რაგბი

0:17 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ყოჩები” “აიას” ძლევით გალიდერდა

ბოლნისის “ყოჩებმა” მესამე ტურის პირველ სათამაშო დღეს თბილისის “ლელო სარასენსსა” და რუსთავის “ხარებს” შორის ფრედ დასრულებული შეხვედრით ისარგებლა, ქუთაისის “აია” 30:14 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

ქუთაისელებს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც კლერმონში “აკადემიების გამოწვევა” მოიგო, რამდენიმე მორაგბე ჰყავდათ მივლენილი, რის გამოც სათადარიგოთა სკამზე სულ 3 მორაგბე დარჩათ და თამაშის გადადებას ითხოვდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. თავის მხრივ, ტრავმების გამო სამი წამყვანი მორაგბე “ყოჩებსაც” აკლდა, მაგრამ მათ ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი თამაში აჩვენეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და პრემიალური ქულისთვისაც გაიბრძოლეს, მაგრამ საბოლოოდ 4 ქულას დასჯერდნენ.

მატჩის დებიუტში ქუთაისელები ხშირად თამაშობდნენ ფეხით და მეტოქის შეცდომას ელოდნენ, ხოლო “ყოჩები” ხაზის გაჭრას ცდილობდა. მასპინძელთა მცდელობებმა შედეგი მალევე გამოიღო და მე-2 წუთზე თემურ სოხაძეს 47 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ორიდე წუთში 40 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა - 3:0. ქვემოქართლელებმა მალე ლელო გაიტანეს, როდესაც შავლეგ მახარაშვილის ფეხით გადაკიდებულს ლევან გოგოლაშვილი აყვა და ბურთი მეტოქეს ცხვირწინ ააცალა, მერე იერიშში მიხეილ არჩუაშვილი ჩართო, რომელმაც ალამთან ლელოში გიორგი ბეგაძე შეუშვა, თუმცა, რეფერიმ წინ პასი დააფიქსირა.

“ყოჩებმა” საკუთარ სტილს არც ამის შემდეგ უღალატა, გუნდი ბურთის სწრაფად გაშლით ფლანგებზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა და მე-17 წუთზე გოგოლაშვილმა ითამაშა ფეხით, მას გიორგი აფციაურმა დაასწრო, მაგრამ მიერიშის პრესინგის ქვეშ აუტში გადავიდა. 5-მეტრა დერეფანი რატი ურუშაძემ მოიგო, მოლით შეუტია და გიორგი ტყეშელიაძემ ლელო გაიტანა, ხოლო სოხაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ტაიმის შუაში თამაში გათანაბრდა, გაგა სინაურიძე დავით ხიდეშელს გაუსხლტა და ლელოში გიორგი ფრუიძე დაგეშა, ხოლო აფციაურმა გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა.

მაგრამ შესვენებამდე მოვლენები ლოგიკურად განვითარდა. ბოლნისელები მეტოქეს ჯობდნენ დერეფანში და ხელით თამაშში, რაქების გაწმენდაში და სოხაძემ ჯარიმით ანგარიში 13:7 გახადა. აფციაურს 55 მეტრიდან ჯარიმა რომ გაუცუდდა, საკუთარ 22-ში “ყოჩებმა” აუტი სწრაფად გაითამაშა, შავლეგ მახარაშვილმა ფეხით გადაიკიდა და ბურთი მეტოქის ნადავლი გახდა, მაგრამ იქვე დაკარგა, მახარაშვილი თამაშს რომ არ გამოეთიშა, ბურთი აიტაცა და ძელებსშუამდე ირბინა. “აიას” კიდევ ერთ აცილებულ ჯარიმას მორიგი ლელო მოყვა. ამჯერად ფეხით მოკლეზე სოხაძემ გადაიკიდა, ბურთს თავადვე დაეუფლა და ორ მცველს შორის შესულმა ლელოში ირაკლი გეგენავა შეუშვა. სოხაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 27:7 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქუთაისელებმა ცოცხლად დაიწყეს და ლელოს გატანის შანსიც მალევე მიეცათ. ფრუიძემ ცრუმოძრაობებით სუფთად გაჭრა ხაზი და ჩათვლის მოედნამდე სულ ცოტა დააკლდა. იერიში მაინც გაგრძელდა და რატი გარუჩავა სინბინით დაისაჯა, მაგრამ “აიამ” ნაღდი 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩია. პირველ ჯერზე არაფერი გამოვიდა, თუმცა, მერე სტუმრებმა ორჯერ გადაკვეთეს ჩათვლის მოედნის ხაზი და პირველ ჯერზე რეფერიმ ლელო ვერ ჩათვალა, მაგრამ მეორე ჯერზე გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ ხელი აღმართა და სინაურიძემაც გარდასახვით სხვაობა შეამცირა.

გარკვეული პერიოდი “ყოჩები” პრემიალურ ქულაზე თამაშობდა, მაგრამ ლელო რომ ვერ გაიტანა და დროც ცოტა რჩებოდა, სოხაძემ ჯარიმით ანგარიში 30:14 გახადა. დასკვნით 10 წუთში მასპინძლებს დაცვაში მოუწიათ თამაში და სინბინით ჯერ გაგა მაისურაძე დაისაჯა, მერე კი, დავით გრძელიშვილი, თუმცა, “აიას” ლელოს გასატანად დრო აღარ დარჩა და ბოლნისი უქულოდ დატოვა. “ყოჩებმა” აქტივს 4 ქულა შემატა, პირველ საფეხურზე აღზევდა და კვირის თავზე “თიბიეს უნივერსიტეტის” ძლევით ერთთვიან შესვენებაზე ლიდერის რანგში გასვლას ეცდება. 

თბილისში გამართული ორი მატჩიდან ერთში, “შევარდენზე” “თიბიეს უნივერსიტეტმა” “ბათუმს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ გამოცდილებამ თავისი გაიტანა და პირველი გამარჯვება ზღვისპირელებს დარჩათ.

“ლოკომოტივისა” და “ჯიქების” შეხვედრა ჩაშლის პირას იყო, რადგან “ავჭალაზე” დაზიანების გამო ელექტროენერგია გამოირთო. საბოლოოდ, გუნდები შეთანხმდნენ, რომ “შევარდენზე” ითამაშებდნენ, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეს მიაშურეს და მატჩი 22 საათზე დაიწყო. კარგა ხანს გუნდები ტოლსწორად იბრძოდნენ, მაგრამ საბოლოოდ “ლოკომოტივმა” 16:3 გამარჯვება მოახერხა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

III ტური

31 აგვისტო

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 150 მაყურებელი

ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი) 30:14 (27:7)

ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი, 13. ხარშილაძე (მელაძე 76), 12. გარუჩავა (გაბუნია 74), 11. გეგენავა, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 51), 2. ხიდეშელი (სვანიძე 66), 3. ხოსიტაშვილი (შენგელია 57), 4. არჩუაშვილი, 5. ურუშაძე (ილიაევი 79), 6. ნ. აფციაური (მაისურაძე 66), 7. ტყეშელიაძე, 8. კიკვიძე (გრძელიშვილი 47).

3 ლელო: ტყეშელიაძე, მახარაშვილი, გეგენავა

3 გარდასახვა: სოხაძე

3 ჯარიმა: სოხაძე

3 სინბინი: გარუჩავა (47), მაისურაძე (79), გრძელიშვილი (80)

აია: 15. გ. აფციაური, 14. ბ. ტორაძე, 13. ფრუიძე, 12. კიკვაძე, 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე, 9. თუთბერიძე; 1. რატიაშვილი, 2. მატკავა, 3. გ. ტორაძე’უფრ (გ. ტორაძე’უმც 51), 4. მარშანია, 5. (დ. ლოსაბერიძე 51), 5. ჩიტეიშვილი, 6. შაშიაშვილი, 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი.

2 ლელო: ფრუიძე, ლოსაბერიძე

2 გარდასახვა: აფციაური, სინაურიძე

რეფერი: ტრაპაიძე

კიდეებზე: თევზაძე, აბულაშვილი

 

თბილისი. “შევარდენი”. 600 მაყურებელი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 9:23 (6:10)

თიბიეს უნივერსიტეტი: 15. მერკვილიშვილი (ღამბაშიძე 46), 14. ლაზარიშვილი, 13. კორკელია (შალიკაშვილი 15), 12. მოლოდინაშვილი, 11. ჯოგლიძე, 10. მჭედლიშვილი, 9. ნარსულაევი; 1. ორაგველიძე (თედორაძე 43), 2. სუთიძე (გაგნიძე 43), 3. ფსუტური (ხაბაშვილი 70), 4. მახარაძე, 5. ნიშნიანიძე (ჯულუხაძე 61), 6. ნიბლაძე, 7. ელბაქიძე, 8. არველაძე.

3 ჯარიმა: ჯოგლიძე

1 სინბინი: არველაძე (41)

ბათუმი: 15. კობახიძე, 14. ნინიძე, 13. კვერნაძე, 12. გაგოშვილი (გიორგაძე 73), 11. ევგენიძე (გ. თუთბერიძე 73), 10. ჯიმშელაძე, 9. ზაბახიძე (ზ. თუთბერიძე 71); 1. ხოჭოლავა (კელენჯერიძე 72), 2. ცხოვრებაშვილი (ცირეკიძე 73), 3. გიგაშვილი, 4. ალიქაძე, 5. ხელაძე (გუგუშვილი 74), 6. თხილაიშვილი, 7. კორტავა, 8. თხელიძე.

2 ლელო: გიგაშვილი, თხელიძე

2 გარდასახვა: კობახიძე

2 ჯარიმა: კობახიძე

1 არეკნი: ჯიმშელაძე

3 სინბინი: გაგოშვილი (23), თხილაიშვილი (41), ჯიმშელაძე (72)

რეფერი: ამაშუკელი

კიდეებზე: ლემონჯავა, მოგელაშვილი

 

თბილისი. “შევარდენი”.

ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 16:3

 

   1    ყოჩები                             3              3               0               0               63–30              12          
   2 ხარები   3   2      1   0   92–47    11
   3 ლელო სარ.   3   2   1   0   66–41    10
   4 არმია   3   2   0   1   40–68    8
   5 ლოკომოტივი   2   1   0   1   38–29    5
   6 ჯიქები   3   1   0   2   21–37    5
   7 აია   3   1   0   2   55–71    5
   8 ბათუმი   3   1   0   2   38–54    4
   9 თიბიეს უნივ.   3   0   0   3   51–73    2
  10 არმაზი   2   0   0   2   25–39    1

 

მომდევნო ტური. 6-7 სექტემბერი

ყოჩები - თიბიეს უნივერსიტეტი, აია - ლოკომოტივი, ჯიქები - არმია, არმაზი - ლელო სარასენსი, ხარები - ბათუმი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.342818