გულშემატკივრის სვეტი

9:48 | 17.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვითომ, უბრალო ამბავი

მალტასთან ახლოს მდებარეობს ციცქნა კუნძული, სახელად გოცო, რომელიც ტერიტორიულად მალტასვე ეკუთვნის. რით შეიძლება გამხდარიყო კუნძული გოცო ქართველებისათვის საინტერესო? ძალიან ბევრიც რომ იფიქროთ, მაინც გაგიჭირდებათ ამის მიხვედრა...
31 მაისიდან ექვს ივნისამდე, კუნძულ გოცოზე იმართება უცნაური სახელწოდების საფეხბურთო ტურნირი, რომელსაც viva world cup-ი ჰქვია. ამ ტურნირზე, არაღიარებული ე.წ. სახელმწიფოების, ე.წ. საფეხბურთო ნაკრებები მონაწილეობენ (მთიანი ყარაბახი, ბასკეთი, დნესტრისპირეთი, ჩეჩნეთი და სხვა... თუმცა რამდენი ე.წ.-ც არ უნდა ვიძახოთ, ფაქტია, რომ ტურნირის ფრანგ ორგანიზატორს, ვინმე ჟან ლუკ კიტის, ეს ყველაფერი... რბილად, რომ ვთქვათ, დიდად არ აღელვებს. არაღიარებულთა ტურნირზე აფხაზეთისა და ცხინვალის გუნდებიც არიან მიწვეულნი. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ტურნირზე ჩატარებული მატჩების წინ, შესრულდება “ნაკრებთა” ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნები და გარეგნულად ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვეულებრივ ამხანაგურ ტურნირზე ხდება ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში გაეროს მიერ აღიარებული კოსოვოს ნაკრებიც მონაწილეობს, რაც viva world cup-სადმი ეჭვებს ამძაფრებს. ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკას ემიჯნებიან; რომ მათთვის ფეხბურთი მშვიდობის სიმბოლოა და არა ომისა და დაპირისპირების. მაგრამ ერთია სიტყვები და მეორეა რეალობა, რომელიც საქართველოსა და ქართულ ფეხბურთს ხელს ნამდვილად არ აძლევს.
კოკოითი კი, ბოლო დროს მთლად გათავხედდა და ამბობს: ‘ჩვენ, რუსეთის დახმარებით, ფიფამ უნდა გვაღიაროს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უნდა ვითამაშოთ”. ეს, ერთი შეხედვით სასაცილოა და სეპარატისტებმა ამდენს შეიძლება ვერასოდეს მიაღწიონ, მაგრამ რუსეთის უმაღლეს ლიგასა და ევროთასებზე თამაშს (ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ), შეძლებენ. რუსეთის სახელით, სავსებით შესაძლებელია, რომ ევროთასებზეც გავიდნენ. ყველაზე ამაზრზენი ის იქნება, ვინმე ქართველი ფეხბურთელი რომ იყიდოს სეპარატისტების გუნდმა.
კიდევ საინტერესო ფაქტია, რომ 2005-2006 წლების სეზონში, საქართველოს პირველი ლიგის კლუბ თამარაშენის “ლიახვში” თამაშობდა 8 ცხინვალელი ოსი, თუმცა მათ, კოკოითი ოჯახების აწიოკებით დაემუქრა და იძულებულნი გახდნენ, წასულიყვნენ გუნდიდან. მაშინ, თამარაშენს ჩვენ ვაკონტროლებდით და საშინაო თამაშებს “ლიახვის” ფეხბურთელები სახლში თამაშობდნენ.
აფხაზეთსაც ჰყავს არაღიარებული გუნდები, მაგრამ ისინი არ თამაშობენ რუსეთის ლიგაში, არა იმიტომ, რომ რუსეთი კეთილ ნებას იჩენს ჩვენს მიმართ, არამედ იმიტომ, რომ აფხაზებს, ე.წ. დამოუკიდებლობის პრეტენზია აქვთ. სხვათა შორის, აფხაზეთის არაღიარებულ ჩემპიონატში ქართველებით დაკომპლექტებული გალის “სამურზაყანოც” თამაშობს, რომელსაც მსაჯიდან დაწყებული, გულშემატკივრებით დამთავრებული, არავინ სწყალობს. ერთხელ მათ, ბაღაფშის ფავორიტ გუნდს, სოხუმის “ნართს” გასვლაზე 3:0 მოუგეს და გუნდის პრეზიდენტმა პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა ქართველ ფეხბურთელებს და რამოდენიმე დაჭრა, დანარჩენები კი სასტიკად სცემეს.
ერთხელ, კოლოსკოვის პრეზიდენტობის პერიოდში, აფხაზური კლუბები კიდეც ჩასვეს რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში. მაშინ, ჩვენი ფედერაცია, უფროსი ახალკაცის ხელმძღვანელობით, ჩაერია და აფხაზური კლუბები უეფამ და ფიფამ რუსებს მოახსნევინეს გათამაშებიდან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამ ფაქტის (მალტაში გასამართი ტურნირის) შეფასებისგან თავს იკავებენ და მათ ხელთ არსებულ ერთადერთ ბერკეტად, უეფაში საჩივრის წერილის გაგზავნა მიაჩნიათ. (სფფ-მ საპროტესტო წერილი უეფაში მაშინაც გააგზავნა, როდესაც რუსეთის მესამე ლიგაში არაღიარებული ცხინვალის “სპარტაკი” დაუშვეს, მაგრამ რეალური შედეგი მაშინაც არ ყოფილა და ეს პრეცენდენტი, საზოგადოებისათვის კვლავ ბუნდოვვნად დარჩა), ხოლო ტურნირს რაკი კერძო პირები (რომლებიც საკუთარ თავს თავისუფალ ბიზნესმენებს უწოდებენ) ატარებენ, მათთვის რაიმე სახის ტურნირის მოწყობის აკრძალვა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ირგვლივ ჩაკეტილი წრეა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ბევრი არაფერი შეუძლია, უეფაში იტყვიან, რომ - ვიღაცა სადღაც ტურნირს ატარებს, ჩვენ რა შუაში ვართო... მალტის ფეხბურთის ფედერაციაც მოიხსნის პასუხისმგებლობას, რადგან ტურნირზე საკუთრივ მალტის გუნდები არ მონაწილეობენ და გამოდის, რომ სეპარატისტული ფესვდოსახელმწიფოებისათვის, საფეხბურთო საზოგადოებში “ცხვირის შემოყოფა” არც ისეთი რთული ყოფილა. თითქოს ეს, მხოლოდ ფეხბურთია, მაგრამ ფეხბურთიდან, მოგეხსენებთ, ბევრი რამ იწყება.

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094725