაზე იფიქროს. “კარლსრუე” ამჟამად მე-14 ადგილზეა, “მსოფლიო სპორტის” მუდმივი ნომინანტი კი, წლეულს კლუბში ჩატარებულ 27 მატჩში 5-ჯერ გამოირჩა. “იაშკა” ქეცბაიამ 7-ჯერ ათამაშა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და მანაც საბერძნეთთან სწრაფი (მე-3 წუთი) გოლით დაგვამახსოვრა თავი.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა “გაზეთ მსოფლიო სპორტის თასის” ნომინანტებს ეროვნული ნაკრების ტიტულოვანი კაპიტანი კახა კალაძე. მან ზაფხულში კლუბი და იმ კლუბში უკვე ერთი მწვრთნელი გამოიცვალა. “ჯენოა” “მილანი” არაა, მაგრამ იტალიის სერია A-ში სტაბილური თამაში (კახას ბოლო მატჩები ტრავმის გამო გაუცდა. სულ კი შემოდგომაზე 7 მატჩი ითამაშა), “ჯვაროსანთა” თავკაცს რეგულარული ნდობის საბაბს აძლევს. 32 წლის მცველმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 7 შეუცვლელი მატჩი ითამაშა და სტაბილურობასთან ერთად, თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა, როდესაც მალტასთან, ევროჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, სირაძემ დამატებულ წუთებზე თავური დარტყმით ერთადერთი გოლი გაიტანა.
ჰოლანდიური “ვიტესის” 23 წლის მცველი გურამ კაშია, სათამაშო ამპლუის მიუხედავად, მისი ყოფილი გუნდის - თბილისის “დინამოს” ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე იყო. კაშიამ მიმდინარე წლის თებერვალ-მაისში დინამოელთა რიგებში გამართულ 19 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. ახალ კლუბს რაც შეეხება, იქ “კაშომ” თავი ძირითადში თავიდანვე დაიმკვიდრა და ახალ სეზონის თითქმის ყველა მატჩი (13) შეუცვლელად ითამაშა. გურამ კაშია ქეცბაიამ წლის პირველ და ბოლო მატჩებში ათამაშა - რაც იმის მანიშნებელია, რომ იგი “ჯვაროსანთა” შტაბს პირად კონტროლზე ჰყავს.
ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრებისა და ბერლინის “ჰერტას” ერთ-ერთი ლიდერია. მართალია, მისი კლუბი მე-2 ბუნდესლიგაში გამოდის, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ბერლინელებიც და ქართველი ნახევარმცველიც, 2011 წლის მაისში ერთად დაწინაურდებიან. “კობის” ოფიციალურ მატჩში კარგა ხანი არ გაეტანა და გუშინ, “ჰერტას” ნანატრ მოგებას (გუნდს ზედიზედ 3 მარცხი ჰქონდა) მისმა რეალიზებულმა პენალტმა დაუდო სათავე. სულ წლეულს კობიაშვილმა კლუბში 32 მატჩი გამართა. ნაკრებს რაც შეეხება, აქ იგი ქართველთაგან ყველაზე მეტი (92) შეხვედრის ჩამტარებელია. წლეულს კი მან “ჯვაროსნებში” 7 მატჩი (1 გოლი) ითამაშა.
23 წლის განაპირა მცველმა უჩა ლობჟანიძემ 2010 წელი ახალ კლუბში დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” გაატარა. ექსზესტაფონელმა უკ¬რაინელთა რიგებში წლეულს 27 (მათგან 4 ევროლიგაზე) შეხვედრა ჩაატარა. ბუნებრივია, საკლუბო სტაბილურობა რომ არა, არც თემურ ქეცბაია ანდობდა ასე ხშირად (5 მატჩი) ნაკრების მაისურს (სტუმრად ლატვიასთან გამართულ ევროჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, დავით სირაძემ სწორედ მისი ზუსტი პასის შემდეგ გახსნა ანგარიში). შესაბამისად, ჩვენი გამოკითხვის ნომინანტთა შორის მისი მოხვედრაც არ უნდა იყოს გასაკვირი.
გიორგი ლორიას სახით, ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთი ღირსეული კიპერი ჰყავს. თბილისის “დინამოს” 24 წლის მეკარემ, საკუთარი საიმედოობა სლოვენიასთან, პრაქტიკულად უშეცდომო გარჯით დაამტკიცა (თერთმეტმეტრიანიც კი მოიგერია). იგი კლუბში შეუცვლელად თამაშობს (44 მატჩი) და არც ისაა გამორიცხული “დინამოსთან” კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, კარიერა რომელიმე ამბიციურ უცხოურ კლუბში განაგრძოს.
ოთარ მარცვალაძე ერთადერთია, რომელიც ზედიზედ მეორედ ხვდება ჩვენს ნომინანტებში, როგორც დაბალი ლიგიდან დაწინაურებული გუნდის მოთამაშე. თუკი შარშან “ანჟის” რუსულ პრემიერლიგაში აღზევების მიუხედავად, ოთარს კვლავ პირველ დივიზიონში დარჩენა მოუწია, ამჯერად, იგი ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” აუცილებლად “აჰყვება მაღლა”. მან “ვოლგაში” წლეულს ნათამაშევ 33 მატჩში 21 გოლი გაიტანა და დივიზიონის საუკეთესო მეგოლე გახდა. ნაკრებს რაც შეეხება, მის რიგებში მარცვალაძემ მხოლოდ ქეცბაიას სადებიუტო შეხვედრაში (ესტონეთთან 2:1) ითამაშა, ბოლოში კი გუნდს სლოვენიაში იმიტომ ვერ გაჰყვა, რომ თბილისურ შეკრებაზე კუნთი დაიზიანა.
კვლავ დაიბრუნა ნომინანტობა სერბული “ვოიოვოდინას” 24 წლის მოთამაშე გიორგი მერებაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე იგი 2-ჯერ მოხვდა რჩეულ 22-ში და ორჯერვე გამარჯვებული გახდა. “მერებამ” სერბეთის მიმდინარე ჩემპიონატში 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა და აშკარაა, ადაპტაციის პერიოდი წარმატებით გაიარა (მაისამდე ამავე კლუბში გამართულ 15 მატჩში მან მხოლოდ ერთხელ გაიტანა). ერთადერთი, რასაც ვერ ახერხებს ნიჭიერი ქართველი გამტანი, ეს ნაკრებში გოლით თავის გამოჩენაა. წლეულს მან სულ 6 სანაკრებო შეხვედრა გამართა.
“ანჟის” 23 წლის კიპერ ნუკრი რევიშვილს, საკლუბო კონკურენციის გამო, მხოლოდ 14-ჯერ მოუწია მაჰაჩყალელთა კარში დგომა. ნაკრებში კი, ქეცბაია მას სხვებზე მეტად ენდობა – სულ 5-ჯერ ითამაშა ეროვნულში.
მეოთხედ ხდება ჩვენი ნომინანტი რუსული ლეგიონის კიდევ ერთი წარმომადგენელი ლაშა სალუქვაძე. მან ყაზანის “რუბინში” 2010 წელს 10 პრემიერლიგური მატჩი ითამაშა, ნაკრებში კი თემურ ქეცბაიამ 4-ჯერ ათამაშა.
ერთ-ერთი წარმატებული სეზონი ჰქონდა 29 წლის დავით სირაძეს. ნალჩიკის “სპარტაკის” ფორვარდმა, ნაკრებში გამართულ 5 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და სამივე ძალზე მნიშვნელოვანი. კლუბს რაც შეეხება, იური კრასნოჟანმა იგი 25-ჯერ ათამაშა და ქართველმა თავდამსხმელმა აქაც 3-ჯერ შეძლო რუსეთის პრემიერლიგის კიპერთა დამწუხრება, მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესო რუსული კლუბის – ცსკა-ს მეკარისაც (თანაც, იმ მატჩში, რომელიც მოსკოვში გაიმართა, “ნალჩიკმა” სწორედ სირაძისა და გოგუას გოლებით დაამარცხა არმიელები).
გიორგი ხიდეშელი ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. “ზესტაფონის” მოთამაშე, ჩვენი ერთადერთი ნომინანტია, რომელსაც წლეულს ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია. სამაგიეროდ, იგი გაბელიას გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრების ბირთვის წარმომადგენელი იყო. იმერელთა 22 წლის მცველმა, 2010 წელს კლუბში სულ 34 მატჩი ითამაშა და ერთხელ გოლიც გაიტანა.
ჩვენი ერთ-ერთი სტაბილური ნომინანტია ინგლისის ჩემპიონლიგის “რედინგის” 29 წლის მცველი ზურაბ ხიზანიშვილი. მისთვის წელი პრემიერლიგურ “ბლექბერნში” სათასო მატჩით დაიწყო, მერე “რედინგში” ჯერ იჯარის წესით გადაბარგდა, ხოლო შემოდგომიდან ვადიანი კონტრაქტით. “ხიზანამ” მიმდინარე წელს სულ 26 საკლუბო და 7 სანაკრებო შეხვედრა ითამაშა.
24 წლის აკაკი ხუბუტიამ, ქართველ რჩეულთა შორის მოხვედრა სტაბილური საკლუბო გამოსვლით დაიმსახურა. რუმინულ “გაზ-მეთანში” მან წლეულს 32 მატჩი გამართა და მეტოქე კიპერებს 2 თავური გაუტანა. ნაკრებში მისი დებიუტი კი, სლოვენიასთან, კახა კალაძესთან ტანდემში, დაცვის ცენტრში შეუცვლელი თამაშით აღინიშნა.
↑ მაღლა
კითხვები ნომინანტთა პირველ მწვრთნელებს
1. გაგიგიათ თუ არა “მსოფლიო სპორტის” SMS-გამოკითხვის შესახებ და რა აზრის ხართ მასზე?
2. თუ იცით ამ გამოკითხვის პრინციპი და რას შეცვლიდით?
3. შარშანდელი გამოკითხვიდან დაწყებული, SMS-ის ღირებულება 6 თეთრია, ადრე 50 თეთრი იყო. როგორ ფიქრობთ, ეს მომენტი მნიშვნელოვნად გაზრდის გამოკითხვაში მონაწილეთა რიცხვს?
4. თქვენი აზრით, რა შანსი აქვს თქვენს აღზრდილ ფეხბურთელს ამ გამოკითხვაში და როგორ დაახასიათებდით მას.
5. თქვენი აღზრდილის გამოკლებით, ვის მიაკუთვნებდით პირველ ადგილს?
6. იცით თუ არა, რომ გამარჯვებულის პირველ მწვრთნელს წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, “მსოფლიო სპორტისგან” სტიპენდია გადაეცემა?
ზორბეგ ებრალიძე (გურამ კაშიას პირველი მწვრთნელი)
1. გამიგია, რომ ტარდება.
2. კარგი პრინციპია და არაფერს შევცვლიდი.
3. თავისთავად, სად 50 თეთრი და სად - 6. უფრო ხელმისაწვდომია.
4. გურამ კაშია ერთ-ერთი უნიჭიერესია მათ შორის, ვინც გამიწვრთნია. გუნდს რომ თამაშის წინ ვარიგებდი, მას არაფერს ვეუბნებოდი, რადგან იმდენად ჭკვიანი და მოაზროვნე იყო, არ სჭირდებოდა ზედმეტი ახსნა. მოსამატებელი აქვს სიწრაფეში, მოძრაობაში. და კიდევ, “ვიტესში” მარჯვენა მცველად ათამაშებენ, რაც მისი პოზიცია არაა. ალბათ, მიხვდებიან და ადგილს შეუცვლიან, გურამი ტიპიური ცენტრალური მცველია. რა შანსი აქვს ნომინაციაში გამარჯვებისა? არ ვიცი, როგორ გითხრათ...
5. არ მიფიქრია. ალბათ, მთავარ დასაყრდენად ნაკრების თამაშები უნდა ავიღოთ და ამ მხრივ, მალხაზ ასათიანს გამოვარჩევდი.
6. არ ვიცოდი. ეს ძალიან კარგია.
ვახტანგ კოპალეიშვილი (აკაკი ხუბუტიას პირველი მწვრთნელი)
1. არ ვიცოდი ამგვარი ამბის შესახებ.
2. არ შევცვლიდი. რატომ უნდა შემეცვალა? ყველაფერი ნორმალურადაა.
3. ალბათ, დიდი მნიშვნელობა ექნება. 6 თეთრი გაცილებით იოლი გასამეტებელია.
4. ძალიან მშრომელი ბიჭია. ბავშვობაშიც ასე იყო, მისგან სიზარმაცე გამორიცხულია. ქვიშაზე ვთამაშობდით და იქაც არ ერიდებოდა ფეხებში ვარდნებს და ასე შემდეგ. ფიზიკურად ძლიერია, ეფექტურია მაღალ ბურთებზე. სამუშაო კიდევ ბევრი აქვს, თანამედროვე ფეხბურთში უფრო სწრაფი აზროვნებაა საჭირო. თემურ ქეცბაიამაც დაუფასა. ქეცბაიას არ შეეშლება ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება. ვფიქრობ, აკაკის შეუძლია ეროვნულ გუნდში სრულფასოვნად დამკვიდრება. ამ ნომინაციაში გამარჯვების შანსი? გააჩნია, როგორ გადაწყვეტენ გულშემატკივრები.
5. გამიჭირდება არჩევა. ალბათ, ჯანო ანანიძე საუკეთესოა შემქმნელებიდან. დაცვაში ალეკო ამისულაშვილს გამოვარჩევდი. მაინც ძნელი ასარჩევია.
6. ძალიან კარგი. არ ვიცოდი.
ვანო ყურულაშვილი (კახა კალაძის პირველი მწვრთნელი)
1. არ გამიგია.
2. გამოკითხვის პრინციპი თქვენგან გავიგე და მისაღებია. არ შევცვლიდი.
3. ...
4. დავახასიათებდი როგორც მოწინავე ფეხბურთელს. მიყვარს მისი თამაშის ყურება. ჩემთან გაიზარდა და მაგაზე ცუდს ვერ ვიტყვი. ყველანაირად პატივს ვცემ. როდესაც შეცდომას უშვებს, ძალიან განვიცდი, მაგრამ უშეცდომო არავინაა. გამოკითხვაში რა შანსი აქვს, ვერ გეტყვით. მასზე უკეთესი ვინ უნდა იყოს?
5. ყველაზე წინ კახას დავაყენებდი. შესაძლოა, ამ მომენტში ვიღაც უკეთ თამაშობს, მაგრამ ისე ვერ ვიზამ, რომ სხვა დავაწინაურო და კახა გვერდზე გავწიო.
6. არ ვიცოდი, მაგრამ კარგია.
↑ მაღლა