სხვა

13:40 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ისელიძე: “საფრანგეთთან მოგების შანსი იყო, ახლა რუსეთთან მატჩისთვის ვემზადებით, უნდა გავიმარჯვოთ! “

“საფრანგეთის გუნდთან  შეხვედრისას საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს გამარჯვების შანსი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, - უთხრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ისელიძემ “მსოფლიო სპორტს”, - ყველამ დაინახა, რომ ფრანგებთან ჩვენმა გუნდმა იბრძოლა, თავიდან უპირატესობას ვფლობდით, რაც ანგარიშზედაც აისახა, შემდეგ იყო თანაბარი თამაში, მოგვიანებით კი ფრანგები დაწინაურდნენ, ჩვენი ბიჭები ცდილობდნენ ანგარიშის შემცირებას და მატჩის შემობრუნებას. წავაგეთ (6:10), თუმცა წარმატების შანსი გვქონდა”.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში საფრანგეთის ნაკრების ფანები ძალიან აქტიურები იყვნენ ტრიბუნაზე, ჩვენ გუნდს კი მხარს უჭერდნენ ქართველ ქომაგთა მცირერიცხოვანი ჯგუფის წევრები და უნგრელი გულშემატკივრების ნაწილი, მათ შორის ნორჩი უნგრელი წყალბურთელები (იხ. Fფოტო).

Aახლა საქართველოს ნაკრები რუსეთის გუნდთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც 25 ივლისს, საღამოს გაიმართება. ისელიძე ამბობს: “რუსეთის ნაკრებთან  გამარჯვებას ორმაგი მნიშვნელობა ექნება: ერთი, რომ ამ ჩემპიონატში მე-11 ადგილს დავიკავებთ. მეორეც, ეს იქნება ჩვენი სპორტული რევანში 19 ივლისის მარცხისთვის. იმ დღეს საქართველოს  ნაკრები რუსეთის გუნდთან გამარჯვებასთან ახლოს იყო. ბიჭებს მოსაგებად ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, პირველ რიგში ძალიან ტენდენციური მსაჯობის გამო, რომელმაც  იმოქმედა მატჩის მსვლელობასა და შედეგზეც”.

იმ მატჩის შემდეგ რუსეთის წყალბურთელთა დელეგაციის ერთერთი წევრი ჩემთან, როგორც ქართველ ჟურნალისტთან მოვიდა და გულწრფელად მითხრა: არ ინერვიულოთ, საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს. საინტერესო თამაში გამოვიდა, თუმცა დღეს იღბალი რუსეთის მხარეზე იყოო.

საქართველოს ნაკრების ქომაგები კი ვიმედოვნებთ, 25 ივლისს იღბალი უკვე ჩვენ მხარეზე იქნება და ჩვენი ბიჭები გაიმარჯვებენ.

 

თენგიზ პაჭკორია, ბუდაპეშტიდან სპეციალურად  www.worldsport.ge

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები

0.199313