ფეხბურთი

14:06 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონს" აყადაღებენ

სერგო ფუტკარაძე: "გააჩნია, ვის რომელი კლუბის ვიმპელი უკიდია კაბინეტში"


15 ივნისს "ზესტაფონს" დაახლოებით 50000 ლარი ქონების გადასახადი უნდა გადაეხადა, თუმცა, კლუბში შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს თანხა ვერ მოიძია და როგორც კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ "მსოფლიო სპორტს" აცნობა, კლუბის ანგარიშებს უახლოეს საათებში ყადაღას დაადებენ. ეს თანხა იმიტომ იყო გადასახდელი, რომ კლუბი ქონებას ფლობს - მაგალითად, ბაზას, მინდვრებს, სტადიონს.

"უახლოეს საათებში ველით შეტყობინებას, რომ კლუბის ანგარიშები დაყადაღებულია. აქ საუბარი სწორედ იმ უსამართლო სქემაზეა, რომელზეც ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიდის საუბარი: ამ თანხას კერძო კლუბიდან მაინც ამოიღებენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ კლუბზე ან კლუბებზე გადაანაწილებენ... გააჩნია, რომელი კლუბის ვიმპელი უკიდია თავის კაბინეტში ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელსა თუ მინისტრს... მით უმეტეს, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით ყველამ ვნახეთ, რომ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს კაბინეტში საპატიო ადგილას გორის "დილას" ვიმპელი ჰქონია გამოკრული", - გვითხრა სერგო ფუტკარაძემ.

ესღა აკლდა "ზესტაფონს"... შეხსენებისთვის, ეს ერთადერთი კლუბია, რომელიც უმაღლეს ლიგაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. სხვა მხრივ, სიახლე არაფერია გარდა იმისა, რაზეც გუშინაც დავწერეთ, კერძოდ, მოლაპარაკება დაიწყება და გაირკვევა, რა დოზით მიხედავს ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლება "ზესტაფონს". და თუ ამ მხრივ დახმარება იქნება, ალბათ, ილია კოკაიაც დაბრუნდება კლუბში.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096697