XXIII ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის, ს/კ “მეტალურგის” წილობრივი ხვედრის 97% რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე მოდის. ქარხნის მხრიდან ზედამხედველის რანგში დანიშნული ბუბა ტყავაძე “მსოფლიო სპორტს” გუნდის უახლოეს გეგმებზე ესაუბრა. მანამდე გეტყვით, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სამშაბათს 2012 წლის პირველ საკონტროლო მატჩში ბოლნისის “სიონს” 2:1 მოუგო.
ბუბა ტყავაძე: “თურქულ შეკრებაზე წასვლამდე დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი მატჩი. წინასწარი მოლაპარაკებით, 20 იანვარს გორის “დილა” რუსთავში უნდა გვეწვიოს.
ანთალიაში 25-ის გამთენიისას მივემგზავრებით, სადაც ოთხ საკონტროლო შეხვედრის გამართვა გვსურს. 27 იანვარს მოლდოვის “შერიფს” ვეთამაშებით, 30-ში - ყაზახურ "ასტანას“, 2 თებერვალს - რუმინეთის “სპორტულს”. დაზუსტების სტადიაშია 5 თებერვლის მატჩის მეტოქე. სავარაუდოდ ისიც რუმინეთის უმაღლესი ლიგის გუნდი იქნება.
- გუნდი დაცვის წამყვან ფიგურას - ალექსანდრე კვახაძეს შეელია, რაც, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი გახლდათ.
- კვახაძე კლუბს ტრანსფერზე ჰყავდა დაყენებული და ველოდით, რომელ კლუბს ექნებოდა მისი გამოსყიდვის სურვილი. როგორც თავად ფეხბურთელს ჰქონდა ჩვენთვის ნათქვამი, მას უნდოდა, გადასულიყო უფრო ძლიერ ლიგაში. უცხოეთში მისი წასვლის პროცესი დროში გაიწელა, ბოლო მომენტში ქუთაისის “ტორპედომ” გამოთქვა სურვილი და შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, მასთან კონტრაქტიც გააფორმა.
- კვახაძეს “მეტალურგთან” კონტრაქტი კიდევ რა ვადით აკავშირებდა?
- იმ კონტრაქტით, რომელიც კლუბში ჩემი მოსვლისას დამხვდა, მას ჩვენთან 2012 წლის მაისის ბოლომდე უნდა ეთამაშა.
- გამოდის, კლუბმა “ტორპედოში” მისი გადასვლით იხეირა...
- გააჩნია, როგორ შეხედავ კაცი - ან ჩვენ ვიხეირეთ, ან ქუთაისის “ტორპედომ”.
- ამ ფეხბურთელის გარდა, კიდევ ვინ გამოაკლდა “მეტალურგს”?
- ჩვენი გუნდის წევრები აღარ არიან პავლიაშვილი და ჩადუნელი.
- შევსებასაც მიიღებდით...
- ავიყვანეთ სევასტი თოდუა, თბილისის “დინამოდან” იჯარით გვყავს გიორგი თექთურმანიძე და “ვიტ ჯორჯიადან” - ირაკლი სიხარულიძე.
- ამით გუნდმა დაამთავრა დაკომპლექტება, თუ კიდევ გყავთ სინჯებზე ისეთი ფეხბურთელები, რომელთა დამატების შანსი არსებობს?
- დაკვირვების არეალში გვყავს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ოფიციალურად გამოვაცხადებთ.
- გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რა შედეგს მიიჩნევთ მისაღებად?
- ჩემპიონობას და თასის მოპოვებას.
ფრიდონ კერვალიშვილი







