რაგბი

20:09 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი “ავჭალაზე” გაირკვევა

“თბილისის კავკასიელებმა” “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველ მატჩი იტალიაში, ადგილობრივ “როვიგოსთან” 4 ქულის სხვაობით დათმო, რაც რაგბიში დიდი არაფერი უპირატესობაა და ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელის ვინაობაც ერთი კვირის თავზე თბილისში გაირკვევა.

ქართველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მე-3 წუთზე ირაკლი ყიასაშვილმა არეკნით გახსნა. მას ორჯერ მიეცა ჯარიმიდან უპირატესობის გაზრდის შანსი, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მე-14 წუთზე გიორგი შკინინმა ლელო გაიტანა და რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, სტუმრები 8:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ უპირატესობა იტალიელთა მხარეს გადავიდა. მათ ჯერ ჯარიმით შეამცირეს სხვაობა, მერე ორი ლელო გაიტანეს (მეორე ბოლოსწინა წუთზე), ერთი გარდასახვა გამოიყენეს და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმი კვლავ ქართველთა უპირატესობით დაიწყო, დარტყმის უფლება ბექა წიკლაურმა გადაიბარა და 43-ე წუთზე სხვაობის შემცირება სცადა, მაგრამ ბურთმა ძელებსშორის არ გაიარა. მან სხვაობის შემცირება 65-ე წუთზე მოახერხა, 71-ეზე კი, გიორგი შკინინმა მეორე ლელო გაიტანა, დუბლი შეასრულა და წიკლაურის ზუსტი გარდასახვის შემდეგ “კავკასიელები” 18:15 დაწინაურდნენ. დასკვნითმა წუთებმა იტალიელთა იერიშებში ჩაიარა. ქართველები დიდი ხნის განმავლობაში აკავებდნენ მეტოქეს წითელ ზოლში, მაგრამ ბოლოს “როვიგომ” ლელოს გატანა მაინც მოახერხა, გარდასახვაც ზუსტი იყო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

22:18 იტალიელთა სასარგებლოდ და წინ განმეორებითი მატჩია, რომელიც 27 სექტემბერს, “ავჭალაზე” 17 საათზე დაიწყება. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ “კავკასიელების” ღირსეული დებიუტი შედგა, მაგრამ ეს საკმარისი არაა, ბიჭებს სავსე ტრიბუნების მხარდაჭერა ჭირდებათ და ოქტომბრიდან ქართული საკლუბო რაგბი ევროპულ მარაქაში გაერევა. პირველ ჯგუფში ამ წყვილის გამარჯვებულს ისეთი სახელოვენი გუნდები ელიან, როგორებიც უელსის “კარდიფ ბლუზი”, ინგლისური “ლონდონ აირიში” და ფრანგული “გრენობლი” არიან და იქ თამაშს საქართველოს წარმომადგენელი ნამდვილად იმსახურებს. 

0.158065