თვრამეტმატჩიანი მოუგებელი სერია, „ზუგდიდმა“ შაბათს, ბოლნისის „სიონთან“ მატჩში დაასრულა და მოგების გემოც გაიხსენა. მასპინძლები იმდენად კონცენტრირებული იყვნენ შეხვედრისთვის, რომ საწყისი წუთებიდანვე მძლავრად შეუტიეს მეტოქეს და ხუთწუთიან ინტერვალში, ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. მიუხედავად ზუგდიდელთა იერიშებისა, მოხდა პირიქით - სწრაფი გოლით ბოლნისელები დაწინაურდნენ, როცა ბიბილეიშვილის შორეულ გადაცემას ყველაზე დროულად ლადო ახალაია გამოეხმაურა და თავური დარტყმით, მე-8 წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა. ამან, ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია მასპინძლებში და ცოტა ხანში, უპირატესობას მთლიანად სტუმრები დაეუფლნენ, მაგრამ ეს მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდში მოხდა. ოდიშელებმა ნელ-ნელა სათამაშო ტემპსაც უმატეს და ბურთზე კონტროლიც მოიპოვეს. სხვათა შორის, სტუმართა კიპერი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბოლნისელთა რიგებში. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ზუგდიდელთა შეამდგენლობაში პირველად ითამაშა ეგვიპტელმა ლეგიონერმა ამირ მეგაჰედმა, რომელიც მართალია, მეორე ტაიმის დასაწყისში (მას კუნთი დაეჭიმა) შესაცვლელი გახდა, მაგრამ ჩატარებული თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, მისი ზუსტი შორეული გადაცემები და საჰაერო ორთაბრძოლები ურიგო ნამდვილად არ ყოფილა. შედეგს მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ მიაღწიეს, როცა მათი ერთ-ერთი შეტევისას, ლუკა გუგუჩიამ მიღებული პასით ბურთი ერთი შეხებით ძლიერად, კარისკენ გადაგზავნა, იქ ბოლნისელთა ერთ-ერთმა მცველმა ხელით ითამაშა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი უყოყმანოდ დანიშნა, სტუმრებს კი, ეს გადაწყვეტილება არც გაუპროტესტებიათ. პენალტი თავად გუგუჩიამ უნაკლოდ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ, სიხარულიას საუცხოო სოლო რეიდი ვიხილეთ. ზუგდიდელთა კაპიტანმა ოთხი მეურვე ტექნიკური მოძრაობით უკან ჩამოიტოვა და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვიდან, მერლანს ძლიერად დაურტყა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, სტუმართა მეკარე საუკეთესო იყო და ამ ეპიზოდშიც ზუსტი აღმოჩნდა.
ზუგდიდელებმა გატანილი გოლიდან ოთხ წუთში მეორედაც დაამწუხრეს მეტოქე და თავად დაწინაურდნენ. ამ ეპიზოდში წურწუმიამ ითამაშა კარგად და ბურთი მერლანის კარის ბაქანთან ჩაჰკიდა, მირცხულავამ თავური დარტყმით კარის ზედა ძელს გაარტყა, გადმოვარდნილი ბურთი კი, ძლიერი თავურით, აფაქიძემ ისევ კარისკენ მიაბრუნა და “ზუგდიდი” დააწინაურა. ამით, მასპინძელთა შეტევები არ ამოწურულა. 36-ე წუთზე, გუგუჩია ცრუმოძრაობით ორ მცველს გასცდა და პირდაპირ გამჭოლი გადაცემა გააკეთა მეტოქის კარისკენ, იქ კი, წურწუმიამ ცაციათი შეუჩერებლივ კარისკენ გადაგზავნა და მერლანმა ბურთი აკრობატულ ნახტომში მოიგერია. ცოტა ხანში ეხვაიამ დაარტყა თავით სახიფათოდ და ბურთი „სიონის“ კარის ბადეს ზემოდან დაეცა. ტაიმის მიწურულს, იმავე ეხვაიამ დაარტყა კარისკენ, მაგრამ მერლანმა მოიგერია.
მეორე ტაიმიც მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და პირველივე წუთზე მათ სახიფათო სტანდარტული შეასრულეს. გუგუჩიამ ისე ძლიერად დაარტყა, რომ მერლანს ბურთი, შეიძლება ითქვას, პირდაპირ მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ამის შემდეგ, მასპინძლებმა ერთგვარი შტურმისმაგვარი მოაწყვეს “სიონის” კარის მისადგომებთან, მაგრამ წურწუმიას, გუგუჩიას, ეხვაიას, კანკიას და ხუბუას მცდელობებს ანგარიში არ შეუცვლია. 63-ე წუთზე გუგუჩიამ დაჰკრა ისევ ძლიერად და კვლავ მერლანმა იმარჯვა. მალე, ორივე გუნდის ხელმძღვანელებმა შეცვლებს მიმართეს, სტუმრებმა წინა ხაზი გააძლიერეს, ხოლო ზუგდიდელებს ოდნავი დაღლა დაეტყოთ და მოედნის ცენტრისკენ გააკეთეს აქცენტი. შეხვედრის ბოლოსკენ, მასპინძლები როგორც კი ფიზიკურად მოეშვნენ, ბოლნისელებმა მეტოქის ნახევარზე ზეწოლა გააძლიერეს და ერთ ეპიზოდში გოლიც გაიტანეს, მაგრამ თანამსაჯმა ახალაიაზე თამაშგარე დააფიქსირა და მიკუჩაძის გოლი არ ჩათვალა. ამან სტუმრების გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა არბიტრმა გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. შეხვედრა კი „ზუგდიდმა“, ანგარიშით 2:1 მოიგო.
კობა წიტაიშვილი (“ზუგდიდი”): „მთელ ზუგდიდს ვულოცავ ამ გამარჯვებას და მინდა გითხრათ, რომ დღეს, წარმატებას გუნდური თამაშის წყალობით მივაღწიეთ. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ჩვენი ფეხბურთელები სათანადო სათამაშო ფორმისგან ჯერ კიდევ შორს არიან და ეს, მეორე ტაიმის ბოლოსკენ აშკარად დაგვეტყო, მაგრამ ზუსტად ამაზე ვმუშაობთ და მალე, სრულ კონდინციამდე მივალთ. უშუალო კონკურენტთან მოგება ორმაგად სასიხარულოა, “სიონს” კი წარმატებებს ვუსურვებ“.
გიორგი კიკნაძე (“სიონი”): „ამ შეხვედრისთვის, ეტყობა, “ზუგდიდი” უკეთ მომზადებული აღმოჩნდა და მათ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს, რასაც ვულოცავ კიდეც მასპინძლებს. ჩვენ კი, მომდევნო ტურისთვის გავაკეთებთ უკვე აქცენტს, რათა ღირსეულად დავუხვდეთ „ვიტ ჯორჯიას“. რაც შეეხება არჩათვლილ გოლს, კადრების ნახვის შემდეგ მოგვეცემა ზუსტი დასკვნების გაკეთების საშუალება“.
ზუგდიდი-სიონი 2:1 (2:1)
ზუგდიდი, „განმუხური“. 31 აგვისტო
ზუგდიდი: მამალაძე, მეგაჰედი (შ.ლომია 56), ქვარცხავა, აფაქიძე, კანკია, მირცხულავა, გ.ხუბუა, სიხარულია, წურწუმია (პაჭკორია 75), გუგუჩია (რიგვავა 69), ეხვაია
სიონი: მერლანი, ტვილდიანი, თოთაძე, სვანიძე, ქემოკლიძე, განუგრავა (მიკუჩაძე 46), პარუნაშვილი, ლობჟანიძე (უგულავა 60), გოგობერიშვილი (აფციაური 76), ბიბილეიშვილი, ლ.ახალაია
გოლი: 0:1 ახალაია (8), 1:1 გუგუჩია (29 პენ), 2:1 აფაქიძე (34)
გაფრთხილება: გუგუჩია (25), მირცხულავა (35), გოგობერიშვილი (64), ახალაია (67), უგულავა (89)
მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე
| 1. | ვიტ ჯორჯია | 4 | 2 | 1 | 1 | 6:2 | 7 | |
| 2. | ჭიათურა | 3 | 2 | 0 | 1 | 7:4 | 6 | |
| 3. | ბოლნისი | 4 | 2 | 0 | 2 | 6:4 | 6 | |
| 4. | მერანი | 4 | 2 | 0 | 2 | 4:5 | 6 | |
| 5. | მეტალურგი | 3 | 1 | 2 | 0 | 4:3 | 5 | |
| 6. | ტორპედო | 2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 | |
| 7. | დინამო თბილისი | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | |
| 8. | დილა | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | |
| 9. | ზუგდიდი | 4 | 1 | 1 | 2 | 3:6 | 4 | |
| 10. | გურია | 3 | 1 | 0 | 2 | 1:5 | 3 | |
| 11. | ზესტაფონი | 3 | 0 | 1 | 2 | 3:5 | 1 | |
| 12. | სპარტაკი | 2 | 0 | 0 | 2 | 1:4 | 0 |
გელა ფარცვანიას ფოტოები









