გულშემატკივრის სვეტი

10:20 | 14.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ყატარის მწველი მზე

მას შემდეგ, რაც ყატარი მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, სხვებთან ერთად, მეც გამიჩნდა სურვილი, რომ ამ ქვეყნის შესახებ უფრო მეტი გამეგო. მით უმეტეს, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, ეს პაწაწკინტელა არაბული სახელმწიფო ავსტრალიისა და შეერთებული შტატების მსგავს, პლანეტის ჰეგემონ ქვეყნებს არჩია და ბევრი ქომაგი დატოვა პირდაღებული.
როდესაც საქართველოს მოქალაქე ხარ, სხვა ქვეყნის ტერიტორიული სიმცირის გამო ქილიკი, ცოტა არ იყოს უხერხულია, მაგრამ, ყატარი მაინც იმდენად პატარა ქვეყაანა, რომ ფეხბურთის თამაშის დროს, ბურთს ფეხს კარგა დაშხოშიანად თუ ამოარტყამ, შეიძლება ბურთი საუდის არაბეთში გადაგივარდეს. ეს ის საუდის არაბეთია, რომლის ველებზე წანწალისას, ერთი ახალგაზრდა თბილისელი ყმაწვილკაცი და მისი რუსი თანამგზავრი 3 წლის წინათ ბედუინებმა რომ დაიჭირეს და ტყვე-მძევლებს სახეზე ხელებს ისეთი გამეტებით უსვამდნენ, აშკარა იყო, რომ ერთიანად თეთრი და მზისაგან დაუწველი ადამიანი, აქამდე, მათ და მათ წინაპარსაც კი იშვიათად ენახათ.
და თქვენ ფიქრობთ, რომ ოცდაათიოდე წლის წინათ, ყატარი უკეთესი ქვეყანა იყო, ვიდრე მისი მეზობლები? კურთხეული ნავთობის აღმოჩენამდე, ყატარში ყოფნის დროს, ერთ-ერთი ფრანგი მოგზაური წერდა: “მინახავს აფრიკის ქვეყნებიცა და ცივი ევროპის (სკანდინავიის) დამშეული ხალხიც, მაგრამ გაჭირვება, რომელიც ყატარში ვნახე, უსაზღვროა და საზარელი. მე ვნახე ადამიანები, რომლებიც ნახევარი ლიტრი წყლისა და ერთი ნაჭერი ცხვრის ხორცისათვის, მთელი დღე უდაბნოში დგანან და ვაჭრებს ტვირთის ტარებაში დახმარებას სთავაზობენ“.
ფრანგი მოგზაურის ეს სიტყვები, ალბათ, სასაცილოდაც კი არ ეყოფა დღეს ყატარში ჩასულ ადამიანს. ამჟამად, ყატარი არაბული სამყაროს ნამდვილი მარგალიტია და მხოლოდ მენავთობეებს კი არა, რიგით ყატარელებსაც  იმაზე მეტად ულხინთ, ვიდრე ეს საქართველოში მცხოვრებმა კაცმა შეიძლება წარმოიდგინოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც წარმოუდგენლად ჩანს ფიფას გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვაზე პლანეტის მივიწყებულ კუნჭულში, სადაც, ასეთი დიდი ღონისძიების მასპინძლობის გამოცდილებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. წარმოუდგენლად ჩანს ერთი შეხედვით. ხოლო, თუკი უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით ფიფას გადაწყვეტილების მიზეზებს, უმალ “აღმოვაჩენთ“ - მსოფლიოს ჩემპიონატის სავარაუდო მასპინძელთა შორის, ყატარი ერთადერთი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ მასპინძლად არჩევამდე განაცხადა, რომ ჩემპიონატზე მონაწილე ოცდათორმეტსავე ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებსა და მთელს შტაბს, ჩემპიონატის განმავლობაში, საკუთარი ხარჯებით აცხოვრებდა ფეშენებელურ სასტუმროებში. შედარებით გაჭირვებული ქვეყნების ქომაგებს სუპერ-შეღავათიან საგზურებს გამოუყოფდა და ადამიანებს, ფაქტობრივად, კაპიკებად შეეძლებოდათ გამგზავრებულიყვნენ მუნდიალზე.
ამას გარდა, ყატარი კისრულობდა ფიფა-ს მთელი დელეგაციის საკუთარი ხარჯებით მიღებასა და გასტუმრებას და რაც მთავარია, ეს პატარა არაბული ქვეყანა არც კრედიტისა და მეტადრე არც გრანტის სახით, არ მოითხოვდა არც ერთ ცენტს საერთაშორისო ფონდებიდან მასპინძლობის ხარჯებში წასაშველებლად. ჰოდა, ჩემო ბატონო, სადაც ფულია, იქ ყველაფერი ადვილად გვარდება. ბევრი ფულით, ადვილად ააშენებ სტადიონსა და საწვრთნელ ბაზებს, მოაწყობ სასტუმროებსა და რესტორნებს, გააფართოვებ აეროპორტებსა და საავტომობილო ესტაკადებს, იყიდი მთელი პლანეტის სამყოფ ხორაგსა და სასმელ-საჭმელს... მაგრამ, არის ერთი სერიოზული „მაგრამ“ - ვერაფერს მოუხერხებ კლიმატს, რომელიც განგებამ საკუთრივ შენი ქვეყნისათვის დააკანონა და დაადგინა, რომ ზაფხულის დროს, ყატარში 50 გრადუსი სიცხე უნდა იყოს ჩამოწოლილი. სულ რომ კონდინციონერიდან მონაქროლი ნიავი მიიფრქვიო თავ-პირში, ვერაფერს მოუხერხებ უბედურ ფეხბურთელებს (ანუ, ჩემპიონატის უმთავრეს გმირებსა და მონაწილეებს), რომლებსაც თაკარა მზის ქვეშ მოუწევთ ოფლის ღვრა და უფრო მეტიც - წარმატებებზე ფიქრი.
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ სიცხის პრობლემასაც ტექნიკური საშუალებებით მოაგვარებენ და სტადიონებზე ზემძლავრ კონდინციონერებს დააყენებენ. კონდინციონერი მშვენიერი გამოგონებაა, მაგრამ მოდით ერთი წამით წარმოვიდგინოთ, ანდების, ანდა ალპების შვილი ჩილელი, ან შვეიცარელი ფეხბურთელი, რომელსაც სახეში კონდინციონერიდან დაბერილი გრილი ნიავი ელამუნება, თავზე კი, 50 გრადუსზე გავარვარებული აზიის მზე დაჰნათის. ხომ ადვილი წარმოსადგენია, რა “საოცრადაც“ გაირჯებიან აღნიშნული ქვეყნების ფეხბურთელები. და არა მხოლოდ ისინი... რომელ ჭკუათმყოფელ ბრაზილიელ ანდა ესპანელ ფეხბურთელს მიანიჭებს სიამოვნებას 10 დასიცხული და მატჩის რაც შეიძლება სწრაფად დამთავრებაზე მეოცნებე თანაგუნდელის ცქერა? მაგრამ, ეს ყველაფერი “მეორეხარისხოვანია“, როდესაც უდიდეს ფულზეა საუბარი. ფულზე, რომლითაც როგორც ერთ-ერთი რეკლამა გვამცნობს: “ყველაფერს ვერ იყიდი“, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აზიურ, გაუსაძლის სიცხეში დგახარ და ჯიბეში არამად ნაშოვნი ყატარული რიალები გიჩხრიალებს...

 

ლევან სეფისკვერაძე

 

0.09352