20:44 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

წინამძღოლი

ტოტალიზატორი „ლიდერბეთი“ უკვე ტრადიადქცეული საღამოების მოწყობას აგრძელებს ქართული სპორტის ლეგენდარულ სპორსმენებთან. ამჯერად მან ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონს  შოთა ხაბარელს უმასპინძლა. „ქართული სპორტის ლიდერები“  - ასე ჰქვია ამ შეხვედრებს და შინაარსით ბატონი შოთა ყველაზე მეტად შეეფერება ამ სახელწოდებას. თავად განსაჯეთ, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი ქართული ძიუდოს ნამდვილი ლიდერი, წინამძღოლი გახლდათ.

ძიუდოში აქტიური ვარჯიში 1970 წელს დაიწყო და მალევე მოხვდა საქართველოს ნაკრებში, შემდეგ იყო საკავშირო გუნდი და პირველ წარმატებას 1978 წელს მიღწია - შოთა ხაბარელმა მაშინ ჯერ ვარშავის გრან პრი, შემდეგ კი სოციალისტური ქვეყნების პირველობა მოიგო. ბატონი შოთას სპორტული კარიერის პიკი მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე მოდის. 1980 წლის ოლიმპიადაზე მან დამაჯერებელი ასპარეზობით ოქროს მედალი მოიპოვა. აქტიური სპორტული კარიერა შოთა ხაბარელმა 1986 წელს დაასრულა, ტიტულები კი უხვად მოიხვეჭა - ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს პირველობებზე სხვადასხვა სინჯის 5 მედალი, პრესტიჟული ტურნირების ცხრაგზის პირველობა, საკავშირო ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონობა - ამ არასრული სიის გაცნობითაც  ახალგაზრდა თაობის გულშემატკივრებს გარკვეული წარმოდგენა შეექმნებათ შოთა ხაბარელის ღვაწლსა და ოსტატობაზე.

ხაბარელის სამწვრთნელო კარიერა კი კიდევ უფრო წარმატებული (ყოველ შემთხვევაში, თავად ბატონი შოთა ასე თვლის) გამოდგა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ორჯერ გახდა მსოფლიოს, სამჯერ კი – ევროპის ჩემპიონი. ასეთი მიღწევა ძიუდოში თითქმის არავის ჰქონია. გაზრდილი ჰყავს ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები. საქართველოს ნაკრები ყველა ჩემპიონატზე ყოველთვის ერთ-ერთ მოწინავე გუნდად ითვლებოდა. თავად კი ევროპაში ოთხგზის საუკეთესო მწვრთნელად  აღიარეს. მიღებული აქვს ღირსების სამი ორდენი, ერთი – ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი.

არც საბჭოთა ქვეყნებში და არც საქართველოში არ ყოფილა პრეცედენტი, ოლიმპიურ ჩემპიონს აღეზარდა რამდენიმე ოლიმპიური ჩემპიონი. ყოფილა ისეც, რომ დიდ სპორტსმენს სამწვრთნელო კარიერა ვერ აუწყვია, მაგრამ ხაბარელის შემთხვევაში ასე არ მოხდა. მან შეძლო ძალიან კარგი ურთიერთობა დაემყარებინა სპორტსმენებთან, ჩამოაყალიბა საკუთარი სადამრიგებლო მიდგომა. შოთა ხაბარელის მწვრთნელობის პერიოდში გახდნენ ირაკლი ცირეკიძე და ზურაბ ზვიადაური ოლიმპიური ჩემპიონები. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 2004 წელს, პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე ზვიადაურის გამარჯვების შემდეგ აიწია ჩვენი ეროვნული დროშა და გაისმა საქართველოს ჰიმნი.

„ლიდერ-ბეთში“ ჩატარებული საღამო ჟურნალისტებს ლევან სალუქვაძესა და ჯამლეთ ხუხაშვილს მიჰყავდათ. მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ქეთევან ლოსაბერიძემ, ვაჟა კაჭარავამ, ვახტანგ ბლაგიძემ, რაფაელ ჩიმიშკიანმა, ლერი ხაბელოვმა, თემურ ხუბულურმა, ჟურნალისტებმა ელგუჯა ბერიშვილმა, თენგიზ გაჩეჩილაძემ, გია გორგოძემ, დავით ქლიბაძემ, გოჩა კაჭარავამ, გია პლატონიშვილმა, ირაკლი თავაძემ, ელენე ბილიხოძემ, მიხეილ აბაიშვილმა, თენგიზ პაჭკორიამ, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა თამაზ თევზაძემ (მინისტრის მოადგილე) და ირაკლი დოლაბერიძემ (სპორტის დეპარტამენტის უფროსი) შოთა ხაბარელის სპორტულ მიღწევებზე, მაღალ ადამიანურ თვისებებზე ისაუბრეს და სამომავლო წარმატება უსურვეს.

0.444109