კალათბურთი

17:31 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატები სტრასბურგში განადგურდნენ, სლოვენიელები – ბელგრადში

ბოგდანოვიჩი ფორმაშია, ლაკოვიჩი კი საკუთარ თავს არ ჰყავს

2013 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და დღე ისე არ ჩაივლის, ევრობასკეტის მონაწილე გუნდებმა საკონტროლო მატჩები არ გამართონ. შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებს უახლოესი შეხვედრები 13 და 14 აგვისტოს სლოვენიაში ელით, როდესაც ჯერ ცელიეში, შემდეგ კი იეიენიცეში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს გაეჯიბრებიან. ამასობაში, მორიგი თამაშები მოილიეს ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა და არცთუ კარგი შედეგები აჩვენეს.

დავიწყოთ ხორვატიის ეროვნული გუნდით, რომელმაც საფრანგეთში სტრასბურგის ტურნირზე ითამაშა და დამაფიქრებელი შედეგიც დააფიქსირა – სამიდან სამი მარცხი. თანაც, თუკი მომავალ გამარჯვებულ საბერძნეთთან ორქულიან (85:87) მარცხში სასირცხვილო არაფერია, იგივეს ვერ ვიტყვით მასპინძელ საფრანგეთთან (60:92) და გერმანიასთან (63:73) წაგებებზე.

იასმინ რეპეშას შეგირდებს პირველი მატჩი სწორედ ბერძნებთან ჰქონდათ და მართალია, ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ, გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ. ხორვატებს 25 ქულით ბოიან ბოგდანოვიჩმა ულიდერა, 10-ქულიან ზღვარს კი მარკო ტომასმა (15) და როკო ლენი უკიჩმაც (14) გადააბიჯეს.

აღსანიშნავია, რომ ხორვატი კალათბურთელები ძალიან ხისტად ირჯებოდნენ და ერთბაშად 28 პერსონალური ფოლი მიიღეს. შედეგად, ბერძნებმა 31 საჯარიმო სტყორცნეს და 26 ჩააგდეს, ხორვატებმა კი 12-დან 10 ჯარიმა გამოიყენეს.

ამ ფაქტორთან ერთად, გადამწყვეტი ფარზე თამაში გამოდგა, სადაც რეპეშას ბიჭები ძალიან დაიჩაგრნენ. ხორვატიის ნაკრებმა მოხსნებში 20:32 წააგო და ეს სუსტ წერტილად მთელი ტურნირის განმავლობაში გაჰყვა. ცნობისთვის, ხორვატებმა საფრანგეთთან შეხვედრაში მოხსნებში 23:29 დათმეს, გერმანელებთან კი – 23:36, რაც მოახოებული ევრობაკეტის წინ, სამწვრთნელო შტაბისთვის ნამდვილად საგანგაშო ზარი უნდა იყოს.

ბერძნებთან მატჩისგან განსხვავებით, გამარჯვებულის ვინაობა ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ ფრანგეთან თამაშისას. მასპინძლებმა, რომელთაც შეუდარებელი ტონი პარკერი მეთაურობდა, სტრასბურგის “რენუსში” შეკრებილი 4800 ქომაგისთვის ნამდვილი შოუ დადგეს და სტუმრები 32 ქულის სხვაობით გაანადგურეს.

აღსანიშნავია, რომ იმ დღეს ფრანგებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ამდენად, მასპინძელთა თავკაც ვინსენ კოლეს ლიდერები დიდად არ დაუტვირთავს. იგივე პარკერმა 18 წუთს ითამაშა და 13 ქულას დასჯერდა, ხოლო მოედანზე ყველაზე მეტხანს ტომას უერტელი (4 ქულა, 7 პასი) გახლდათ და ეს დროც 22 წუთზე მეტი არ ყოფილა.

ფრანგებმა ხორვატებს საქმე პირველივე ტაიმში მოუთავეს, რომელიც 29 ქულით (51:22) მოიგეს. ამ ფიასკოს ფონზე სტუმართაგან შედარებით უკეთ ისევ უკიჩი (18 ქულა) და ბოგდანოვიჩი (13 ქულა) გამოიყურებოდნენ, ხოლო კრუნოსლავ სიმონმა, რომელიც ამჯერად სასტარტო ხუთეყლში მოხვდა, თამაშიდან 7-დან 7 ტყორცნა ააცილა.

როგორც სჩანს, ამ მძიმე მარცხმა ხორვატიის ნაკრებზე ძალიან დამთრგუნველად იმოქმედ და “ოთხთა ტურნირის” დასკვნით დღეს აუტსაიდერად მიჩნეულ გერმანიასთანაც კი ვერაფერი გააწყო. მანამდე, ფრანკ მენცის შეგირდებს საფრანგეთთან (66:74) და გერმანიასთან (52:80) უიმედოდ ჰქონდათ წაგებული, ხორვატებს კი 73:63 სძლიეს. თამაშის ბედი მე-2 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ხორვატებმა 13:31 (!) დათმეს.

რეპეშამ ამ მატჩშიც ექსპერიმენტს მიმართა და სასტარტო შემადგენლობაში ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი დონტეი დრეიპერი დააყენა, თუმცა, ამ უკანასკნელმა 8 წუთს უქულოდ ითამაშა და მოედანზე აღარც გამოჩენილა. სხვებზე უკეთ ამჯერადაც სტამბულის “ფენერბაჰჩეს” მსუბუქი ფორვარდი ბოიან ბოგდანოვიჩი გაისარჯა, რომელიც გასულ ტურნირზე ნაკრების აშკარა ლიდერად წარმოჩინდა. გერმანელებთან მისი მონაგარი 14 ქულა იყო.

ხორვატიის ეროვნული გუნდი სტრასბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა და 21 აგვისტომდე მორიგ შეკრებას გაივლის, რომლის განმავლობაშიც 4 საკონტროლო მატჩია დაგეგმილი. რეპეშას ბიჭები 15 და 16 აგვისტოს ჩერნოგორიას ეთამაშებიან, 18-ში და 19-ში კი უკვე ლატვიას უმასპინძლებენ. ისიც ვთქვათ, რომ გასული 5 საკონტროლო მატჩიდან ხორვატებს 4 აქვთ წაგებული...

შინაურ კედლებში მოპოვებული ზედიზედ 5 გამარჯვების (უკრაინასთან – 74:46, მაკედონიასთან – 63:54, ლატვიასთან – 71:67, სერბეთთან – 67:52, თურქეთთან – 72:53) შემდეგ, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ესტუმრა მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი სლოვენია.

ბოჟიდარ მალკოვიჩის შეგირდებმა “კომბანკ არენაზე” “ოთხთა ტურნირის” ნახევარფინალში თურქებს 55:54 სძლიეს, ფინალში კი სერბებთან 66:91 განადგურდნენ. როგორც აღვნიშნეთ, სულ ცოტა ხნის წინ, სლოვენიელებმა იმავე თურქებს და სერბებს, შესაბამისად, 21 და 15 ქულის სხვაობით დაჯაბნეს, ამჯერად კი, ვითარება კარდინალურად შეიცვალა.

თურქებთან მატჩი მეტად მწირქულიანი გამოდგა და გადამწვეტი ხორვატების ფარზე წარმატებული თამაში გამოდგა. რეპეშას შეგირდებმა საკუთარ ფარზე თითქმის იმდენივე მოხსნა გააკეთეს, რამდენიც მეტოქემ ჯამში (28:29), სულ კი ფარზე 40:29 იმარჯვეს და მართალია, 19-დან მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდეს, გამარჯვება მაინც მათ დარჩათ.

თურქებთან შეხვედრაში საუკეთესო გორან დრაგიჩი გახლდათ, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:30 წუთში 16 ქულა ჩააგდო. ამ მატჩში პირველად გამოჩნდა მოედანზე სლოვენიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იაკა ლაკოვიჩი, თუმცა, მან 16:30 წუთში ქულაც კი ვერ ჩააგდო და ბურთი 5-ჯერ დაკარგა...

ამის გამო იყო, თუ ზურგის ტრავმის გართულებას მოერიდა, მალკოვიჩს ფინალური მატჩის განაცხადში ლაკოვიჩი საერთოდ აღარ შეუყვანია, მის გუნდს კი სერბებმა ნამდვილი კოშმარი მოუწყვეს. ბელგრადულ არენაზე შეკრებილი 14 ათასი (!) ქომაგის მიერ შეგულიანებულმა მასპინძლებმა ცელიში განცდილი მარცხისთვის ღირსებული რევანში აიღეს და სტუმრები 91:66 გაანადგურეს.

ამჯერად, სლოვენიელები მეტოქეს მოხსნებში 27:38 ჩამორჩნენ, 17 დაკარგვა ჰქონდათ და 11 ჯარიმა ააცილეს, მათ შორის ერთადერთი ნათელი წერტილი კი ბოსტიან ნახბარი გახლდათ, რომელმაც თამაშიდან ერთბაშად 13-ჯერ ისროლა და 10 ქულას 4 მოხსნა წაამატა, სერბები კი მის წინააღმდეგ 9-ჯერ დაჯარიმდნენ.

სლოვენიის ეროვნულ გუნდს ევრობასკეტამდე 5 საკონტროლო მატჩი დარჩა და ხუთივეს შინ ჩაატარებს. 16 აგვისტოს მალკოვიჩის ბიჭები იესენიცეში ბოსნია-ჰერცეგოვინას უმასპინძლებენ, 18-ში ლიუბლიანაში – რუსეთს, 23-ში კოპერში – ჩერნოგორიას, 24-ში კოპერში – იტალიას, ხოლო 31-ში ლიუბლიანაში – საფრანგეთს.

 

სტრასბურგი ტურნირი

საბერძნეთი – ხორვატია 87:85 (17:16, 26:26, 27:18, 17:25)

ხორვატია: ტომიჩი (18 წ. 6 ქ.), ბოგდანოვიჩი (32 წ. 25 ქ. 3 მ. 3 პ.), ტომასი (24 წ. 15 ქ.), უკიჩი (26 წ. 14 ქ. 4 პ. 3 ჩ.), მარკოტა (27 წ. 4 ქ.8 მ. 4 პ.); ანდრიჩი (9 წ. 2 ქ.), დრეიპერი (13 წ. 6 ქ.), რუდეზი (9 წ.), სიმონი (15 წ. 9 ქ. 5 პ.), ა.დელასი (13 წ. 2 ქ.), ზორიჩი (12 წ. 2 ქ).

 

საფრანგეთი – ხორვატია 92:60 (28:14, 23:8, 21:22, 20:16)

ხორვატია: ტომიჩი (21 წ. 6 ქ. 4 მ.), ბოგდანოვიჩი (28 წ. 13 ქ.), უკიჩი (25 წ. 18 ქ.), სიმონი (24 წ. 2 ქ. 8 მ.), მარკოტა (18 წ. 4 ქ.); ანდრიჩი (3 წ.), დრეიპერი (14 წ. 4 ქ.), რუდეზი (22 წ. 7 ქ. 3 მ.), ა.დელასი (5 წ. 2 ქ.), ზორიჩი (18 წ. 4 ქ.), პლანინიჩი (8 წ.), მ.დელასი (13 წ.).

 

გერმანია – ხორვატია 73:63 (20:18, 31:13, 12:14, 10:18)

ხორვატია: ტომიჩი (5 წ. 3 ქ.), დრეიპერი (8 წ.), ბოგდანოვიჩი (32 წ. 14 ქ. 3 პ.), სიმონი (25 წ. 9 ქ. 3 პ. 3 ჩ.), მ.დელასი (21 წ. 9 ქ. 4 მ.); ანდრიჩი (23 წ. 5 ქ.), რუდეზი (21 წ. 9 ქ.), უკიჩი (18 წ. 8 ქ. 4 პ.), მარკოტა (12 წ. 2 ქ. 3 მ.), პლანინიჩი (12 წ. 2 ქ.), ა.დელასი (25 წ. 2 ქ. 3 მ.).

 

ბელგრადის ტურნირი

სლოვენია – თურქეთი 55:54 (15:19, 13:10, 12:15, 15:10)

სლოვენია: ლაკოვიჩი (17 წ. 3 მ. 3 პ.), მურიჩი (8 წ. 3 ქ.), ბლაჟიჩი (19 წ. 4 ქ. 7 მ.), ბეგიჩი (17 წ. 6 ქ. 5 მ.), ბალაჟიჩი (23 წ. 7 ქ. 5 მ.); იოკსიმოვიჩი (13 წ.), ნახბარი (17 წ. 2 ქ. 3 მ.), გ.დრაგიჩი (24 წ. 16 ქ. 3 პ.), ლორბეკი (15 წ. 4 ქ.), ვიდმარი (22 წ. 6 ქ. 9 მ.), პრეპელიჩი (6 წ.), ზ.დრაგიჩი (19 წ. 5 ქ.).

 

სერბეთი – სლოვენია 91:66 (20:16, 28:20, 21:15, 22:15)

ხორვატია: მურიჩი (19 წ. 5 ქ. 3 მ.), ბლაჟიჩი (16 წ. 2 ქ.), ნახბარი (23 წ. 20 ქ. 4 მ.), გ.დრაგიჩი (15 წ. 9 ქ.), ბეგიჩი (11 წ. 4 ქ.), სლოკარი (8 წ. 2 ქ.), იოკსიმოვიჩი (18 წ. 4 ქ.), ლორბეკი (20 წ. 7 ქ.), ვიდმარი (21 წ. 7 ქ. 8 მ. 3 დ.), პრეპელიჩი (12 წ. 1 ქ. 3 პ.), ბალაჟიჩი (17 წ. 3 მ.), ზ.დრაგიჩი (21 წ. 5 ქ.). 

 

ევრობასკეტის სხვა მონაწილეთა მატჩები

8 აგვისტო

რიგა. ლატვია – რუსეთი 72:52

 

9 აგვისტო

სტრასბურგი. საფრანგეთი – გერმანია 74:66

რიგა. ლატვია – რუსეთი 67:73

ბელგრადი. ჩერნოგორია – უკრაინა 73:61

 

10 აგვისტო

სტრასბურგი. გერმანია – საბერძნეთი 52:80

ბელგრადი. სერბეთი – უკრაინა 96:68

 

11 აგვისტო

სტრასბურგი. საფრანგეთი – საბერძნეთი 67:79

ბელგრადი. თურქეთი – უკრაინა 72:64

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135363