მადრიდის “რეალის“ მეკარე იკერ კასილასი და მისი მშვენერი საცოლე - სარა კარბონერო, კრიშტიანუ რონალდუსა და მის საცოლე ირინა შეიკთან ერთად, პაპარაცების ყველაზე “გემრიელ ლუკმად“ ითვლებიან. მაგრამ იკერი კრიშტიანუსგან განსხვავებით, შედარებით მშვიდ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას და ყოველნაირად ცდილობს, ფოტოობიექტივების “მზერას“ რაიმენაირად დაუსხლტეს, მაგრამ კვირა არ გავა ისე, რომელიმე ევროპულმა ბულვარულმა გამოცემამ მისი და კარბონეროს გრძნობათა მოზღვავების აღმბეჭვდელი ფოტოები რომ არ გამოაქვეყნოს.
რამდენიმე დღის წინ, “რეალის“ საწვრთნელი ბაზიდან საკუთარი ავტომობილით გამოსულ კასილასს, წინ თავზეხელარებული ჟურნალისტი გოგონა გადაუხტა. მეკარემ ავტომანქანა რის ვაი-ვაგლახით დაამუხრუჭა. მისდა ბედად, ჟურნალისტს არაფერი დაშავებია. სანამ ინციდენტით დაბნეული იკერი გონზე მოვიდოდა, ჟურნალისტი ავტომობილის ჩამოწეულ ფანჯარასთან მიიჭრა, ფანჯარაში თავი შეჰყო და კიპერს მიკროფონი ძალუმად ჩასჩარა პირში კითხვითურთ: “სარას ცოლად მოყვანას როდის აპირებო“. ინტერვიუს აღების ამ ყოვლად გიჟურმა მეთოდმა, გაწონასწორებული კასილასიც კი გამოიყვანა წყობიდან და პირთან მიტანილ მიკროფონში ხავერდოვან ესპანურ ენაზე ისეთი უხამსი რამე ჩაჰღრიალა, მის მთრთოლვარე თანამემამულეს - ხუან რამონ ხიმენესს დარდის ცრემლს რომ მოადენდა.
ამ ინციდენტის შემდეგ, კასილასმა მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამის შემდეგ, ინტერვიუს მხოლოდ მათ მისცემს, ვინც წინასწარ შეუთანხმდება. პირად საკითხებზე კი, იმ შემთხვევაში ისაუბრებს, თუკი სრული გარანტია ექნება, რომ ჟურნალისტი მის სიტყვებს “კუდებს“ არ მოაბამს...







