“სადაურსა სად წაიყვანო“ - ეს გამოთქმა ყველაზე მეტად ინგლისური “ვულვერჰემპტონის“ 35 წლის ქომაგზე, ვინმე ბრიან როკოზორზეა ნათქვამი. “ვულვზის“ თავგადაკლული ქომაგი მიანმაში, სლოვაკი მამისა და რუმინელი დედის ოჯახში დაიბადა. ბრიანი მიანმაში მხოლოდ სამი წელი ცხოვრობდა. ამის შემდეგ, ამ უცნაური წარმომავლობისა და სვე-ბედის მქონე კაცს მშობლებთან ერთად თუ მათ გარეშე შვიდი ქვეყანა მოუვლია.
უცხოვრია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: მავრიკი, სოლომონის კუნძულები და ყაზახეთიც კი... ბოლო რვა წელია, რაც ბრიან რიკოზორი ინგლისში დამკვიდრდა და “ვულვზის“ ფანთა მარაქაში ისეთი შემართებით გაერია, რომ ინგლისელმა ჟურნალისტებმა ის ცოტა ხნის წინ, წლის საუკეთესო გულშემატკივრად დაასახელეს.
სამწუხაროდ, არ გვინახავს და შესაბამისად, ვერც შევაფასებთ იმას, თუ რამდენად კრეატიული და გულმხურვალე ქომაგობა იცის ბატონმა ბრიანმა, მაგრამ მისი მრავალფეროვანი წარსულის მქონე ადამიანს მრავალფეროვნება რომ არ ესწავლება – ეს კი ცხადია. ბრიან როკოზორს ინგლისელი მეუღლე და ერთი ვაჟიშვილი ჰყოლია. შვილისთვის მრავალი საინტერესო ამბავი, აბა, მას ექნება მოსაყოლი თუ ექნება...







