”ზესტაფონმა” მზადების პირველი ეტაპი დაასრულა და ავსტრიული მეტოქეების ვინაობაც გაარკვია
ორიოდ დღეში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის მზადების ციკლში ავსტრიაში დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრება. საქართველოს ჩემპიონები კარგად ნაცნობი ტიროლის მხარისკენ გეზს 26 ივნისს აიღებენ და ბინას კიტცბიუელის ოლქის დაბა ფიბერბრუნში დაიდებენ.
ზესტაფონელთა პრეს-სამსახურის ცნობით, ალპურ შეკრებაზე, გუნდი პირველ საკონტროლო შეხვედრას რუმინული ფეხბურთის წარმომადგენელ, ქალაქ პლოეშტის ”ასტრასთან” ითამაშებს. რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ პლოეშტელებთან იმერლების დაპირისპირება 29 ივნისს შედგება და ადგილობრივი დროით 14:30 საათზე (თბილისის დროით – 16:30 საათი) დაიწყება.
მარგველები მეორე სპარინგ-მატჩს 2 ივლისს ჩაატარებენ. ამჯერად, მათი მეტოქე პლოვდივის ”ლოკომოტივი” იქნება. საინტერესოა, რომ ეს პლოვდიველთა და ზესტაფონელთა პირველი შეხვედრა არ იქნება. ამ კლუბების ”გაცნობა” 2011 წელს მოხდა – ”მარბელიას” თასის გათამაშების ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში, ქართველებმა ბულგარელებს 3:0 სძლიეს.
ტიროლში გასამართ მესამე შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუმინული ფეხბურთის უტიტულოვანესი კლუბის – ბუქარესტის ”სტიაუას” წინააღმდეგ 7 ივლისს გამართავს, ხოლო წლევანდელ ავსტრიულ შეკრებაზე თავის დასკვნით მატჩს იმერლები 10 ივლისს ჩაატარებენ. ქართველთა ბოლო მეტოქე ჩეხეთის მოქმედი ჩემპიონი ლიბერეცის ”სლოვანი” იქნება.
ავსტრიაში გამგზავრებამდე, ”ზესტაფონმა” ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადების პირველი ეტაპი ორმხრივი შეხვედრით დაასრულა. გია ჭიაბრიშვილმა ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად – ”მწვანეებადა” და ”წითლებად” დაჰყო და დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საინტერესო თამაშიც გაჩაღდა.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:
”მწვანეები”: მამალაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, კობახიძე, გაგოშიძე, ელიავა, მენთეშაშვილი, ბაბუნაშვილი, აფციაური, სარდალიშვილი, დვალი.
”წითლები”: კვასხვაძე, ღონღაძე, თედო გრიგალაშვილი, საჯაია, რაჟამაშვილი, მუჯირი, გორგიაშვილი, გუგუჩია, კვერნაძე, ოვონიკოკო.
შეხვედრა, რომელშიც 10-კაციანმა გუნდებმა ორი 30-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, ”წითლების” შეტევებით დაიწყო და მალევე მათ ანგარიშიც გახსნეს – მე-7 წუთზე ზურაბ მამალაძის კარი იომი ოვონიკოკომ თავური დარტყმით აიღო. პირველი ტაიმის დასკვნითი ნაწილი ”მწვანეთა” უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა მათ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში ”წითლებმა” ოპონენტთა დამწუხრება კიდევ ერთხელ მოახერხეს. 35-ე წუთზე ანგარიში ორამდე ოთარ კვერნაძემ გაზარდა. მატჩის დასკვნითი ნაწილი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა საბოლოოდ ანგარიში აღარ შეიცვალა – 2:0.
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მცირე პრობლემის გამო, გასულ ”შიდა დაპირისპირებაში” მონაწილეობა ლევან შარიქაძემ, ალექსი ბენაშვილმა და გურამ სამუშიამ ვერ მიიღეს. ყველა ეს ფეხბურთელი მზადების პროცესს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.









